Thursday, June 13, 2013

        ადამის აღსარება

დაუსაბამო, ქაოსურ დროში, ვიღაცამ, უცხომ, წარმოთქვა სიტყვა: იქმენ და. . . იქმნა.
მეც იმ შორეულ გზიდან მოვედი. ვიხეტიალე ვარსკვლავებს შორის.ათიათასჯერ გადაზელილი ვიქეცი მიწად.
მტვერი შევისხი ადამმა ხორცად.
. . . და დედამიწამ უნდოდ მიმიღო უცხო სტუმარი, რამეთუ ხორცშესხმული მეტისმეტად მსუბუქი ვიყავ.
“სადა ხარ ადამ?” მკითხავდა ვიღაც. . . აგებ ის იყო ჩემი მეობა. “აქა ვარ, აქა!” შემოვძახებდი მარტოობაში გაბეზრებული. “მე შენ გაჩუქებ კეთილ განსაცდელს. . . და თუ აჰყვები ბოროტ ზმანებას, ამიტირდები გამთენიისას. . . ცრემლად გექცევა შემოღამება.”
ტკივილის ფასად მაჩუქა ევა.
. . . . .
დიახ, ვაშლი მომაწოდა.
არ მასვენებდა ეშმაკისეული _ გამოართვი ადამ, რამეთუ დღემუდამ ბედნიერება სულსა და გონებას გაგიხუნებს და ჭეშმარიტებას დაკარგვინებს.
მაინც მაცდუნა, სიყვარული ხომ ჩანასახშივე ურწმუნოა.
საოცრებაა. . .
ქალმა, რომელმაც ჩემი ტკივილის ფასად იხილა მზის სინათლე, ხელმეორედ მშვა საკუთარი ტკივილის ფასად.
. . . . .
ახლა ვიგრძენი რაოდენი შემძლებია.
ჩემი კარნახით ცხოვრობდა ევა, გადავაქციე ხორცის მეუფედ. თავად მეუფე, მისვე სურვილით, ჩადრში ვახვევდი თავისუფლებას, რომ მებალახა. . .
მსიამოვნებდა, დიდხანს მსიამოვნებდა, მაგრამ ერთხელაც. . .
ნუთუ, ღმერთო იმისათვის მომივლინე ეს ქალი, რომ უფრო მკაცრად მეგრძნო მარტოობა.
. . . მაგრამ ყოველის დასაწყისი ხომ მისი დასასრულის დასაწყისია.
                                        1981 წ.              

1 comment: