Tuesday, September 10, 2013

         მოითხოვე და მოგეცემა

ჩვენ არ მოგვწონს ის ე. წ. დემოკრატია, თავს რომ გვახვევენ. გეთანხმებით, ასეცაა, მისაწონი არაფერია. მაგრამ ვინ არის ყველაფერ იმაში დამნაშავე, რომ ჩვენი აშენებული დემოკრატია ინვალიდია. ვინ და ჩვენ, ისევ ჩვენ,.. რადგან ჩვენ თავად ვაშენებთ იმ ქვეყანას, რომელშიც ვცხოვრობთ: გვეძლევა ის, რასაც ვთხოულობთ.

ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ გულში: პროტესტის გრძნობა მაშინ გვიჩნდება, როგორც კი ჩვენ, ან ჩვენს ოჯახებს შეეხება უსამართლობა; გვავიწყდება, რომ ვიღაცას შია, თუკი თავად მაძღრები ვართ; ვიღაცისაგან თავდადებას ვთხოულობთ და იმაზე არ ვფიქრდებით - თავად გვძალუძს რომ თავდადება; პატიოსნებას ვთხოულობთ და... თავად ხშირად ვღალატობთ საკუთარ მეობას, საყვარელ ადამიანს, ოჯახს, ერს... და შემდეგ - ეშმაკმა გვაცდუნაო...; ასეთი ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
მთელი ეს სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენი შინაგანი,  აუღიარებელი სურვილების ანარეკლია. მსგავსი მსგავსს იზიდავს და ჩვენი ე. წ. „რჩეულები“-ც ამიტომ არიან ასეთები: ვიდრე ადგილებზე მოჯდებიან მკერდზე მჯიღს იბრახუნებენ - ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას, გაჭირვებულს ფეხზე დავაყენებთ, ქვეყანას ავაშენებთ და დავამშვენებთო. მაგრამ, როგორც კი ადგილებზე მოჯდებიან მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას იშენებენ - ქადილი კი ქადილად რჩება.

დიდმა შოთამ ბრძანა - კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდებისო და ეს ჩვენი „რჩეულები“-ც იმას აკეთებენ, რაც შეუძლიათ, მათი დიაპაზონი მეტის გაკეთების საშუალებას არ იძლევა... ჰოდა, მოთხოვეთ!

ჩვენი საქმე ისეა, როგორც ბრეხტმა ათქმევინა აზდაკს თავის პიესაში „კავკასიური ცარცის წრე“:
-        -  მოსამართლე ვინ იქნება, მოსამართლე?
-        -  მღებავი, უბრალო მღებავი!..
ასეც შეიძლება ითქვას:
-        -  ჩვენს, უბრალო მოკვდავთა, „არ არჩეულთა“ უფლებებს ვინ დაიცავს?
-        -  ბოზი, ჩვეულებრივი ბოზი!!!

თუ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენ თავად ვჰქმნით, მაშინ ჩვენვე შეგვიძლია შევცვალოთ იგი და ავაშენოთ უკეთესი. რომ ააშენო, სიყვარულია საჭირო, სამყაროსი (ჩვენს შემთხვევაში, ქვეყნის) და ხალხის სიყვარული... ამისათვის კი, პირველ რიგში, თავად უნდა შევიცვალოთ.

მაცხოვარი გვასწავლის - შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიო. გვჯერა, ვიმეორებთ მაგრამ... - მოყვასს სტკივა, მოყვასს სცივა, მოყვასს შია... ჩვენ!!!... ჩვენ რას ვაკეთებთ!!!... დავფიქრდეთ და გულახდილი ვიყოთ, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან...
მაშინ რას ვერჩით ჩვენს „რჩეულებს“, ისინიც ხომ ისეთები არიან, როგორიც ჩვენ. სახარება გვასწავლის - ცოდვის ჩამდენი ცოდვის  მონააო, ჰოდა, ამოვიღოთ ის თვალი, რომელიც გვაცდუნებს.
ძირმაგარა ძირიანად უნდა ამორწყა, რომ ჩირქი მთელს ორგანიზმს არ მოედოს სისხლი არ მოწამლოს. ჰოდა ჯერ საკუთარი სურვილები გავასუფთავოთ ჩირქისაგან და შემდეგ მთლიანად - ერი. აი, ესაა ერთად ერთი გზა მომავლისაკენ, სხვა შემთხვევაში მომავალი არ იქნება. განა ღმერთმა არ თქვა, ხელი გაანძრიე და გიშველიო...

