Friday, June 28, 2013

                     არსობის მისტერია

1.სულიერი განვითარების გარკვეულ ეტაპზე ადამიანი კითხვებს უსვამს საკუთარ თავს: ვინ ვარ? საიდან მოვდივარ? სად მივდივარ?
მატერიალისტი გეტყვის თავის სახელს და გვარს, აგიწერს ყველა თავის ფიზიკურ მონაცემს (უკიდურეს შემთხვევაში გაჩვენებს საკუთარ ფოტოსურათს, რომელშიც ის საუკეთესო მხრიდანაა გადაღებული) და გეტყვის - ეს მე ვარ!
მაგრამ, განა მხოლოდ ეს ვარ? არა, ეს მხოლოდ ერთი წახნაგია იმ სივრცისა, რომელსაც მე წარმოვადგენ.

2.ვინ ვარ?
მე ვარ ადამიანი, რომელიც მოდის საკუთარი წარსულიდან.
წარსულში ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ გარკვეული მცირე მონაკვეთი, ანუ ჩვენი დაბადებიდან დღევანდელ დღემდე. ეს წარსული ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ ჩვენი გენეტიკური კოდის აღქმით - ანუ გზით ჩვენი შორეული წინაპრებიდან, უშუალოდ მშობლების ჩათვლით. წარსულში ჩვენ ასევე შეიძლება ვიგულისხმოდ ჩვენი კარმიული წარსული, რომლის სიღრმემ შესაძლოა უსაშველოდ შორს წაგვიყვანოს.
ასეა თუ ისე, იმისათვის რომ გავიგო - ვინ ვარ, და თუ ვარ, რატომ ვარ, იძულებული ვარ უშიშრად ჩავყვე ამ სიღრმეს, გავაანალიზო განვლილი გზის ყოველი ეტაპი (საფეხური) და განვსაზღვრო ჩემი არსობის მისტერია.
და ყოველივე ამის შემდეგ შემიძლია ვივარაუდო - საით მივდივარ.

3.ადამიანური „მე“ პირობითად შეგვიძლია დავყოთ ნებით-მედ და ნებელობით-მედ.
ნებელობითი-მე ადამიანის ხორციელ არსებას ასახავს. მე-ხორციელის ცხოვრება საოცრადაა დატვირთული ჩვეულებრივი, ყოველდღიური მიწიერი სურვილებით და მისი ბედნიერება დამოკიდებულია გარემოებასა და გარემოზე: შია, სცივა და უბედურია. მისთვის სიმდიდრე მატერიალური ფასეულობაა. მთელი ცხოვრება იბრძვის არსებობისათვის და სიკვდილის შიშით ცახცახებს. ხშირად სიკვდილის შიში იმდენად ძლიერია რომ, მისი დათრგუნვის მიზნით თავისსავე მსგავსა ჰკლავს. მისი სიყვარულიც ასეთივე მიწიერია და მიმართულია საკუთარი ბედნიერებისაკენ, რაც ცხოველური ჟინის მოკვლას გავს უფრო, ხოლო მისგან მომდინარე მადლი ვაჭრობასა ჰგავს, რადგან ყოველთვის სანაცვლოს მიღებას ელოდება. ასეთი ადამიანის ბედნიერება ზუსტი ასლია მაძღარი ცხოველის ბედნიერებისა. ამრიგად, მე-ხორციელი სურვილებით ცხოვრობს და საკმარისია ამ სურვილების აუსრულებლობა, ის უბედურდება.
სულ სხვაა ნებითი-მე, რომელსაც სხვანაირად მე-სულიერიც შეიძლება ეწოდოს.
მე-სულიერი ცდილობს ცხოვრება პოეზიად აქციოს და ამის გამო თავად ხდება შემოქმედი საკუთარი ცხოვრებისა. მისთვის ყოველი დღე ახალია, რადგან ყოველდღიური მიწიერი საფიქრალნი პოეტურ მედიტაციათა ფონზე მიმდინარეობენ. ისინი სრულყოფილად აღიქვამენ როგორც სიხარულის, ასევე ტანჯვის პოეზიას. მათთვის გაცემა ბედნიერებაა, რადგან სანაცვლოდ არაფერს ელოდებიან. სიყვარული კი ღვთის მადლია, რომელიც სულის სრულყოფილებას ემსახურება. იგი გეტყვის - მე შენ მიყვარხარ, და მთელ თავის არსებას უყორყმანოდ დადებს მსხვერპლად შენი სიყვარულის საკურთხეველზე.

4.პოეზიად ქცეული ცხოვრების ბრწყინვალე მაგალითია ერთი საოცარი სულის - ნოვალისის სიყვარულის მისტერია.
ნოვალისი, იგივე ფრიდრიხ ფონ ჰანდერბეგი ქვეყანას 1772 წლის მაისში მოევლინა. მისი თანამედროვე ფრიდრიხ შლეგერი ასე ახასიათებს მას: „უაღრესად ნატიფი სახე და შავი თვალები აქვს, რომლებიც დიდებულ გამომეტყველებას იძენენ, როდესაც ის მშვენიერ საგნებზე ლაპარაკობს... ჰანდერბერგი ველურობამდე სწრაფია, სამჯერ უფრო მეტს და სწრაფად ლაპარაკობს, ვიდრე ჩვენ ყველანი“. მთავარმოხელე იუსტი, შემდგომში მისი ბიოგრაფი, წერს: „მე მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი უნდა ვყოფილიყავი, მოხდა კი პირიქით: ის იქცა ჩემს მასწავლებლად. მე იმ საგნებშიც კი, რომლებიც მასზე უკეთ ვიცოდი, მთელი ჩემი ძალებისთვის უნდა მომეხმო, რომ მისი მაძიებელი სულისათვის რაიმე სარგებლობა მომეტანა. სულისათვის, რომელსაც არ აკმაყოფილებდა ჩვეულებრივი, ნაცნობი და ყოველდღიური და ყველგან, ყველაფერში სიღრმესა და საიდუმლოს ეძებდა. არსებითად მან დამიპყრო და გამიტაცა, გამათავისუფლა იმ ცალმხრივობისა და პედანტიზმისაგან, რაშიც ასე ადვილად იძირება წლების მანძილზე ჩემნაირი ვიწრო საქმიანობით გართული მოხელე... ის მე მამაღლებდა, როგორც ჩემი მოუქნელობის პატრონს შეეძლო გადევნება. მან ჩემში მთლიანად მიძინებული ესთეტიური განცდა გამოაღვიძა. მას არაფერი სურდა ნახევარი: არამედ უნდოდა ყველგან და ყველაფერში მთლიანი და მთლიანად ყოფილიყო. არაფერს აკეთებდა ზედაპირულად, ყველა საგანს ძირისძირობამდე ჩასდევდა. ამავე დროს, სულიერი წონასწორობა და თანდაყოლილი სიდიადე ხელს უწყობდა, ყველა საქმე საოცარი სილაღით შეესრულებინა“.

5.1974 წლის ნოემბრის ერთ მზიან დღეს გრიუნინგენში იშვა ნოვალისის სიყვარულის პოეტური მისტერია. ამ დღეს მან როკენშტაინის სასახლეში დაინახა 12 წლის გოგონა - სოფია ფონ კიუნი: სიფრიფანა, პეპელასავით მსუბუქი, ქერა კულულებიანი, უჩვეულოდ დიდი, მეტყველი თვალებით, მსუბუქი ბავშვური გამომეტყველებითა და უცოდველი ღიმილით. ტანში გააჟრიალა. სისხლი საფეთქლებში მოაწვა. გული ამოვარდნას ლამობდა. გადაწყდა: რომ ეს არის ის „ცისფერი ყვავილი“, რომლის სიყვარულსაც უყორყმანოდ უნდა შესწიროს მთელი თავისი არსება.

