Tuesday, June 11, 2013

ადამიანი და გარემო

ადამიანი და გარემო

1. დედამიწის წარმოშობა _ ჩამოყალიბება ხანგრძლივი ეტაპი იყო და მთელი ამ პროცესის დემონსტრაცია სრულ ლოგოსში თავსდება. იგი სამ ეტაპად იყოფა. პირველი, ეს არის მისი იდეურ-მენტალური ანუ ასტრალური ერა. Mმეორე, ეთერულ-ენერგეტიკული ანუ სამშვინველის ერა. ხოლო მესამე მისი ფიზიკური ფორმირების ანუ გეოლოგიური ერა.

  მთელი ეს პროცესი შეიძლება აისახოს ერთი მეტაფიზიკური ფორმულით: “თეოსმა ქაოსისგან შექმნა კოსმოსი”.

  დედამიწის ისტორიაში ასტრალური ერის ხანგრძლივობის განსაზღვრა მეტად რთულია (შეიძლება ითქვას _ შეუძლებელიც). ამ დროს გაზოვან _ მტვროვანი ნისლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი, საიდანაც წარმოიშვა პლანეტარული სისტემა, იმყოფებოდა იონიზებულ, ანუ პლაზმურ მდგომარეობაში, ე. ი. შედგებოდა თავისუფალი ელექტრონებისა და ატომთა ბირთვების, ანუ დადებითად დამუხტული იონებისაგან.

 დაიწყო დედამიწის სამშვინველის ჩამოყალიბების ერა. იგი შეიძლება ორ პერიოდად დავყოთ: მენტალრ-ენერგეტიკულ და ფორმის სამშვინველის ჩამოყალიბების პერიოდებად. თავისუფალი ელექტრონები და ატომთა ბირთვები ერთმანეთს შეუერთდნენ ურთიერთმიზიდულობისა და მაგნიტურ - ჰიდროდინამიკული ძალების მოქმედებით. ამ ნივთიერებათა ურთიერთშეერთების ინტენსივობის გაზრდის შესაბამისად იზრდებოდა დედამიწის ჩანასახის მოცულობა, წონა და შიდა წნევა. მისი შემადგენელი მასები თანდათან იკუმშებოდა და შექმნილი შიდა წნევის შედეგად გამოიყოფოდა სითბო. ამასთან ჩანასახში იშლებოდა რადიაქტიული ნივთიერებანი. მასების გრავიტაციული გადაადგილებები და კრისტალიზაცია წარმოქმნიდა ხახუნისა და კრისტალიზაციურ სითბოს. დედამიწა თანდათან ხურდებოდა. მენტალურ - ენერგეტიკული სამშვინველის პერიოდი გადადიოდა ფორმის სამშვინველის ჩამოყალიბების პერიოდზე.

დედამიწის ზედა ნაწილი (მანტია) განიცდიდა ზონურ გამოდნობა _ დეგაზაციას და ჩქარდებოდა მიწის მასების გრავიტაციული დიფერენციაცია.

 გაზოვან-მტვროვანი ნისლეულის შედედების დაწყებისას, მის შემადგენლობაში შემავალი მსუბუქი აირების ერთი ნაწილი გაიფანტა მსოფლიოს სივრცეში, მეორე ნაწილი კი (აქროლადი ნივთიერებითურთ) თან წარიტაცა მანტიის ნივთიერებებმა და შემდეგ, წნევისა და ტემპერატურის გაზრდის შესაბამისად, გამოიყო ზედაპირზე (მოხდა დეგაზაცია) და შეიქმნა დედამიწის პირველადი ატმოსფერო. მასში სჭარბობდა ნახშირორჟანგი და წყლის ორთქლი. ამ დროს დედამიწის ზედაპირი და ატმოსფეროს ქვედა ფენები გახურებული იყო.  მანტიისაგან გამოყოფილი აირები თავს იყრიდა ატმოსფეროში და დედამიწის ირგვლივ სქელ ფენას ჰქმნიდა. პირვანდელი ატმოსფერო პრაქტიკულად გაუმჭვირვალე იყო და მიწა თბებოდა მხოლოდ საკუთარი სითბოთი. დროთა განმავლობაში ძირითადად დამთავრდა მიწის მასების შეკუმშვა-გრავიტაციული დიფერენციაცია და მნიშვნელოვნად შემცირდა რადიაქტიულ-კრისტალიზაციური სითბო. მიწის ზედაპირმა დაიწყო გაციება, დედამიწამ სამშვინველის ერიდან დაიწყო თანმიმდევრული გადასვლა გეოლოგიურ ერაში. მიწა გარკვეული დროის შემდეგ ქერქით შემოიფარგლა.