და კიდევ ერთხელ:
სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ, თავად ვჰქმნით და თუ ყველაფერი ისე ვერაა, როგორც საჭიროა, მხოლოდ ჩვენა ვართ დამნაშავე და ჩვენვე შეგვიძლია შევცვალოთ: დავანგრიოთ უნიჭოდ აშენებული და ისეთი ავაშენოთ, ჩვენც რომ მოგვეწონება და ჩვენს მომავალსაც.


10.9.2013

Sunday, September 8, 2013

პოეზია 10


 ***
ასე ცხოვრება თავად ვარჩიე,
მსურდა შემეცნო მთები,
ბევრი მინდოდა,
ცოტა შევძელი,
ყოველმხრივ დარდი მიტევს...
სამყაროს სევდა არ ყოფილიყო,
ვერას მიზამდა წლები,
თუ გსურს შემიცნო,
გულში ჩამხედე,
ის მთელ სამყაროს იტევს.

2.3.2010


 ***

შენ ბაფომეტთან ხარ წილნაყარი,
მენდესის თხაა შენი მსახური,
ბელიარივით სისხლით ვერ ძღები,
სიბნელესავით ხარ უსახური.

შენი სხეული, კასრს რომ ჩამოჰგავს,
ფეკალიების თავშესაყარი,
მზის ქვეშ სიმყრალე სუყველგან გამხელს,
არსად არა გაქვს თავშესაფარი.

შენ სათაელთან დადე პირობა
და ჩავაიოტს ექეც მსახურად,
ასპიტის შხამი გიდუღს ძარღვებში,
თავზე ჩარჩული ჩაჩი გახურავს.

შენ უკვე შიშით იხრჩობი ნეხვში,
ფუი ეშმაკს და ზურგი მიქნია,
ორივე ფეხით დგახარ ჰადესში,
გზაც იქ გქონია, ამინ! - მითქვია.


არა, არ იქნება

კაცის ცოდვებისგან ჰაერი დამძიმდა,
მიწა ტკივილისგან ბღავის.
ქუჩას მოსდებიან უსულო ზომბები,
სიცოცხლე აღარსად ყვავის.

სოდომი სამყაროს დაღუპავსო,..
ამით გვეშველება მერე?
ზეცა გაცეცხლდება, მიწა აფეთქდება
და ზღვა გადაყლაპავს გემებს.

მიწას, გადაბუგულ ქალაქებში,
ატომურ მტვერს აცლის ქარი,..
წვიმაში სველდებიან მუტანტები,
ხმაში შეპარვიათ ზარი.

არა, ეს ბოროტი სიზმარია,
ღმერთის სათნოების მჯერა,
განა სიყვარული სულ განქარდა,
გავხდეთ ლეგიონის წერა.

ნუთუ ბოროტება გაიმარჯვებს
და აღარ გატყდება ნავსი,
განა ოქრო-ვერცხლით იზომება
ქვეყნად სიყვარულის ფასი.

ვიდრე, ჩემო კარგო, შენი იმედი მაქვს
და არ დამიკარგავს რწმენა,
არა, არ მოხდება,.. არა, არ იქნება
ციდან ვარსკვლავების ცვენა.

ვიდრე კიდევ მძალუძს შენი სიყვარული,
ეშმა სიცოცხლეს ვერ წარხოცს.
მჯერა, დავამარცხებ ბოროტ არმაგედონს,
შენთვის მოვიპოვებ წალკოტს.

მზერას გაიტაცებს ლაღი სილაჟვარდე,
ცამდე აწოწილი მთები,
მიწა აყვავდება და მზით განათდება
სიცოცხლით გამთბარი გზები.