6.თუკი დღევანდელი ქაოტური ცხოვრების პირობებში შეგწევთ უნარი გაახილოთ თქვენი სულიერი თვალი და დაინახოთ               ეს პატარა არსება, ასე რომ ააღელვა ნოვალისი, მაშინ      გაადევნეთ თვალი მისი ჰაეროვანი სხეულის უმსუბუქეს მოძრაობას, მოუსმინეთ მის ლაღსა და მომნუსხველ კისკისს,.. თუნდაც ნარველშემოწოლილს, ჩახედეთ სევდიან თვალებში და მიხვდებით, რომ მასში იყო რაღაც იდუმალი, მისტერიული, რომლისთვისაც უღირდა პოეტ-მისტიკოსს სიცოცხლე ენაცვალებინა.

7.როდესაც სოფიას 13 წელი შეუსრულდა, ისინი ჩუმად დაინიშნენ გრიუნინგენში.
მალე სოფია ავად გახდა. ღვიძლის საშინელი ტკივილები სტანჯავდა. მალევე მომჯობინდა.
ნოვალისს არ აკმაყოფილებდა თავისი ცოდნა და გონების მთელი დაძაბვით მეცნიერებათა და ფილოსოფიის სიღრმეებში გარკვევას ცდილობდა.
სოფიას 14 წელი შეუსრულდა. მათი ნიშნობა ოფიციალურად გამოცხადდა.
სულ რამოდენიმე თვეში სოფიას ავადმყოფობა ისევ შეუბრუნდა და ლოგინად ჩავარდა. ვეღარ გამომჯობინდა.
ნოვალისს სოფია კიდევ უფრო მეტად უყვარდა.
შეუსრულდა სოფიას 15 წელი და ორ დღეში გარდაიცვალა.

8.ნოვალისმა ვერ შეძლო დასწრებოდა სოფიას დაკრძალვას. სდღაფლავზე ერთი თვის შემდეგ მივიდა და... დაიწყო თვითშეწირვის პოეტური მისტერია: „სოფია მოკვდა. მაშ მეც უნდა მოვკვდე. სამყარო დაცარიელდა. ფილოსოფიამაც აღარ უნდა შემაცვლევინოს ეს გადაწყვეტილება. მე სიხარულით უნდა მოვკვდე ... ჩემი სიკვდილი უნდა იყოს არა გაქცევა, არა გაჭირვებიდან თავის დაღწევა, არამედ ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა... როგორც ჩანს ჩემი ცხოვრების აზრი ესაა: ამქვეყნად ვერაფერს მივაღწიო, აყვავების ხანაში მოვწყდე ყველაფერს, რათა უკანასკნელ წუთს შევიცნო ის, რაც ყველაზე ღირებულია ნაცნობ საგანში. ასევე საკუთარ თავშიც. მე ახლა ვსწავლობ და ვეცნობი ჩემს თავს, ამიტომაც უნდა წავიდე სიცოცხლიდან. მე დედამიწაზე არ მიწერია დასრულება“.
და დაიწყო ნოვალისმა საკუთარი არსების კოდირება, რათა სოფიას სიყვარული მიწიდან ზეცაში აეტაცა: „უცებ ძველთაძველ, დიდი ხნის წინათ ნანახ პირველსამყაროში რომ გამეღვიძოს და, ჩემს წინაშე სოფია რომ იდგეს, ო, როგორი სიხარულით მოვუყვებოდი: - იცი? სულ შენ მესიზმრებოდი! მე შენ მიყვარდი დედამიწაზე, მიწიერ სხეულშიც შენ შენს თავს ჰგავდი, მერე შენ მოკვდი; გამოხდა შიშის მცირე ხანი და მეც გამოგყევი“.

9.სოფიას სიკვდილი იქცა ნოვალისის ცნობიერებისათვის არსობის მისტერიის გასაღებად: „ადამიანს ყოველთვის შეუძლია ზემიწიერ არსებად იქცეს...ჩვენ ყველანი ერთი მისიითა ვართ მოვლინებულნი - დედამიწის გარდაქმნაა ჩვენი მიზანი“. მან სიცოცხლეშივე მოახერხა გახსნილიყო მსოფლიურ სივრცეში და მოეხდინა შემდგომ ინკარნაციათა კოდირება - „ის (იგულისხმება სოფია) იყო დასაწყისი და დასასრულიც ის იქნება ჩემი ცხოვრების“.
ნოვალისმა შეძლო გრძნობათა სამყარო საკუთარი ნება-სურვილისათვის დაემორჩილებინა: „განა მე თვითონ არ ვირჩევ ჩემს ბედისწერას?.. ყოველი მწუხარე ფიქრი მიწიერი, წარმავალი ფიქრია შიშისა. ყოველი ნაღვლიანი განწყობა ილუზიაა“.
 და ერთი შეხედვით ყველაზე უცნაური: მან ზუსტად განსაზღვრა თავისი სიკვდილის თარიღიც - სოფიას სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, 1801 წლის 25 მარტს, ნოვალისიც გარდაიცვალა.

10.ნოვალისმა შეძლო და გააცნობიერა მსოფლიო შემოქმედის არსი და ამის მეშვეობით თვითონ იქცა საკუთარი არსობის შემოქმედად. მან შეძლო და შეცვალა თავისი კარმიულ-მისტერიული მისია, სიყვარული ზეციდან მიწაზე ჩამოიყვანა, მისცა რეალური პოეტურ-ესთეტიური სახე და შემდეგ მასთან ერთად მსოფლიურ სიყვარულს დაუბრუნდა, გამთლიანებული და განწმენდილი. მოხდა სულთა შეუღლება.
ნოვალისმა განსაზღვრა რა თავისი არსობის მისტერია და არათუ ივარაუდა, მარადიული კოდირება გაუკეთა კარმიულ სიყვარულს: ნოვალისი-სოფია.

11.არსობის მისტერიის საიდუმლო სიყვარულშია,.. რამეთუ სიყვარულშია ის პირველადი ენერგია, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა შემოქმედი (იგივე, ღვთიური) ნება.
ღმერთი მიწაზე ჩამოვიდა, რათა კაცი აეყვანა ცაში. მაგრამ ცოდვის დაცემის შემდგომ ადამიანი იმდენად დამიწდა, რომ სიყვარულით პოეტური აღფრთოვანება ჩვეულებრივი, ხორციელი ვნებით ჩაანაცვლა.
„მე შენ მიყვარხარ“ - რამდენჯერ გვითქვამს ალბათ ეს სიტყვა, მოდით დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ როდის იყო ეს სიტყვა სურვილიდან-„მინდა“ გამომდინარე და როდის-სიყვარული მთელი თავისი მისტერიული გაგებით. თუკი მთელი შესაძლებელი ობიექტურობით მივუდგებით საკუთარ გრძნობას, სიყვარული ფარდის მიღმა აღმოჩნდება - „მინდა“-ს სცენიდან გაუძევებია იგი. ნებელობა ბარიერად დგება ჩვენსა და სიყვარულს შორის და პოეზია დაკარგულებს, მარადახალგაზრდა, უბერებელი                მე-სულიერის მაგიერ, მიხრწნილი, დაინვალიდებული ბერიკაცი - მე-ხორციელი გვრჩება ხელთ.
„მინდა“ თავიდანვე, თავის წიაღშივე, მკვდარია(მკვდრადშობილია): რადგან სურვილი აღსრულებისთანავე იკარგება (კვდება). ხოლო შემდგომ ან უბრალოდ მოვალეობასი გადაგვდის ჩვენი ეგრეთწოდებული სიყვარული, ანდა გამალებულნი, ახალ   „მინდა“-ს ვეძებთ - ო, რა ხრწნადია ასეთი ე. წ. სიყვარული.
სულ სხვაა მარად ახალგაზრდა მე-სულიერის - მე შენ მიყვარხარ. მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული, იგი უკიდეგანო და უბერებელია მსოფლიოსავით. მას ასაკი არ გააჩნია. ასეთი სიყვარული შემოქმედია, იგი თვითონ ჰქმნის საკუთარ სხეულს აყალიბებს სულს მსოფლიურ სიყვარულთან ჰარმონიულ ერთიანობაში.


