Thursday, June 13, 2013

მეფისა და მათხოვრის ზღაპარი

უხსოვარ დროში ერთი კაცი ცხოვრობდა თურმე. მეფე ყოფილა და ყოფილა კეთილშობილი. მშვიდობიანად გაატარა მთელი ცხოვრება. როცა ეწვია მეფეს სიბერე, გადაწყვიტა, რომ სიკეთე ექმნა, დიდი სიკეთე, რომლის მაგვარიც არ სმენია ადამის მოდგმას.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გზას გაუდგა. მიდიოდა და მიდიოდა.
ბევრი სიკეთე დათესა, მაგრამ ვერ იმყოფინა ვერცერთი, რადგან კიდევ ეძებდა.
და ჰა, ერთხელაც დაღლილი მეფე ჩამოხდა ერთი ტაძრის კარებთან. მათხოვარი შენიშნა. ქისაზე იკრა მეფემ ხელი და ერთი ოქრო მისცა მათხოვარს. შეცბა მათხოვარი ოქროს დანახვაზე:
_ დაიბრუნე კეთილო კაცო შენი მონეტა!
_ კი მაგრამ რატომ? _ გაკვირდა მეფე.
_ ოქროა იგი!
_ მე არ შემშლია!
_ მე მესმის შენი, მაგრამ ჩემთვის ოქრო ბევრია!
_ ბევრია ვითომ?!
_ მე ხვალ ამ ოქროს არავინ მომცემს და უფრო მეტად გამიჭირდება!
დაფიქრდა მეფე, ბრძნულს უბნობსო ეს კაცი მართლაც და დაჰპირდა, რომ ყოველდღე ამდენს მისცემდა.
_ დიდი მადლობა, კეთილო კაცო, და ეს ცხოვრება ჭრელია, რადგან ხომ შეიძლება, რომ განმირისხდეთ, ანდა მოგბეზრდეთ და აღარ მომცეთ არცერთი გროში! რა მეშველება მერე მე, უძლურს? რომ დავაგროვო? ო, არა! არა!  მე დაგროვებას ჩვეული არ ვარ! მთელი ცხოვრება იმდენი მქონდა, რომ დღიდან დღემდე სული მიმქონდა. და ჩემი თხოვნა იქნება მხოლოდ, რომ სურვილს ჩემსას წინ არ აღუდგეთ!
_ ო, ჭეშმარიტად ბრძენი ხარ ძმაო! _ აღაფრთოვანა კეთილი მეფე მატხოვრის სიბრძნემ და გადაწყვიტა _ ტახტს დავუთმობო. იგი უფრო ღირსია ტახტის და ჭეშმარიტად სამართლიან სამეფოს შექმნის. და ეს იქნება ყველაზე დიდი სიკეთე, რომლის მაგვარიც არ სმენია ადამის მოდგმას.
_ მე მეფე ვარ და მსურს, რომ ჩემს ადგილს შენ დაეუფლო, შენ იყო მეფე!
მათხოვარი წამით გაოგნდა, მაგრამ მალე მოვიდა აზრზე. გაიფიქრა, რომ ეს ყველაფერი ან უადგილო ხუმრობა იყო, ან კი. . . ო. არა! გაფიქრებისაც კი ეშინოდა! Dაემხო მეფის ფეხებთან მაშინ და
_ შემიბრალეთ მეფევ ბატონო! მე ასეც, აქაც კარგად ვარ, რადგან ბედს არ ვემდური! არა ვარ ღირსი. Mეშინია კიდეც, რომ ამხელა ტვირთი ვიკისრო!
_ ოო, ჭეშმარიტად მეფედ შობილხარ! შენი ბედი ასე ყოფილა.
_ არა, მეფეო! აბა, რა ჩემი საქმეა მეფობა! სად გაგონილა მათხოვარი დაესვათ მეფედ?!
_ გვირგვინი მომაწოდეთ! _ შესძახა მეფემ ნაზირ _ ვეზირებს _ არ გაგონილა და დღეის შემდეგ ასე იქნება! იმეფებს, ვინც ეს დაიმსახურა!
_ არა, მეფეო! გთხოვთ შემიბრალოთ! მე მაგ გვირგვინის ღირსი არა ვარ!
_ ღმერთი გფარვიდეთ, მეფევ ბატონო! _ და შემდეგ, მეფემ დატოვა სამეფო და გადაწყვიტა სიმშვიდეში გაეტარებინა დარჩენილი წლები. მათხოვარი მალე მოეგო გონს და შეიფერა მეფის გვირგვინი.
. . . . .
_ აბა მომახსენეთ, ვირისთავებო, ხომ წესრიგშია სუყველა საქმე! ის კაცი, ხარკი არ გადაუხდიაო, რას ფიქრობს! კიდევ ვერ ხვდება, ვისთანა აქვს საქმე, ძაღლიშვილს!
_ ჯერ ჩავაყუდეთ ორი _ სამი დღე, მერე გავროზგეთ, რა თქმა უნდა, მანამდე, “თავის ნებით” მოგვცა ყოველი. . .
და ასე “მშვიდად” ცხოვრობდა მეფე _ ნამათხოვრალი. და რადგან არაფერი არ იმალება, ამ ამბავმაც მიაღწია განდეგილი მეფის ყურამდე. გაგულისდა ნამეფარი და სასახლეში მიეჭრა მეფეს. მათხოვარმა, ო, მაპატიეთ, მეფემ ვერ იცნო ნამეფარი:
_ ვინ ხარ! რა გნებავს! რისთვის მოსულხარ! ჩემი სიმშვიდე რად დაარღვიე?!
_ როგორ თუ ვინ ვარ! ნუთუ ვერ მიცან?! შენ ის არა ხარ, მათხოვარი, ტაძრის წინ რომ ოქრო გაჩუქე?!
_ როგორა ბედავ! სად გაგონილა, რომ ხელქვეითმა აუგი ჰკადროს ღმერთისტოლ მეფეს!
_ რაა?! ხელქვეითი?! ოო, საცოდავო!
_ შეჰკარით! _ იღრიალა ტახტის მფლობელმა _ მოჰკვეთეთ თავი!
. . . დიახ, ცხოვრობდა თურმე ასეთი მეფე დიდი ხნის წინათ.
                                       
  1984 წ.

No comments:

Post a Comment