1.11.2009

 ***
ყოველ დილას დღე იწყება
და ტკივილი ახლდება,
თუ გულს ათბობს სიყვარული
კაცი ვეღარ წახდება.

გზას მივყვები თვალაკრული,
ბედი ცაში სწერია...
მე ისეთი ლექსი მინდა,
რომ ვერ დამიწერია.

მე ისეთი ჟამი მინდა,
სულიერი ხარობდეს,
მტრობა წარსულს ჩაბარდეს და
ყველა ერთურთს ყვარობდეს.

იმედს კაცი არ მოუკლავს,
ვარ გრძნობების მისანი...
მინდა რომ გულს ატოკებდეს
სიკეთის ჰქმნის მიზანი.

მინდა გული მზესთან ერთად
რომ სიხარულს ხვდებოდეს,
ძუნწი ოქროს არიგებდეს,
ცრუ ალალი ხდებოდეს.

ბილწს პირიდან შხამის ნაცვლად
მუდამ თაფლი სდიოდეს,
ობოლს ლუკმა არ უჭირდეს
და ბედს არ უჩიოდეს.

თუ მიზანი კეთილი აქვს,
კაცი რომ არ წვალობდეს,..
არ იცოდეს? სხვას უსმინოს
და მუდმივად სწავლობდეს.

ყოველ დილას, რიჟრაჟისას,
სიხარული განახლდეს,
გულს თუ ათბობს სიყვარული,
ვერაფერი წაგახდენს.

12.11.2009

 ***
თუ შიზოიდი დაჯდება ტახტზე,
უსამართლობას კანონი ჰქვია,
გააპროტესტებ? ორში ერთია,
გელის ან ციხე, ან შუბლში ტყვია.

მუდამ დაგდევენ უკან ბოზები,
სახლს მოედება ხავსი და ხვია,
ვერ ეგუები? გაქვს არჩევანი,
ციხე ბევრს იტევს,.. ან შუბლში ტყვია.

გიფათურებენ ჯიბეში ხელებს,
რაც გაქვს დაყაჭე, ჩვენს მეფეს შია,..
შენც მშიერი ხარ? ჰოდა იცეკვე,
ან აირჩიე - ციხე ან ტყვია.

საით მივდივართ მე ვერ გავიგე,
ნუთუ არ დარჩა სულში სინათლე,..
ღამეს დღე მოსდევს უცილობელად
და ბოლო სითყვას ამბობს სიმართლე.

13.11,2009

მომწერე რამე

საკანში სძინავთ, შენზე ფიქრში თენდება ღამე,
გახსოვარ ისევ? თუ გახსოვარ, მომწერე რამე.

მომწერე გზნებით, რომ კვლავ გესმის ჩურჩული ჩემი,
რომ კვლავ გიყვარვარ და დანიცდი ათასი წელი.

მომწერე, რომ კვლავ გენატრება ჩემი ხელები
და ელოდები იმწუთს, როცა მოგეფერები.

მომწერე ჩემო, მარტოობა რომ შენცა გტანჯავს,
გჯერა ჩემი და ყურს არ უგდებ არავის განსჯას.

მომწერე, რომ შენ მაინცა გწამს ჩემი სიმართლის,
გწამს, რომ უკუნეთს გავარღვევ და ვპოვებ სინათლეს.

დამამშვიდე, რომ ამ ქვეყნად არა ვარ ცალად,
მე გავმგელდები და ვიქცევი შენს დამცველ ძალად.

უშენოდ თითქოს დროც გაჩერდა და ვითვლი წამებს,
თუკი გახსოვარ, სიყვარულო, მომწერე რამე.
24.8.2009

ჩემს ოჯახს

ცა ჩამოინგრა, სარკმელთან ვდგავარ...
ტკივილიან ჟამს ცხოვრება ვერ ცვლის.
ახლა რასა იქმთ? აზრით თქვენთან ვარ
- მე უთქვენობა ვერ მომკლავს, შემშლის.

თითქოს სამყარო მოიცვა სევდამ...
წვიმა ნაკვალევს ყოველთვის ვერ შლის.
და მე გზას ვეძებ, მომავალს თქვენსკენ
- მე უთქვენობა ვერ მომკლავს, შემშლის.