1997 წელი.

Monday, June 17, 2013

მინიატურები

           ამაოება    
  
გრძნობით გახურებულ უდაბნოს გულ-მკერდს უგრილებდა იმედის სიო.

განა საოცარი არ არის! . .
მაგრამ ვნებით შევსვამთ ხოლმე მოწამლულ შარბათს და თუ გადავრჩით, უსიტყვოდ გადავსახლდებით სხვა სამყაროში ამ იმედების მოსაგონებლად.
                                     
1981 წ. 
   

ბრწყინვალე ვარსკვლავი

შავს იდუმალებაში ტაატით მიიკვლევდა გზას თეთრი ხომალდი. . . ჭუჭყისფერ კვამლს სტოვებდა გზაზე. კვამლს, რომელიც წარსულში უნდა დარჩენილიყო არდავიწყაბად და მომავლის ტკივილის მიზეზად ქცეულიყო.
- მართლაა ბედნიერება აღთქმულ ვარსკვლავზე, ძია?
- მართლა შვილო.
- მერე და როდის მივაღწევთ?
- მალე, სულ მალე.
- და ეს “მალე” მთელი ცხოვრებაა - ჩაილაპარაკა მოხუცმა კოსმონავტმა.
. . . . .
მრავალმა სინათლის წელმა ჩაიარა მას შემდეგ. ჰადესის ჯურღმულებში გაუჩინარდა მოხუცი კოსმონავტი.
ჰა და ჰა, თითქოს, დღეს თუ არა ხვალ მაინცო. . .  და უჩინარდება ვარსკვლავი სამყაროს უსასრულობაში.
შავს იდუმალებაში ტაატით მიიკვლევს გზას თეთრი ხომალდი. უშიშრად მიჰყვება უსასრულობის უცნობ გზებს.
- მივაღწევთ ოდესმე აღთქმულ ვარსკვლავს!
- მალე, სულ მალე!  
                   
 1981 წ.


        გაგრძელება იხილეთ

წლობით ნაწვალები ერთ დღეში დაენგრა: სახლი დაეწვა; შვილები დაეღუპა; მეუღლე გაუგიჟდა.
_ მე მის ადგილზე თავს მოვიკლავდიო.

თავს ვერ მოიკლავს, სიკვდილის შემდეგ უკანასკნელი იმედიც ქრება.
                             
1980 წ. 


         გამარჯვება

დრაკონის კბილებს სთესავდა მთელი ცხოვრება.
ურჩხულის ლურჯი ბაგეებიდან მოელვარე ეშვებს ღრჭიალით აჩენდა.
წყალი დაგესლა.
ჰაერში აყროლებული სუნი ამოუშვა.
დაიკვნესა დედამიწამ, დაიხრიალა, დაიღრჭიალა და. .

ვაშა! - შესძახა მეცნიერმა - ექსპერიმენტმა ბრწყინვალედ ჩაიარა. ჩვენ გავიმარჯვებთ!
                                   
1981 წ.

   
  დამსხვრეული ჩარჩოები

მე შენს ხატებას ვსვამ ოცნების ცისფერ ჩარჩოში.
. . . და სინამდვილემ თუ უქცია ოცნებას ზურგი, რაც სავსებით მოსალოდნელია, თავს დავიმშვიდებ, ვითომ არასდროს ყოფილხარ. . . და ვეცდები ვიოცნებო შეუძლებელზე.
. . . . .
ბედნიერნი ვართ, ყოველივე შესაძლებლის დაკარგვის შემდეგ შეუძლებელზე ოცნების უნარი თუ მაინცა გვრჩება.
                                           
1980 წ.


         დარდიმანდი

- ქვეყანა რომ თავზე დაექცეს, თუ არ გაეცინა, გაეღიმება, გულს წუხილს არ გააკარებსო.
. . . . .
რატომ გგონია, რომ მისი ღიმილი შენს წუხილზე ბეგნიერია. . .
                                     
1980 წ. 


                 დედა 

 - ოთხი წლის იყო კითხვა რომ ისწავლა. . . მასწავლებელი მეუბნებოდა, შენი შვილი პოეტად არის დაბადებულიო, მაგრამ. . . ჯიუტია. . , ეეჰ, ქვეყანა ვის გაუსწორებია, მაგან რომ გაასწოროს - და დედას თვალები ცრემლებით აევსო.
                                       
1981 წ. 

       
        ვნებათა სიჭარბე

ანერვიულებულმა მეგობარს მოვუყევი, როგორ გამიუფერულეს ლამაზი წუთები.
- ადამიანში უჩინარად მხეცსა სძინავსო.

რა უსუსური ვყოფილვარ თურმე.
                             
1980 წ.


      ზეკაცობის სურვილი

ქარაგოზა მოსდებია ადამიანის თვალებს და მთის გოროზი მდუმარების თავზე მოღრუბლულ ცასა და ნისლს ხედავს მხოლოდ. მე მთის წვერზე ასვლა მწადია, რათა გზა გავაგრძელო ცაში უხილავი ბილიკებით, ღმერთის თანაბრად დავდგე და საფლობში ვსდიო ქაფრებს მოსაბრუნებლად.
                         
1982 წ.

     
     თვალდახუჭული

მთელმა სიკეთემ ტრფობის ჟამს იჩინა თავი და დაუნდობლად ებრძოდა ქარის წისქვილებს. აბუეტივით გავიდა სიყვარულის გზაზე - ცრემლებს სინათლე არა სჭირდებაო.
                                   
1980 წ. 


         თვითმხილების ხიფათი

დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი დაბოდიალობდა.
მობეზრდა.
გულმისატანი საქმე რომ ვერ გამონახა, გადაწყვიტა, ჩემს ცხოვრებას გადავიტანო ფურცლებზე.
გაშიშვლდა.
ო, რა საშინელი ვყოფილვარო - და კალამი გადადო გვერდზე.
დაწვა და . . .  დაიძინა.
                                       
 1982 წ.  


            თვითტკბობა

ცისფერ ზმანებაში მზეს რომ გავეჯიბრე, დღეთა გულისწყრომას თავი ავარიდე.
გონებით შევძელ ამეგო სილამაზის ურყევი კოშკი. . . და გამონასკვა ცხოვრებამ სიცოცხლის ძაფი.
მარადიულობამ თავი მომაბეზრა.
. . . . .
გულის სიჩაუქე თუ გსურს დაინახო, უნდა გადმოხედო გრძნობას სიმაღლიდან.
                                     
 1981 წ.


