Thursday, June 13, 2013

           ესმერალდა

ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა.
მაშინ, როდესაც თიხით გამოძერწილმა ადამის მოდგმამ, ყველა სიკეთესთან ერთად, უხვად ისუნთქა უდაბნოს მტვერიც, დედამიწაზე იშვა ესმერალდა.
ლამაზი იყო ესმერალდა. კრაველი აეშლებოდათ ძეთ მისი დანახვისას. . . და თუ რომელიმე გზას გადაცდენილი გიჟმაჟი აედევნებოდა, თავს გამოიდებდა, მოთოკავდა, გააბრუებდა და შემდეგ კუდს ხელში დააჭერინებდა.
ბევრს ეპრიანებოდა, მაგრამ. . .
ღმერთსაც მოსწონსო _ ამბობდნენ (მაშინდელი ღმერთები გრძნობებში თურმე არაფრით ჩამორჩებოდნენ ადამიანებს) _ უჩუმრად ჩამოფრინდება ცის კაბადონიდან ღამ _ ღამობით და ესმერალდას ფანჯრებთან აიტუზებაო. მისი ცქერით ვერა ძღებაო ღმერთი. 
ოჰოი და, რომ ყველა ლამაზი არაა! ჰოდა, იყო კიდევ ერთი საოცრად მახინჯი კაცი; წელში ოთხად მოკეცილიყო, ცალი ფეხი მეორეზე თითქმის მთელი ადლით მოკლე ჰქონდა, თავზე თმა გასცვენოდა და ქოსა სახე დანაოჭებოდა. ერთის სიტყვით, კვაზიმოდო იყო.
კვაზიმოდოსაც უყვარდა ესმერალდა.
. . . . .
ერთხელაც ღმერთმა გადაწყვიტა მოესპო ადამიანები. რატომ? ეს ღმერთმა იცის. მაგრამ, რადგან გადაწყვიტა _ მოსპო კიდეც. დასტოვა მხოლოდ კვაზიმოდო და ესმერალდა.
გვიანი გაზაფხული იდგა. მზის გახელება ენას უშრობდა აჟივჟავებულ ბალახს და ცეცხლსა ჰკიდებდა. სიცხისაგან აცრემლებული სხეული დასამშვიდებლად ლურჯ ტბას მიანდო ესმერალდამ. ო, რა გრილი და სასიამოვნო იყო წყალი. ესმერალდა ისეთივე ლამაზი იყო, როგორც ამ რამოდენიმე ხნის წინ. არა, შიშველი კიდევ უფრო ლამაზი იყო. ეალერსებოდა ტბა თავისი სველი ხელებით ესმერალდას სხეულს და თავბრუდახვეული, თავადაც ამ სილამაზეში ეხვეოდა.
დაიღალა. ნაპირზე გამოვიდა და დედიშობილა ქვიშაზე დაწვა. თაყვანისმცემლები დაესიზმრა, ერთმანეთს დარეოდნენ და ერთი ვაი _ ვიში ჰქონდათ. ბოლოს ერთმა იმარჯვა, ჩამოიშორა დანარჩენები და დედიშობილა ესმერალდას მიუწვა გვერდით. ათლეტური აღნაღობის მამაკაცი იყო. მამაკაცმა ფრთხილად შეუცურა ხელი თავქვეშ და ტუჩებზე დაეკონა. ესმერალდა ვნებათა მორევში გაეხვია. სხეულები ერთმანეთში გადაეხლართათ მამაკაცსა და ესმერალდას. უეცრად, ჰოიდა საშინელებავ, ესმერალდამ იგრძნო, რომ მამაკაცს ცალი ფეხი მეორეზე მთელი ადლით მოკლე ჰქონდა, ტანიც საოცრად დაგრეხოდა. . . შეშინებულმა წამოიკივლა და თვალები გაახილა. კვაზიმოდოს მკლავებს ვეღარ დაუსხლტებოდა ესმერალდა. დანებდა. . .
დაღლილი, ვნებით დამთვრალი კვაზიმოდო ესმერალდას გვერდით, ქვიშაზე გაიშხლართა. თვალი შეავლო ესმერალდამ კვაზიმოდოს _ არც ისეთი საშინელი ყოფილა, როგორც ეგონა.
. . . . .
გადიოდა დრო.
კიდევ ერთი ადამიანი დაიბადა დედამიწაზე. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და. . . გამრავლდნენ დედამიწაზე ადამიანები.
ლამაზი იყო ესმერალდა, მაგრამ არც კვაზიმოდო იყო მახინჯი.
ბედნიერი იყო ესმერალდა.
. . . . .
რას გაუგებ კაცი ღმერთის ხუშტურებს. . . და ერთხელ მეუფემ რატომღაც მოისურვა დედამიწაზე ჩამოსულიყო, ღმერთმა მამაკაცის სახე მიიღო, ისეთი მამაკაცისა, მთელი თავისი ცხოვრება რომ ოცნებობდა ესმერალდა.
. . . . .
მარტო იყო სახლში ესმერალდა. კვაზიმოდო საქმეზე წასულიყო. ვიღაცამ კარებზე დააკაკუნა.
_ რომელი ხარ?
_ სტუმარი!
გაუკვირდა ესმერალდას _ ნუთუ ჩემსა და ჩემს შობილთ გარდა კიდევ არიან ადამიანებიო?!
_ მობრძანდით!
სახტად დარჩა ესმერალდა, მას წინ უღვთოდ ლამაზი მამაკაცი წარუდგა. ერთხანს დაბნეული იდგა, შემდეგ. . .
_ დაბრძანდით!
დაბრძანდა.
_ დაღლილი იქნებით, . . მოშიებულიც, რას ინებებთ?
არჩევანის უფლება მისცა სტუმარს.
_ თქვენს სიყვარულს! _ და გაიღიმა.
სიწითლემ გადაჰკრა სახეზე ესმერალდას.
_ მე მყავს მეუღლე!
_ მერე რა!
ესმერალდა დაბნეული იდგა. მამაკაცი მიუახლოვდა, მხრებზე ხელი მოხვია, მეორე ხელი ნიკაპში მოსდო და თავი ააწევინა. ცოტა გაუძალიანდა ესმერალდა და შემდეგ მინებდა მამაკაცის ძლიერ მკლავებს. ო,Oრა ტკბილი იყო უცნობის ბაგეები.
უეცრად კარები გაიღო და კვაზიმოდოც გამოჩნდა. ესმერალდა გაუსხლტა უცნობს. კვაზიმოდო განრისხებული ათვალიერებდა მამაკაცს. უცნობი ღიმილით მიუახლოვდა და 
_ მე და ესმერალდას ერთმანეთი გვიყვარს. . . მე მის წასაყვანად მოვედი.
_ მართალია? _ შეძრწუნებული სახით მოუბრუნდა კვაზიმოდო. ესმერალდას ხმა არ ამოუღია.
_ დუმილი თანხმობის ნიშანია _ ჩაიღიმა მამაკაცმა _ არჩევანი ესმერალდას ვარგუნოთ.
ესმერალდა ხან უცნობს შესცქეროდა, ხან კვაზიმოდოს. ო, რა საოცრად მახინჯია კვაზიმოდო, არა, უცნაურია, როგორ ივხოვრა აქამდე მასთან ესმერალდამ.
უცნობს გვერდში ამიუდგა ესმერალდა და თავი მხარზე მიაყრდნო.
. . . . . 
შემდეგ? ღმერთმა იცის. ერთი კი ცხადია, გაჰყვა ესმერალდა ცასი ღმერთს.
                                  1980 წ. 

  


No comments:

Post a Comment