არ მეშინია უხეში ძალის,
არცა მავანის უზნეო გესლის
და ჯურღმულებში ბორკილებს ვლეწავ
- უთქვენობა ხომ ვერ მომკლავს, შემშლის.

მე გამოვანგრევ ამ კედლებს, ვიწროს,
თუ თქვენ მიმიღებთ ტკივილით შეცვლილს
და გზას მოვნახავ თქვენსკენ მომავალს
- უთქვენობა ხომ დამტოვებს შეშლილს.

28.9.2009

 ***
მე, ოთხ კედელში გამოკეტილი,
ამბავს მოვუთხრობ სულებს,
ქვეყანა როგორ მიყავს უფსკრულში
დაუზარებელ სულელს.

თუ როგორ ურევს ერთი სულელი
ათი ათას ბრიყვს გზა-კვალს
და როგორ ძალუძს მთელი ქვეყანა
ტრუსში ჩასტენოს წაკლას.

თუ როგორ კიდებს ვიღაც ლაქიას
მკერდზე გმირობის ორდენს,
როგორ დაერქვა შოუ-ბიზნესი
სულელის პირად ბორდელს.

სულები ეჭვით შემომყურებენ,
ალბათ რაღაცას მასხრობს,
ასეთი რამე ნერონის შემდეგ
ისტორიას არ ახსოვს.

2.3.2010

 ***
რა უნდა დავარქვა...
ამბავი ძველია.
როდესაც გველს და ლომს
სდარაჯობს მელია.

როდესაც დათვებთან
ომს იწყებს კურდღელი
და როცა ტყეებში
მგლებს დასდევს პუდელი.

როდესაც თაგუნა
ფისუნას აშინებს.
ტერმიტი ჭრიჭინებს,
ჭრიჭინა აშენებს.

როდესაც ბოზობა
ღირსებად ითვლება
და როცა მავანი
შეშისგან ითლება.

რაც უნდა დავარქვა,
ამბავი ძველია.
აბსურდში ცხოვრება
ძალიან ძნელია.

28.2.2010

არ ვიცი ვინა ხარ

არ ვიცი ვინა ხარ,
მიშა ხარ,
გრიშა ხარ,
აფთარი ხარ თუ ჭაობის მწერი.
სიკეთის მოძულე სატანას უყვარხარ,
დრომ შენს მსგავსთ,
სუყველას,
დაადო მტვერი.

არ ვიცი ვინა ხარ,
გოგი ხარ,
მაგოგი...
დამიჯერე და
არც მინდა ვიცოდე,
სიკეთის მოძულეს ერთი დღეც დადგება,
კაცი არ დარჩება შენ რომ შეგიცოდებს.

არ ვიცი ვინა ხარ,
სადი ხარ,
მაზოხი...
შენს დემაგოგიას ვერაფრით ვწვდები.
შეხედე,
ბოღმისგან ხორცი გიმყრალდება
და ასე,
ყოველდღე ლპები და კვდები.

არ ვიცი ვინა ხარ,
საიდან მოხვედი,
სიკეთის მტერი ხარ,
სიცოცხლის მტერი...
ფუი და გამშორდი სატანის ნადავლო,
დე ქარმა განგქაროს როგორც რომ მტვერი.

1.3.2010




Wednesday, August 28, 2013

პოეზია 9

 ***
ღამით ქარი ამოვარდა,
ქარი, თუ ქარბორბალა,
დაჭრილივით ღრიალებდა,
გულზე სევდა მომგვარა.

ხეთ ჭახანი გასდიოდათ,
შველას მთხოვდნენ აგება,
ქარს რა ვუთხრა, ქარს არა აქვს
ცოდვა-მადლის გაგება.

ქარს კი არა, კაცს არ ესმის,
გასწყრომია განგება...
თუმცა, იქნებ მეცადა და
აგებ ქარი ჩადგება.

გარეთ გაველ და შევძახე
- ქარო, შენ თუ მიშველი,
შემომხედე, წინ გიდგავარ
მართალი და შიშველი.

რად მიმატებ გულში ტკივილს,
გინდა მიწას გამყარო?!
ჩვენ, ორთავეს ერთი რამ გვჭირს,
გვიყვარს ჩვენი სამყარო.