            იდიოტი

ერთხელ აღმაფრენა გადავწყვიტე.
მაღლა მომივიდა.
საკუთარ ძმაში უსუსური მწერი შევნიშნე.
სისულელედ ჩავთვალე მისი აზრები და განცდები, მისი ოცნება და მიზანი.
ნისლს გავუფანტავ გონებაში, გავიფიქრე, მაგრამ გადახრისა შემეშინდა, ვაითუ თვალები ამიჭრელდეს და გადავვარდე-მეთქი.
. . . და მაშინ ვიგრძენი მარტოობა:
- საით მიფრინავ, ხალხის შობილი ხალხშივე დარჩი, ბრიყვო!
                                       
 1980 წ. 

  
         იმპერატორი და ზღვა
              
ზღვა თავაშვებული გახელებით ეხეთქება ხმელეთს. ერთ მტკაველს წაგლიჯავს, შვებით ამოისუნთქავს და დაწყნარდება, მანამ ისევ არ დაკარგავს მიტაცებულს.
შესძახა ყოფილმა იმპერატორმა, ამღვრეული, შურიანი თვალებით რომ შესცქეროდა ზღვას:
- ოი, ბედნიერო! რამეთუ ყოფიერებას შენთვის კანონები არ დაუწესებიაო.
                                     
 1981 წ.


        ლოგიკა

ქალი, თავისი სულის აღნაღობით, რეალისტია.
ქალი შემიყვარდა. ალბათ გამოგიცდიათ სიყვარული და. . . მოვწყდი დედამიწას. დიდხანს ვაგზავნიდი მოწყვეტილ ვარსკვლავებს, საკუთარი გულის სიმხურვალით გამთბარს, სიყვარულის მისამართით.
ერთხელაც, როცა გადავწყვიტე გამოვტყდომოდი, ათასი ბოდიალის შემდეგ ცოლობა შევთავაზე, . . სიყვარულის შეუთავაზებლად.
ენდო ჩემს სიტყვებს და მოვიფიქრებო. . . ის კი აღარ უფიქრია, რომ კიდევ ათასი რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ უცნობმა ძალამ კრიჭა შემიკრა და ენას მისი სააშკარაოზე გამოტანის საშუალება არ მისცა. . , თავისუფლად შობილი თავისუფლებაში ხომ ადვილად ჰპოვებდა გზას.
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ უარი მსტკიცა.
მე რომ აქეთ - იქით ვედებოდი, თურმე ერთი უბრალო სიტყვა, მხურვალედ თქმული და კარგად გახუნებული ჟესტიც საკმარისი იყო. დიახ, სიტყვა და. . .ეეჰ!
ქალი, თავისი სულის აღნაღობით, რეალისტია.
                                       
 1983 წ.  

  
     მარტოხელა მხატვარი

- უცნაური რამ მესიზმრა: ჯადოსნური ფუნჯი მაჩუქეს, რასაც დახატავ ხორცს შეისხამსო. რა ვჰქმენ? . . პატარა ქოხი დავხატე. პატარა ქოხში პაწაწა აკვანი. . . პაწაწა აკვანში ნამცეცა ბიჭუნა სიზმარში ხედავდა დიდ გზას, რომელზეც დადგება ოდესმე. ქოხს ჟიჟმატი ბაღი ეკრა. . . დედა წითელ ვარდებს ჰკრეფდა, რომ ციცქნა ბიჭისთვის გვირგვინი დაეწნა და. . . ეეჰ!
                             
 1982 წ.


            მონახაზი

სახლი, რომელშიც ბავშვობა გაატარა, ღრუბლებზე იდგა.
                                     
  1980 წ.

     
           მწუხარეთათვის 
   
საბაოთ მომკვდარაო, ხარობდა სათაელი, ბოღმამ დაახრჩოო ღმერთი. აღასრულაო ზეციერი დარდამა მიწიერზე, ვეღარ აიტანაო საქმენი ბიწიერთა და მომკვდარაო.
                                       
1982 წ. 


        ნაპოლეონი

მე ნაპოლეონი ვარო - თქვა გიჟმა და ცრემლები დაანთხია.
ყვებოდა გიჟი გამარჯვებას (საკუთარს თუ ნაპოლეონისას), ტრიუმფით შესვლას ქალაქებში. ყვებოდა: როგორ კრთოდნენ მის წინ ადამის ძენი; როგორი წესრიგი ჰქონდა სამხედრო ბანაკებში. ყვებოდა: როგორ დაიპყრო ნახევარი ევროპა და როგორ დამარცხდა; როგორ აჰყარეს პატივი და როგორ გააძევეს; მისი დიდების ვარსკვლავი როგორ გაბაცდა (თუმც სულმთლად მაინც ვერ დააბნელეს).
ეწვოდა გიჟს ვატერლოო და ტიროდა.
თუმც ერთი მაინც ახარებდა: გამარჯვება, ტრიუმფები და დიდება რომ არ მოჰყოლია, და მაინც ყველაზე დიდი გამარჯვება - სიყვარული მარისიასი.
                               
 1980 წ. 


         ნებით თუ უნებლიედ

- გიყვარდათ?
გაეღიმა. . . სული წაულეკა მოზღვავებულმა ბოღმამ.
- აპატიებდით?
თუ რამ მაშინებს, საკუთარი უსასოება. როგორ მინდოდა ღიმილში რომ დამენახა მხოლოდ სიკეთე - მაგრამ არ უთქვამს.
. . . . . .
იგრძნო, რომ სხვადასხვა მხარეს მიდიოდნენ და გაუგეს ერთმანეთს.
                                     
1982 წ.      
          
         
            პესიმიზმი

ღმერთი გავაღმერთეთ, რაღა საჭიროა კაცის გაღმერთება.
ტაშით ხვდებიან შიშველ ბელადს - ო, რა ლამაზად გაცვიაო. . . და ბელადიც, ადრე ოქროს, ახლა ვერცხლს ააბრჭყვიალებს თითებში და გადაცვლის ოფლში.
. . . . .
ო, რა უბედურნი ვართ, რამეთუ შეგვიძლია ბედნიერება ვუსურვოთ ერთმანეთს.
                                     
1980 წ.

                      
                რწმენა

მწვანე მინდორზე მეგონა თავი, საფლავში ვყოფილვარ თურმე. თუმცა ჭაობი ხასხასა ფერით თვალსა მსტაცებდა, ერთ ფეხის დადგმა კუნძულზე შევხტი და გადარჩენილმა თავი განწირულად ვიგრძენ, რაკი ვიფიქრე, მქისე სიღრმე, რომელსაც შემდგომში მაინც ვეაფრით ვერ გავაღწევდი, არათუ მხოლოდ ხორცს, სულსაც წარმტაცებდა და მოხიბლული დავივანებდი საუკუნოდ საფლობის ფსკერზე.
შორს, ბლანტი სიმწვანის ზედაპირზე კაცი მოაბიჯებდა, თავს ნათელი ადგა. მომიახლოვდა და . . .
ოი, მშვენიერების მეუფეო, რაგინდ მტკივნეული უნდა იყოს შენი ჭაპანი, წელზე შემორტყმულმა უნდა ვატარო, რამეთუ ნაქურჩალა შემოღლეტილს არ დავემგვანო და არ შეგზარდეს ჩემი დანახვა უკიდურესი სიშიშვლის ჟამსაც.
მხარზე ხელი დამადო და თვალებში ჩამხედა. ახლად აბიბინებული ბალახივით ხასხასა თვალები ჰქონდა. ვიგრძენ, რომ გავაღწევდი საფლობს, ვითარცა ღმერთმა გაიარა წყალზე და . . . გავიარე.
                                         
1982 წ.


          სიკვდილის შიშით

სივრცე არ მყოფნის. . .
სული მოდრიკა მობოშებულმა ხორცის სიმძიმემ. გული ავთხლიშე სხეულს უწყალოდ და ჩემებრ მონებს ვუბრძანე მონამ
- მომიოქროვეთ! ! ! მომივარაყეთ! ! !
. . . სულ მუჭა მიწამ დააშოშმინა.
                                 
