Thursday, June 13, 2013

     ჯარისკაცის ანდერძი

ათვალიერებთ. . . მოგწონთ, არა? . . ასეცაა.Aარც შეიძლება არ მოგეწონოთ. აქ ყველა და ყველაფერი მშვენიერია, იმიტომ რომ ბუნებრივია. ტკივილი ხომ გესმით? . . გესმით! რა თქმა უნდა გესმით! გრძნობთ კიდეც! . . თქვენი თვალები ხომ ასეთი სუფთა და მრავლისმეტყველია. . . მე თავად ვინა ვარ? როგორ, ვერ მიცანით! ? კარგად შემომხედეთ და დამაკვირდით! კიდევ ვერ მიცანით? ! მე. . , მე ამ სამყაროს ჯარისკაცი ვარ. . . რომელი სამყაროსი? . . ამ სამყაროს. . , დიახ, დიახ ამ სამყაროს ჯარისკაცი ვარ! . . გეთანხმებით, ვრცელი და თავისუფალი არსებაა სამყარო, მაგრამ მასაც სჭირდება ჯარისკაცი . . . თქვენ ისე შემომცქერით . . . არა! არა! ნუ გებრალებით! მე დამთხვეული არა ვარ! მე მართლა ჯარისკაცი ვარ! იცით, ხშირად სამყაროს კედლებით ვიწრო და ჭუჭყიან ოთახებად ჰყოფენ. . .  ისევ არა გჯერათ ჩემი. . . სწორედ ამ ბოროტთა და ჩლუნგთაგან, ძლიერთა და გაუთლელთაგან, თავდაჯერებული ხეპრეებისაგან თავდასაცავად სჭირდება სამყაროს ჯარისკაცი. . .  სამყარო ხომ უსასრულოა. . . ისევ უნდოდ მიყურებთ. ნუ გეშინიათ! მეც ადამიანი ვარ, ისეთივე ადამიანი, რორგორც თქვენ. Oოღონდ მე ამ სამყაროს ჯარისკაციც ვარ. არა გჯერათ? ! დამთხვეული გგონივართ, არა? . . ეჰ, ჭეშმარიტება ხომ სიგიჟის თანაზიარია. . . სიმართლე გაინტერესებთ? მე კაცი ვარ და ღმერთი ვარ კიდევ. უკეთეს შემთხვევაში ღმერთების თანატოლი მაინცა ვარ, იმიტომ, რომ მე ადამიანი ვარ და მე ვარ ამ სამყაროს ჯარისკაცი. . . როგორ აგიხსნათ. . , იცით! როდესაც ღმერთები დედამიწაზე ჩამოდიან, ზეცას სტოვებენ, როდესაც მე ზეცაში ავდივარ, დედამიწაზეც ვრჩები, რადგანაც მ\თელი ჩემი სამყარო დედამიწაზე იწუყება და დედამიწაზევე მთავრდება. ღმერთი ზეციერი ადამიანია, ხოლო მე მიწიერი ღმერთი ვარ. . . და მე ამ სამყაროს ჯარისკაცი ვარ. ისევ დამთხვეული გგონივართ, არა?. . ეეჰ, არადა რა დიდებული თვალები გაქვთ. თქვენ. . . თქვენ უნდა გამიგოთ! ვეცდები გამიგოთ! . . მიდიხართ? იმიტომ, რომ არ გინდათ მომისმინოთ. . .  ხომ ასეა! . . წაბრძანდით, ბატონო! წაბრძანდით, მაგრამ ერთი მაინც დაიმახსოვრეთ _ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, რამეთუ არც დედამიწას და აღარც სამყაროს არ ექნება ფასი ჩვენს გარეშე!
                                         1982 წ.

No comments:

Post a Comment