Tuesday, September 10, 2013

         მოითხოვე და მოგეცემა

ჩვენ არ მოგვწონს ის ე. წ. დემოკრატია, თავს რომ გვახვევენ. გეთანხმებით, ასეცაა, მისაწონი არაფერია. მაგრამ ვინ არის ყველაფერ იმაში დამნაშავე, რომ ჩვენი აშენებული დემოკრატია ინვალიდია. ვინ და ჩვენ, ისევ ჩვენ,.. რადგან ჩვენ თავად ვაშენებთ იმ ქვეყანას, რომელშიც ვცხოვრობთ: გვეძლევა ის, რასაც ვთხოულობთ.

ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ გულში: პროტესტის გრძნობა მაშინ გვიჩნდება, როგორც კი ჩვენ, ან ჩვენს ოჯახებს შეეხება უსამართლობა; გვავიწყდება, რომ ვიღაცას შია, თუკი თავად მაძღრები ვართ; ვიღაცისაგან თავდადებას ვთხოულობთ და იმაზე არ ვფიქრდებით - თავად გვძალუძს რომ თავდადება; პატიოსნებას ვთხოულობთ და... თავად ხშირად ვღალატობთ საკუთარ მეობას, საყვარელ ადამიანს, ოჯახს, ერს... და შემდეგ - ეშმაკმა გვაცდუნაო...; ასეთი ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
მთელი ეს სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენი შინაგანი,  აუღიარებელი სურვილების ანარეკლია. მსგავსი მსგავსს იზიდავს და ჩვენი ე. წ. „რჩეულები“-ც ამიტომ არიან ასეთები: ვიდრე ადგილებზე მოჯდებიან მკერდზე მჯიღს იბრახუნებენ - ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას, გაჭირვებულს ფეხზე დავაყენებთ, ქვეყანას ავაშენებთ და დავამშვენებთო. მაგრამ, როგორც კი ადგილებზე მოჯდებიან მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას იშენებენ - ქადილი კი ქადილად რჩება.

დიდმა შოთამ ბრძანა - კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდებისო და ეს ჩვენი „რჩეულები“-ც იმას აკეთებენ, რაც შეუძლიათ, მათი დიაპაზონი მეტის გაკეთების საშუალებას არ იძლევა... ჰოდა, მოთხოვეთ!

ჩვენი საქმე ისეა, როგორც ბრეხტმა ათქმევინა აზდაკს თავის პიესაში „კავკასიური ცარცის წრე“:
-        -  მოსამართლე ვინ იქნება, მოსამართლე?
-        -  მღებავი, უბრალო მღებავი!..
ასეც შეიძლება ითქვას:
-        -  ჩვენს, უბრალო მოკვდავთა, „არ არჩეულთა“ უფლებებს ვინ დაიცავს?
-        -  ბოზი, ჩვეულებრივი ბოზი!!!

თუ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენ თავად ვჰქმნით, მაშინ ჩვენვე შეგვიძლია შევცვალოთ იგი და ავაშენოთ უკეთესი. რომ ააშენო, სიყვარულია საჭირო, სამყაროსი (ჩვენს შემთხვევაში, ქვეყნის) და ხალხის სიყვარული... ამისათვის კი, პირველ რიგში, თავად უნდა შევიცვალოთ.

მაცხოვარი გვასწავლის - შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიო. გვჯერა, ვიმეორებთ მაგრამ... - მოყვასს სტკივა, მოყვასს სცივა, მოყვასს შია... ჩვენ!!!... ჩვენ რას ვაკეთებთ!!!... დავფიქრდეთ და გულახდილი ვიყოთ, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან...
მაშინ რას ვერჩით ჩვენს „რჩეულებს“, ისინიც ხომ ისეთები არიან, როგორიც ჩვენ. სახარება გვასწავლის - ცოდვის ჩამდენი ცოდვის  მონააო, ჰოდა, ამოვიღოთ ის თვალი, რომელიც გვაცდუნებს.
ძირმაგარა ძირიანად უნდა ამორწყა, რომ ჩირქი მთელს ორგანიზმს არ მოედოს სისხლი არ მოწამლოს. ჰოდა ჯერ საკუთარი სურვილები გავასუფთავოთ ჩირქისაგან და შემდეგ მთლიანად - ერი. აი, ესაა ერთად ერთი გზა მომავლისაკენ, სხვა შემთხვევაში მომავალი არ იქნება. განა ღმერთმა არ თქვა, ხელი გაანძრიე და გიშველიო...

და კიდევ ერთხელ:
სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ, თავად ვჰქმნით და თუ ყველაფერი ისე ვერაა, როგორც საჭიროა, მხოლოდ ჩვენა ვართ დამნაშავე და ჩვენვე შეგვიძლია შევცვალოთ: დავანგრიოთ უნიჭოდ აშენებული და ისეთი ავაშენოთ, ჩვენც რომ მოგვეწონება და ჩვენს მომავალსაც.


10.9.2013

1 comment:

  1. ღმერთმა მიგვიშვა, რომ მივხვდეთ, მის გარეშე თუ როგორ ვცდებით :(

    ReplyDelete