1982 წ.

   
        სინანული

მჯეროდა შენი.
და ერთხელ, როცა მაიძულე გარემოსათვის შემეხედა შენი თვალებით, შემზარდა ყველა და ყველაფერი.

ვაი, რომ მჯეროდა შენი.
                       
 1980 წ. 
              

            სიყვარული 

ცხოვრებამ მარგუნა ეს ლამაზი გრძნობა.
შენ შეგიძლია ძალა მომცე, შევძრა სამყარო,
. . . ანდა ფარხმალი უხმოდ დავყარო.
                               
 1983 წ.

    
             ტკივილი 

 სილა გამაწანი და გაუგებრობას ჰქონდა ადგილიო _ თავი იმართლე.
რომ მოგეკალი!              
                                       
1980 წ.


           უნდობლობა

შენი თვალები მიყვარდა ეგზომ. . .
და ერთხელ გთხოვე, რომ დაგემალა მაგ თვალებში ეს საიდუმლო.
თვალებში მკრთალი ნაპერწკალი აციმციმდა.
შენ საკუთარი საიდუმლო ვერ შეინახე.
                                 
1980 წ.

        
       ფიქრიანი

თუ გიფიქრიათ ბნელ-უკუნეთში როგორა ჰყვავის თეთრი ოცნება.
ანდა, აღთქმული ქვეყნის მოძღვრება რით დამთავრდება.
შავი წერტილი თუ გაინთხმება ცისფერ მირაჟზე.
ანდა ქოხმახის შავი ბუხრიდან ამონაბოლქვი თუ დააბნელებს ნათელ ზეცას და ვიღაცის ჯინაზე დედა-დედინაცვალი გერებთან ერთად საკუთარ შვილებსაც დაახრჩობს. . .
                             
1982 წ.


       ძაღლი ბატონისა

მთელი ცხოვრება მისი ერთგული იყო. თვალებში შესციცინებდა. ღამეებს უთევდა - ძილი არავინ დაუფრთხოსო.
იმ დღესაც. . .
მან თოფი გადმოიღო. სანადიროდ მივდივართო - გახარებულმა ცქმუტვა დაიწყო, თუმცაღა გრძნობდა, რომ ბებერი მუხლები ძველებურად აღარ ემორჩილებოდა.
ტყეში გავიდნენ.
თოფი გატენა. . .
მეხუმრებაო - გაიფიქრა და წყლიანი თვალებით მიაჩერდა.
თითქოს ტვინი აეხადა. . . თოფის ხმა არ გაუგია. . . რისთვის! - გაიფიქრა და თვალები ცრემლებით აევსო.
. . . . .
ის ვალმოხდილი ბრუნდებოდა შინ.
                           
 1981 წ.    


Sunday, June 16, 2013

         როგორ იპოვა 
               და 
   დაკარგა ტახტი მათხოვარმა

ოდესღაც ერთ მათხოვარს, რომელიც სხვა მათხოვრებთან ერთად მათხოვართა უბანში ცხოვრობდა, ნაგავში მეფის ტახტი უპოვია. წამოუღია ეს ტახტი, გამოსაჩენ ალაგას დაუდგამს, ზედ წამოსკუპებულა და დანარჩენებისთვის განუცხდებია - განგებამ თქვენს მეფედ მაკურთხა და დღეის იქით თქვენთვის ჩემი სიტყვა კანონი უნდა იყოსო. საცოდავებს დაუჯერებიათ და იმ დღის შემდეგ მათი ცხოვრება ათასჯერ უფრო გასაცოდავებულა. რაც რამეს საუკეთესოს იმათხოვრებდნენ, თუ ნაგავში მოქექავდნენ, 
მეფე-მათხოვრისთვის უნდა მიერთმიათ. და ვაი იმის ტყავის ბრალი, ვინც ვერაფერს იშოვიდა. ასე იყო, მანამ ეს ამბავი ნამდვილი მეფის ყურამდე მივიდა.

მათხოვარო! - დაიღრიალა მეფემ - როგორ გაბედე ჩემი უფლებებით სარგებლობაო, და მეფე - მათხოვარი ტახტიდან გადმოაგდო. დაინახეს რა ეს მათხოვრებმა, ეძგერნენ თვითმარქვია მეფეს და ცემით კინაღამ სული გააფრთხობინეს. შემდეგ ყველამ მიატოვა. მათხოვარმა მოთქმა დაიწყო - დამიბრუნე მეფეო ჩემი ტახტი, მე შენ არაფერში გეცილებიო! მეფემ უპასუხა - სახელმწიფოში მხოლოდ ერთი ტახტი შეიძლება იყოსო. სასოწარკვეთილმა მათხოვარმა შესძახა მეფეს - მართალია, მე მათხოვართა მეფე ვიყავი, მაგრამ შენ მათხოვარი მეფე ხარ, რადგან მე თუ სი მათხოვარი მემსახურებოდა და მარჩენდა, შენ მილიონ კაცს შეჰყურებ ხელებშიო. გაგულისებულა მეფე და მათხოვარი საპყრობილეში დაუმწყვდევია. მათხოვარი არც აქ დაწყნარებულა, რაღაც სიმღერა შეუთხზია. ეს სიმღერა ასე ყოფილა:

შენ უღონობა მოგიღებს ბოლოს,
თუმც ასე ფიქრობ, მოგკლავენ სხვები.
დიდების გვირგვინს დაგაფარებენ, 
შეგაგინებენ ზურგსუკან მტრები.
ტაშს დაგიკრავენ, ცად აგისვრიან, 
გაგაღმერთებენ რეგვენი ძმები.
მოკვდები, შენივე თესლი მოგთხრის,
შეგინებული დაგრჩება ძვლები.
შენ? უღონობა მოგიღებს ბოლოს,
თუმც ძლიერი გაქვს ზურგი და მხრები.

მერე? მერე რა მოხდა ალბათ აღარაა საინტერესო. მაგრამ როგორც ამბობენ, მეფემ მათხოვარი ჩამოჰკიდა.
                                     
1983 წ.



     

  რატომ აღარ არიან ფასკუნჯები

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ფრინველები ადამიანებივით ლაპარაკობდნენ. ყოველ ჯიშს ფრინველებისას საკუთარი ალაგი ჰქონიათ და სახელმწიფო პრინციპებით უცხოვრიათ. ერთ ალაგას ფასკუნჯები ცხოვრობდნენ თურმე. ლამაზი და ნოყიერი ადგილი ყოფილა.

დიდები ყოფილან ფასკუნჯები და ყვავ _ ყორნებისაგან შეწუხებულმა ჩხიკვებმა და შოშიებმა დახმარება სთხოვეს. თავიანთი დიდი ბუნების გამო სუსტ მეზობლებს უარი ვერ უთხრეს და მამა ფასკუნჯები ერთიანად დასახმარებლად გაფრენილან. ბუდეებში მარტოდ დარჩენილ დედა ფასკუნჯებს ძერები დარევიან და დიდი ბრძოლის შემდეგ შვილებიანად ამოუჭამიათ. დაბრუნებულან შინ მამა ფასკუნჯები და ბუდეებში კვერცხების მეტი ვერა უპოვიათ.

ხომ დიდი იყვნენ ფასკუნჯები, მაგრამ ძერები ათასჯერ მეტნი ყოფილან.