მაშინ რაღას მემართლები,
ქარო, არ გეყურება?!
ვერას შეცვლი ბობოქრობით,
გაუძელი ცდუნებას. –

ქარი ჩადგა,.. ნუთუ ესმის?!
აგებ ალღო ავუღე...
ქარს კი, მაგრამ კაცს რა უნდა,
ვერაფერი გავუგე.

18.9.2011

 ***
ქვეყანა აავსო ბალღამმა,
შიმშილი ზნეობას ჯაბნის.
ვიღაცამ მომენტი გაუშვა
და ახლა ქვეყნიდან გარბის.

ვიღაცამ ნამუსი გაყიდა,
იმ ფულით გაშალა სუფრა.
ერთი თუ მზის გულზე ნებივრობს,
სხვებისთვის ცა მოიქუფრა.

ვიღაცა წინაპრებს აგინებს,
მომავალს უტოვებს ვალებს,
მერე, რომ ამ მიწას ვერ იტანს,
ავა და ჰაერში დალევს.

ქვეყანა დასივდა ბოღმისგან,
შიმშილი ავიწყებს ტკივილს,
რას ველი ამ ჩვარი მოდგმისგან,
ღრიალის სანაცვლოდ კივის.

ხელგაწვდილს ვერავინ ვერა მცნობს
- რასა გვთხოვ, რაც არ გვაქვს თავად...
- მე თქვენი ერთობა მჭირდება,
სიყვარულს გთავაზობთ წამლად.

ხელს ჩაიქნევენ და გარბიან,
ალბათ და ვგონივართ ხელი
- მე თქვენთვის მოვედი ამ ქვეყნად,
გზა გამოვიარე გრძელი.

სხვამ მითხრა - მერე და ვინ გთხოვა,
ჩვენ ჩვენი დარდებიც გვთანგავს...
- ვერ ხედავთ, რომ ამ თქვენს ცხოვრებას
სატანა უაზროდ ფლანგავს!?

ქვეყანა გამხდარა თვითმკვლელი,
შიმშილი ზნეობას სჯაბნის,..
სატანა გვიწესებს მომავალს
და შემდეგ ფურცელზე ჯღაბნის.

16.8.2009

თამრის
ვეძებ, რას ვეძებ არ ვიცი,
ძებნა ან რაში მარგია...
ყოფიერებას განვიცდი,
თითქოს ზედმეტი ბარგია.

გზად მწუხრი შემომეპარა,
ყველა ნაბიჯი დარდია.
მიღმით გამირბის გონება,
კაცთაგან შორით კარგია.

ვეთამაშები სათაელს,
ჩვენი თამაში ნარდია.
ხან მე მიმართლებს, ხან იმას,
გადასახადი ნაღდია.

გზად გავალ, ფეხებს რომ მაგლეჯს
ნარ-ეკალ-ჭინჭარ-ბარდია.
გულის ჯიბეში რომ მიდევს,
შენთვის ნაკრეფი ვარდია.

ამით მოვდივარ შენამდე,
სხვა არც რა რამ მაბადია.
მოვალ და გეტყვი - ძვირფასო,
ყოფა უშენოდ დარდია.

25.8.2011

 ***
ჟამი იყო მოქუფრული,
ცას ცრემლები სდიოდა,
კაცი მოყვასს სისხლად სცლიდა,
მიწას გული სტკიოდა.

მგელმაც იცის მტერ-მოყვარე,
მტერთან ძალით ასდება,
კაცისათვის კაცზე უფრო
მეტად კატა ფასდება.

აბსურდამდე აკანონებს
ვისაც რა სურს, რაც იცის...
კაცზე უფრო მეტი ფასი
ბაზარზე აქვს დარიჩინს.

ვეღარ ვხვდები სად მივდივართ,
ცა ცრემლებად იღვრება...
უსისხლოდ და უსულგულოდ
რა ცხოვრება იქნება.

20.9.2011

ტკივილის სევდა
თითქოს მზე ისე ვეღარ ანათებს,
ცას დაჰკარგვია ჩვეული ფერი,
გულში შემყრია ტკივილის სევდა
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

თუ შინაურმა არ მიღალატა,
ვერას დამაკლებს მოსული მტერი,
მე ამ ღალატის ტკივილი მტანჯავს
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

ვიღაც არ მცნობს და ცდილობს გამსრისოს,
როგორც სუსტი და პატარა მწერი,
მე უმწეობის ტკივილი მახრჩობს
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

ჩემი სული ხომ უფლის წილია,
ჩემი სხეული სამყაროს მტვერი,
მე ამ სამყაროს ტკივილი მტკივა
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

8.9.2011

 ***
ო, ღმერთო, მე შენ მიყვარხარ და მოყვასიც მიყვარს,
მაგრამ ყოველთვის ვერ ვასრულებ შენთვის თქმულ სიტყვას.

ხშირად მიპყრობდა მიწის მტვრით ჰქმნილს სამყაროს სევდა,
და მიტევების ვერშემძლებელ სულს რისხვა სძლევდა.

შურს და სიხარბეს გავურბოდი, იმდენად მძაგდა,
ჩემი ცხოვრება ტრამალის მგლის ცხოვრებას ჰგავდა.

ღმერთო, ძალას გთხოვ, რომ წარმოვთქვა სახელი წმინდა,
გულში სიმშვიდე, სამყაროში ნათელი მინდა.

11.8.2011

ჩემს თამრის
მე მომავალს ჩავუკარი თვალი,
წარსულს ტანზე დავახვიე ხვია,
წინ რომ გზა გვაქვს ერთად განვვლევთ, ჩემო,
შენ ხომ ჩემი სიყვარული გქვია.

ჩვენ ხომ მრავალს გავუძელით ტკივილს,
გვიჭირდა და ერთად ვტეხდით ხმიადს,
მე შენს გამო გადავლეწავ ქაჯეთს,
მკერდს შევუშვერ შენთვის ნასროლ ტყვიას.

წინ რომ გზა გვაქვს, ერთად განვვლევთ, ვიცი,
გაგვიძღვება ჩვენი ანცი ბიჭი
და ავიღებთ ახალ სიმაღლეებს,
რადგან შემრჩა სიყვარულის ნიჭი.

სიყვარულმა მომიყვანა დღემდე,
წარსულს უკვე გადავუგდე ძვალი,
გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ, მჯერა,
მე მომავალს ჩავუკარი თვალი.

8.2.2010

თაგუნა
თაგუნამ კარგად იცოდა -
ოჯახის რჩენა ვალია,
მაგრამ გაჭირდა ცხოვრება,
ყველიც ვერ მოუპარია.

სადე არ დაძრწოდა საწყალი,
დარდებმა ხელი დარია,
მეუღლე სახლში არ უშვებს,
გამოუხურა კარია.

ბევრი ირბინა, თუ ცოტა,
განძი იპოვა ულევი,
თქვა - ოჯახს დავუბრუნდები,
რომ გავუხარო გულები.

ალბათ და, ჩემი წრუწუნა
უკვე ვაჟკაცი კაცია... –
მყისვე შინისკენ მოკურცხლა,
არც აცხელა, არც აცია.

როდესაც სოროს მიადგა,
...გული უცემდა ძალუმად,
კარი სიფრთხილით გააღო,
სახლში შევიდა მალულად.

მაგრამ, რას ხედავს, ოთახებს
მდიდრულ ავეჯით გაწყობილს,
ოქრო-ვერცხლსა და ნუგბარებს
მადის აღმძვრელად დაწყობილს.

შეწუხდა - ვაი ოჯახო,
ალბათ გაყიდეთ ადგილი,
უკაცოდ სულაც არ არის
თავის გატანა ადვილი.

ვინ იცის რასა იქმიან,
ცხოვრება არის მზაკვარი...
აგებ პატრონმა იცოდეს
ჩემი ოჯახის გზა-კვალი.

უცებ მოესმა კისკისი,
ხმა იცნო - ჩემი ცოლია...
ვიღაც სხვა თაგვთან არშიყობს,
თითქოს ქმარი არც ჰყოლია.

თავი ჩაღუნა თაგუნამ,
დრომ დაარღვია პირობა,
დღეს კაცი დანამატია,
ქალია წინაპირობა.


18.2.2010