ფასკუნჯებმა გადაწყვიტეს _ დახმარება ორბებს ვთხოვოთო. მართალია ჩვენხელანი არა, ძერებზე დიდები მაინც არიანო და ბევრიც არიანო. ჩვენა გვგვანან და ერთად გვარიანად დავაფრთხობთ ძერებსო. ჩვენ თუ დავიხოცეთ, ჩვენს კვერცხებს ისინი მოუვლიან და არ გადავშენდებითო.
შემდეგ იცით რა მომხდარა? . . 

ფასკუნჯნი წავიდნენ ორბებთან ერთად ძერების დასაფრთხობად. ორბებმა შუა ბრძოლაში შეატოვეს ხელში ფასკუნჯები ძერებს, თავად დაბრუნდნენ და მათ კვერცხებს დაერივნენ.

ის ფასკუნჯები, რომლებიც ცოცხლები დაბრუნდნენ ბრძოლიდან უკან, ასე მღეროდნენ თურმე:

   აწი ბახალებს მოუყვებიან ჩვენზე არაკებს!
   აწ გარდასული ჟამთა ზღაპრები ორბთა ბახალებს                                     ცისფერ სიზმრებში გააბალახებს.
   ჩვენს წინაპარსო ფასკუნჯი ერქვა,
   აჭორებს დედა პატარა ორბებს, . .
   ნახეთ რამოდენა ფესვი გვქონიაო,
   ქვეყანას მოსდებს.

და ეს ამბავი როგორც დასრულდა, თქვენც კარგად უწყით _ დღეს, თუნდაც წამლად, ერთ ფასკუნჯსაც ვერსად შეხვდებით, ზღაპრებისა და არაკების გარდა. ისე კი მართლა ყოფილან თურმე.
                                     
1983 წ.  
   

Friday, June 14, 2013

რიცხვები და მაღალი მოთხოვნილებები

ჩემო მეგობარო, ახლა მე, ყოველდღიური ერთფეროვნებით გადაღლილი მარტოსული, ნარზე წამოწოლილი ვოცნებობ თუ როგორი სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი შენთან ერთად სამზარეულოში ჭიქა ყავაზე და ვისაუბრებდი მაღალ მატერიებზე. ადამიანს ხომ ცხოველისაგან ის განასხვავებს, რომ ვიტალური მოთხოვნილებების (ჭამა, სმა, ძილი და ა.შ.) გარდა, მაღალი მოთხოვნილებებიც გააჩნია. ანუ ყველას, ვისაც ადამიანი ჰქვია, აქვს ინტელექტუალური, მორალური და ესთეტიური მოთხოვნილებები. ეს მოთხოვნილებები იმგვარია, როგორიცაა სუბიექტის ინტელექტი, ზნეობა და გემოვნება. ამჟამად მე ამ მოთხოვნილებებზე საუბარს არ ვაპირებ, უფრო მოთხოვნილებათა ტრანსცედენტალურ არსზე მსურს საუბარი.


მეტაფიზიკურ რიცხვთა თეორიის მიხედვით რიცხვი 1-ის ზოგადი ატრიბუტი პრინციპია, 2-ის - ანტაგონიზმი, 3-ის იდეა.
ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს აბსტრაქტული აზროვნების უნარი. მას შეუძლია ნებისმიერი სახის ინფორმაცია გაიაზროს, გაანალიზოს და მისი განზოგადება მოახდინოს. და ეს ყველაფერი ინტელექტია. ინტელექტია ის, რაც პრინციპულად განასხვავებს ადამიანს სხვა ცოცხალი არსებისაგან და რაც შინაარსს აძლევს მის ცხოვრებას. ანუ ინტელექტი ადამიანის უმთავრესი მახასიათებელია და მისი რიცხვია 1.

ადამიანი, თავისი არსით, საზოგადოებრივი არსებაა. ის სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობს და ქმნის სოციუმს. სოციუმის წევრები, მიუხედავად ინდივიდუალური მახასიათებლებისა (ინტელექტი, ტემპერამენტი, გემოვნება და ა.შ.) ამ სოციუმისათვის დადგენილი ნორმების (ტრადიცია, კანონი) მეშვეობით ახერხებენ ერთმანეთთან მშვიდობიან თანაარსებობას. სოციუმის საფუძველი მის ინდივიდუალურ წევრებს შორის არსებული მუდმივი ანტაგონიზმია და სწორედ ეს წინააღმდეგობათა ერთიანობაა საზოგადოების პროგრესის შემოქმედი. და სწორედ ეს ანტაგონიზმი ქმნის მორალის მოთხოვნილებას, რაც შემდეგ ადამიანში აყალიბებს გარკვეულ ნორმებს, რომლებიც აადვილებს ინდივიდთა შორის ურთიერთობას. ჩვენ ამ ნორმების გათვალისწინებას ზნეობას ვარქმევთ და მისი რიცხვია 2. რამდენნაირი საზოგადოებაც არსებობს, იმდენნაირია ზნეობის გაგებაც, ანუ რაც ერთი საზოგადოებისთვის მისაღებია, შეიძლება მეორისთვის უზნეობადაც ინათლებოდეს და ა.შ. ასევე ზნეობისადმი მიდგომა დროშიც იცვლება.

ამრიგად, რამდენადაც განსხვავდებიან ერთურთისაგან  საზოგადოებები, იმდენად განსხვავდება მათი მორალური მოთხოვნილებები და იმდენად განსხვავებული ზნეობის მატარებლები არიან ამ საზოგადოებათა წევრები. ხოლო საზოგადოებათა დაახლოება, თუ გაერთიანება იწვევს მათ მორალურ მოთხოვნილებათა დაახლოებასა თუ გაერთიანებას (შერწყმას), და იქმნება თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი საზოგადოება, ძველისაგან განსხვავებული მორალური მოთხოვნილებებითა და ზნეობით.

ანტაგონიზმი (რიცხვი 2) საფუძველია იდეის (რიცხვი 3).
ინტელექტუალური მოთხოვნილება განსაზღვრავს მორალურ მოთხოვნილებას (2=1+1), ხოლო მორალური მოთხოვნილება იწვევს ესთეტიკურ მოთხოვნილებას (3).

და ეს ყველაფერი იდეალურ შემთხვევაში. ცხოვრებაში კი ყველაფერი ეს ცოტა უფო რთულადაა ასახული.

ოკულტურ მოძღვრებათა მიხედვით ადამიანი, ისევე როგორც მთელი სამყარო, სამ - მენტალურ, ასტრალურ და ფიზიკურ სივრცეშია განფენილი და ეს სამი სივრცე ერთიან, საერთო სივრცეს ჰქმნის (ადამიანის შემთხვევაში ამ სივრცეების შესატყვისს სხეულები ეწოდება).

თუ ცხრა რიცხვს გადავანაწილებთ, ამ სამ საერთო სივრცეზე (ან და სხეულზე), მივიღებთ:

1 - მენტალური სივრცე   ------- ინტელექტუალური მოთხოვნილება
     1.მენტალი-მენტალში  ----- ინტელექტი
     2.ასტრალი-მენტალში ----- აზროვნება
     3.ფიზიკური-მენტალში ----- იდეა

2 - ასტრალური სივრცე  ------- მორალური მოთხოვნილება
     4.მენტალი-ასტრალში ----- ზნეობა
     5.ასტრალი-ასტრალში ---- ლოგიკა
     6.ფიზიკური-ასტრალში ---- ჰარმონია

3 - ფიზიკური სივრცე ----------- ესთეტიური მოთხოვნილება
      7.მენტალი-ფიზიკურში----- გაცნობიერება
      8.ასტრალი ფიზიკურში ---- ქცევა
      9.ფიზიკური-ფიზიკურში---- ადამიანი

ადამიანის მენტალური სხეული, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებელიც  რიცხვი 1-ია, არის ის ადგილი, სადაც თავის არაცნობიერი სახით პირველი, ჯერ კიდევ შეურყვნელი, ინტელექტი მდებარეობს და მისი რიცხვია 1.

ეს ის ინტელექტია, რომელიც ინახავს ინფორმაციას არსობის ბუნებრივ კანონზომიერებათა შესახებ, ასევე, ყველაფერი იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. იგი პირდაპირ კავშირშია მსოფლიო ინფორმაციულ ველთან, მაგრამ მთელი ეს ინფორმაცია ცნობიერებისთვის მიუწვდომელია (ან, უფრო სწორედ, თითქმის მიუწვდომელია), რადგან იგი სრული ცნობიერების არაცნობიერი ნაწილია. მაგრამ დგება მომენტი, როცა ადამიანი ახერხებს ამ ინფორმაციიდან მცირე მარგალიტების ამოკრეფას და სწორედ ეს მარგალიტები აძლევენ ბიძგს კაცობრიობას შემდგომი პროგრესის გზაზე.

შემდგომ ეტაპზე, ჯერ კიდევ მენტალურ სხეულში იბადება პირველი წინააღმდეგობა - ანტაგონიზმი, რომლის რიცხვია 2. როგორც ჩინელი ბრძენკაცი ლაო-ძი გვმოძღვრავს: „მაშინ, როდესაც დედამიწაზე იშვა ბოროტება, კაცობრი9ობამ შეიმეცნა რა იყო სიკეთე“. 2=1+1 - ინტელექტი თავისივე თავში ჰქმნის წინააღმდეგობას, ყოფს, რათა შემდგომ თავადვე განსაზღვროს, რა არის პირველადი და არჩევანი რაზე უნდა შეაჩეროს. რიცხვი 2 იმ დინამიური პროცესის დასაწყისია, საჭირო ინფორმაციის ანალიზს, ანუ აზროვნებას რომ სჭირდება, რათა შემდგომ ამ ანალიზის შედეგები, ანუ შემოქმედება, სახიერი გახადოს. ამ ეტაპზე ინტელექტუალური მოთხოვნილება-აზროვნება, ჰარმონიულია (2=11).

მესამე ეტაპი მენტალურ სხეულში ინტელექტუალური მოთხოვნილების იდეად ფორმირების ეტაპია და მისი რიცხვია 3.

ანტაგონიზმი-აზროვნება (2) ჰქმნის იდეას (3), რის გამოც თავად ეს იდეაც ანტაგონისტურ ელემენტებს შორის იქმნება (3=12 და 3=21).
რიცხვი 12 სიბრძნეა, ანუ იდეაა, რომელიც სუბიექტის ინტელექტუალურ პროგრესირებას ემსახურება. იგია იმპულსი, რომელიც სულიერ სიღრმეებში წვდომისაკენ გვიბიძგებს და შემოქმედებითი პროცესია თვითშემეცნებისა.
ხოლო რიცხვი 21 გონიერებაა, ანუ იდეაა, რომელიც ხელს უწყობს სუბიექტის ადაპტირებას გარემოსთან.


ასტრალური სხეული ადამიანში ის ადგილია, სადაც მორალური მოთხოვნილებები და შესაბამისად ზნეობა ფორმირდება. მისი ხარისხობრივი მაჩვენებელია რიცხვი 2.

ადამიანის მენტელურ სხეულში, ანუ არაცნობიერში მიმდინარე პროცესების ფორმირება-გამოკრისტალების პირველი ეტაპი, ანუ ზნეობის ჩამოყალიბება ასტრალურ სხეულში, ანუ ქვეცნობიერში საკმაოდ რთულად და ხშირ შემთხვევაში მტკივნეულად მიმდინარეობს. ამ პროცესის დასაწყისი რიცხვია 4, და მისი უმთავრესი ატრიბუტი ეზოთერულ მეცნიერებებში - ფორმაა. რიცხვი 4 ძირითადად სამი სახით წარმოგვიდგება: 13, 22 და 31.

13 ისეთი მორალური მოთხოვნილებაა, ისეთი ზნეობაა, რომელიც სუბიექტის ემოციურ, შემოქმედებით პროგრესირებას ემსახურება პერმანენტული ტრანსმუტაციის მეშვეობით უმაღლეს ღირებულებათა შეცნობის გზაზე. 13 ნათელს ჰფენს პირველად, ქვეცნობიერ მორალურ მოთხოვნილებას - ადგილი დაიმკვიდროს უმაღლეს სულიერ იერარქიაში, რადგან იგი, ადამიანი უმაღლეს შემოქმედმა შეჰქმნა „სახედ ღვთისად და ხატად ღვთისად“.

22 გაწონასწორებული მორალური მოთხოვნილებაა.ეს ის ზნეობაა, რომელიც მსჯელობს, რომ ცხოვრება ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ მოვლენებს შორის მიმდინარეობს, როგორც დიოგენე იტყოდა: „მზეც მრავალ ბინძურ ალაგს გაივლის, მაგრამ თვითონ სუფთა რჩებაო“ და მიზნად ისახავს დაუზიანებლად, ზედმეტი შფოთვის გარეშე გაიაროს თავისი გასავლელი.

31 - ამ შემთხვევაში მორალურ მოთხოვნილებათა და შესაბამისად ზნეობის პროფანაციასთან გვაქვს საქმე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც „მიზანი ამართლებს საშუალებას“, როდესაც იდეა-ნებელობა უპირატესია,ვიდრე სულიერი და ინტელექტუალური მოთხოვნილება, როდესაც პროგრესს ანაცვლებს თვითკმაყოფილება.

მორალურ მოთხოვნილებათა ფორმირების შემდგომ სუბიექტი ცდილობს მასში ჩამოყალიბებულ ზნეობის შესაბამისად იმოქმედოს. სწორედ ამ მოქმედების ამსახველია რიცხვი 5 და იგი ზოგადად სიცოცხლის, სიმტკიცისა და ლოგიკის სიმბოლოა. რიცხვ 5-ს, ისევე როგორც რიცხვ 3-ს, ნეიტრალური განწყობა არ გააჩნია. იგი დინამიურია და შემტევი. ხუთია 14, 23, 32 და 41.

14 ჭეშმარიტების ძიებაა. იგია ფორმირებული ინტელექტი - ადამიანი, თვისი უმაღლესი დანიშნულებით; განსხეულებული სიტყვა - ლოგოსი; ქრიტიანულ თეოლოგიაში:განკაცებული უფალი - ქრისტე.

23 ნებელობითი ანალიზის ე.წ. „ტვინის ჭყლეტის“ პროცესია, რომელიც წინ უსწრებს ნებელობით იდეას, რათა წინასწარ დაგეგმილ ეგოისტური მიზნისაკენ მიმავალ გზაზე დაუბრკოლებრივ ატაროს. ოკულტიზმში მისი სიმბოლო მენდესის პენტაგრამაა და იგი თხის თავს ასახავს.

32 ზნეობრივი ადამიანია, ამაღლებული მორალური მოთხოვნილებებითა და მკაცრი, სამართლიანი ლოგიკური ანალიზით. ოკულტიზმში მისი სიმბოლო სწორი პენტაგრამაა, რომელიც ადამიანს ასახავს.

41 იმპულსური ადამიანის ფორმულაა, ანუ ადამიანისა, რომელიც გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული.

შემდგომ ეტაპზე საჭიროა მოქმედების ჰარმონიაში მოყვანა, რადგან ქაოტურს, მოქმედება იქნება ეს თუ აზროვნება, აბსურდამდე და ნგრევამდე შეუძლია ადამიანის მიყვანა. ამ პროცესებს რიცხვი 6 ასახავს და იგი ზოგადად ჰარმონიის, სილამაზის და არჩევანის სიმბოლოა. ამ ეტაპზე პირველად ჩნდება ჯერ კიდევ გაუაზრებელი ქვეცნობიერი ესთეტიური მოთხოვნილება. ექვსია 15, 24, 33, 42 და 51.

15 მეცნიერი, მაძიებელი ინტელექტია. იგია ნება და შესაძლებლობა გაცნობიერებისა.

24 არჩევანია ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ ისეთ ელემენტებს შორის, როგორებიცაა - სიკეთე და ბოროტება, ნათელი და ბნელი, პოზიტიური და ნეგატიური და ა.შ.

33 არჩევანია ორ იდეას შორის. სწორედ აქ იჩენს თავს პირველად ესთეტიური მოთხოვნილება.

42 ზნეობრივი დაშვებაა, შეიძლება ითქვას, რომ ზნეობრივი ექსპერიმენტია.

51 ინტელექტია, რომელსაც ცხოვრებისეული გამოცდილება, ლოგიკური პროცესები უდევს საფუძვლად.


ესთეტიური მოთხოვნილებების ჩამოყალიბება სუბიექტის ფიზიკურ სხეულთან არის დაკავშირებული. ამ უკანასკნელის ხარისხობრივი მაჩვენებელია რიცხვი 3.

ფიზიკურ სივრცეში ხდება საბოლოო ფორმირება - გამოვლენა როგორც ინტელექტის, ასევე ზნეობის და ამავე სივრცეში ყალიბდება და ფორმირდება გემოვნება. ეს ცნობიერი სივრცეა.

ეზოთერიკაში რიცხვი 7-ის ატრიბუტიკაა ბუნება (კოსმოსი), მფარველობა, რისკი, გამარჯვება და გამოცდა. იგი გააზრებისა და გაცნობიერების რიცხვია. შვიდია 16, 25, 34, 43, 52 და 61.

16 ინტელექტუალური არჩევანია: შენება ან ნგრევა, ომი ან მშვიდობა, სიკეთე ან ბოროტება და ა.შ.

25 გააზრებული ქმედებაა. იგია ასევე გაცნობიერებული ბედისწერა.

34, თუ გავიხსენებთ ქართულ სიტყვას „სამოთხე“ (3+4), ბევრი რამ ნათელი გახდება. აქ ნათლად სჩანს სულის უპირატესობა ფორმაზე, ანუ იდეა-სულიერება (3) + მაღალი მორალური მოთხოვნილება(4) გამარჯვების საწინდარია (7).

43, ეს რიცხვი წინა რიცხვის (34) აბსოლუტურად საწინააღმდეგოა, ანუ სული ფორმის ტყვეობაშია. იგი დაცემული მორალური მოთხოვნილებების, დაცემული ზნეობის სიმბოლოა.

52 რისკი და გამოცდაა.

61 არჩევანი-დილემა: სიკეთე და ბოროტება.

შემდეგი ეტაპია რიცხვი 8 და მისი ატრიბუტებია: ცვლილება, ტრანსფორმაცია, კანონი, ტრადიცია. იგი ფორმირებული ზნეობისა და გემოვნების რიცხვია და განსაზღვრავს სუბიექტის ქცევას. რვაა 17, 26, 35, 44, 53, 62 და 71.

17 ადამიანური საწყისის ( ინტელექტის; ნების) სამართლიანი (კანონზომიერი) გამარჯვებაა. ასევე: გამარჯვება მშვიდად უნდა მივიღოთ.

26, სიფრთხილე=გააზრება (2) + სწორი არჩევანი (6). ასე, რომ ეს რიცხვი სიფრთხილის ფორმულაა.

35 კანონზომიერი პროგრესია. ახალი იდეა (3) + ლოგიკური ქმედება (5) იწვევს ცვლილებას.

44 პასუხისმგებლობაა: ვინმეს მიაყენე შეურაცყოფა?(4) მოუბოდიშე (4);  შექმენი რევოლუციური ხელისუფლება? (4) მიიღებ დიქტატურას (4); და ა.შ.

53 კანონზომიერი რეგრესია. მისი ლოგიკაა: „ის (სუბიექტი) მე მომწონს, იმიტომ რომ ის ვარგისია (რაღაცისათვის)“.

62 გაორებული აზროვნებაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სუბიექტის - როგორც ევოლუცია, ასევე ინვოლუცია, ანუ არჩევანის გაორების, იგივე დაბნეულობის სიმბოლოა.

71 სუბიექტის პირადი (სუბიექტური) გამარჯვების უპირატესობა, ანუ უსამართლობაა.

და ბოლოს რიცხვი 9 - ეზოთერულ მეცნიერებებში აღსრულებისა და ხელდასმის სიმბოლო. ეს ფორმირებული ადამიანია, ადამიანი - მთელი თავისი გამოვლინებებით.

ცხრაა 18, 27, 36, 45, 54, 63, 72 და 81.

18 ადამიანია, როგორც ინტელექტუალური სუბიექტი კანონზომიერებათა შორის.

27 მედიუმის ფორმულაა. იგი თავისუფალი, გამარჯვებული აზროვნებაა.

36, იდეა-მიზანი (3) განსაზღვრავს არჩევანს (6). იგი შემოქმედებისა (ხელოვნების) და გემოვნების რიცხვია.

45 ზნეობრივი ადამიანის ფორმულაა. იუდეურ და ქრისტიანულ თეოლოგიაში იგი ადამის რიცხვია.

54 მოქმედების უპირატესობას ასახავს. იგი დემაგოგის ფორმულაა.
63, ასეთ შემთხვევაში არჩევანი (6) განაპირობებს იდეას (3). აქ ფორმის უპირატესობაა ასახული, ანუ ფიზიკური სილამაზის ფორმულაა.

72, ამ ფორმულაში გამარჯვების უპირატესობაა მოცემული.

81 - როცა ინტელექტი კანონის ჩარჩოებშია მოქცეული, ანუ კანონი ზღუდავს ინტელექტს. ეს რიცხვი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოხელის ზოგადი ფორმულაა.


ჩემო მეგობარო, არ ვიცი შევძელი თუ ვერა ნათლად მეთქვა ყველაფერი, რის თქმასაც ვაპირებდი, მაგრამ ყავა რომ ნამდვილად გემრიელი იყო, დამეთნხმე.

ახლა კი ერთ იგავს მოგიყვები და საუბარსაც დავასრულებ:

ამჟამინდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე ერთი მოგზაური ლამაზი ქალის ქანდაკებას გადაეყარა. მისი მშვენიერებით აღფრთოვანებულმა მოგზაურმა წამოიძახა
-       -  ვინ ხარ შენ!
-      -  მე გალათეა ვარ - უპასუხა ქანდაკებამ.
-      -  კი, მაგრამ ასეთი მშვენიერი ფეხები ვინ გაგიკეთა...
-      -  პიგმალიონმა - იყო პასუხი.
-      -  ასეთი მშვენიერი მკერდი!..
-      -  პიგმალიონმა...
-      -  ასეთი მშვენიერი სახე!..
-       -  პიგმალიონმა...
კაცმა ღრმად ჩაისუნთქა, ცას ახედა და
-     -   მაშ ღმერთო, შენ რაღა გააკეთე!.. - ამოიოხრა.

-     =   პიგმალიონი - მოისმა ციდან.