2. დაიწყო ფიზიკური ფორმირების ანუ გეოლოგიური ერა. ამ ერის პირველი ეტაპის დასაწყისი, გეოლოგიური მეცნიერების მიხედვით, იყო ქერქის გაჩენის მომენტი და იგი გაგრძელდა წყლის წარმოქმნამდე. ეს იყო პრაქტიკულად უწყლო დრო _ დედამიწის ზედაპირზე არსებული მაღალი ტემპერატურის გამო. სამაგიეროდ, ატმოსფეროში მთავარ როლს წყლის ორთქლი ასრულებდა. ამ დროს დედამიწაზე მიმდინარეობდა ინტენსიური ფართობული ამოფრქვევები _ ბაზალტური ლავა ადვილად არღვევდა თხელ ქერქს. გაცივების შესაბამისად ქერქი თანდათან გასქელდა, გამკვრივდა და ამოფრქვევა ნაპრალური გახდა, რის გამოც დედამიწის ზედაპირი დაიფარა ბაზალტის უზარმაზარი ლავური ველებით, კონუსებით, კრატერებით და სხვა ისეთი ფორმებით, მთვარეზე რომ არის.

 დედამიწის ზედაპირი და ატმოსფერო თანდათან ცივდებოდა. როცა  ატმოსფეროს წნევა და ტემპერატურა  დავიდა წყლის კრიტიკულ სიდიდემდე, მოხდა წყლის კონდენსაცია, წარმოიშვა წყალი და დაილექა დედამიწაზე და შექმნა პირველადი ოკეანეები. ატმოსფერო თანდათან განთავისუფლდა წყლის ორთქლისაგან, გაიზარდა მისი გამჭვირვალობა, მზის სხივებმა მიაღწია დედამიწის ზედაპირს და მისი ტემპერატურის წარმმართველი ძალა გახდა. შეიქმნა ტამპერატურული კონტრასტი ეკვატორულ და პოლუსურ მხარეებს შორის. შეიცვალა ატმოსფეროს პირობებიც, რადგან მასში გაჩნდა ჰაერის მასების ზოგადი ცირკულაცია და დაიწყო წყლის წრებრუნვა. მიწის ქერქში დაიწყო ეგზოგენური პროცესები (გამოფიტვა, დალექვა და სხვა), ადგილი ჰქონდა ენდოგენურ პროცესებსაც (ნაპრალური ხასიათის ინტენსიურ ვულკანიზმს), რაც იწვევდა მიწის ქერქის თანდათან გასქელებას. ეს პროცესი სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სიძლიერით წარიმართებოდა. ინტენსიური გასქელების ადგილები უფრო და უფრო ამაღლდა, ოკეანის დონეს ამოცდა (ზემოთ ამოვიდა), ჯერ ხმელეთად და შემდეგ კონტინენტად იქცა, მიწის რელიეფი უსწორმასწორო გახდა.

  პირველადი ოკეანე თითქმის მთლიანად ფარავდა ჩვენი პლანეტის ზედაპირს (რელიეფის მცირე უსწორმასწორობის გამო) და საშუალო სიღრმით ბევრად ჩამორჩება ახლანდელს. დასაწყისში იგი ცხელი და მჟავე იყო, რადგან შეიცავდა მანტიიდან გამოყოფილი მძლავრი მჟავების ხსნარებს და ატმოსფეროს აირების ნაწილს. დროთა ვითარებაში ეს ოკეანე თანდათან განეიტრალდა, რადგან შემცირდა დეგაზაციის პროდუქტები, წყალმა გახსნა ქერქის ნივთიერებების ნაწილი და დაიწყო მასთან ქიმიური ურთიერთობა.

 ასე თანდათან ვითარდებოდა მიწის ქერქი. “თქვა ღმერთმა” და დაიწყო დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაც (წყალმცენარეები, ბაქტერიები, სოკოები) და მათი ცხოველმოქმედებით ატმოსფეროში გაჩნდა თავისუფალი ჟანგბადი და აზოტი და ნახშირორჟანგის შემცველობა შემცირდა.

  შემდგომ ეტაპზე კიდევ უფრო გაიზარდა ორგანიზმების რაოდენობა და როლი, გაჩნდა ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯგუფები, გვარები, სახეობები, მათ ხარჯზე წარმოიშვა ორგანული ქანები.

  ატმოსფეროში შემცირდა ნახშირორჟანგი და გაიზარდა აზოტ-ჟანგბადის რაოდენობა, ოკეანის წყალი კი ქლორიდულ-კარბონატულ-სულფატური გახდა. შემცირდა რკინისა და მრავალი სხვა ქიმიური ელემენტების მოძრაობის უნარიც.  ისინი დაილექნენ ოკეანის ფსკერზე და მოგვცეს კაჟიან-რკინიანი შლამები. დაიწყო ზღვის წინსვლა-უკუსვლა. გადაირეცხა ხმელეთის დანაოჭებულ-მეტამორფული ქანების გარკვეული ნაწილი და მასზე განლაგდა დანალექი წყებები. ძველი ქერქი დაწყდა, მიღებული ნაწყვეტები ზევით და ქვევით ამოძრავდა და მოგვცა ბაქნები. Aამავე დროს ადგილი ჰქონდა დანაოჭების ციკლებს. ბაქნებს მოემატა ახალი მასები და მიწის ქერქში შეიჭრა უზარმაზარი გრანიტული ინტრუზიები.

 ატლანტის სეგმენტში წარმოიშვა უზარმაზარი კონტინენტი _ ლავრაგონდია (ლავრაზია + გონდვანა), მის მოპირდაპირე  მხარეზე კი ასეთივე გიგანტური, წყნარი ოკეანის ტაფობი.  მაგრამ ლავრაგონდიას არ დასცალდა დიდხანს ყოფნა, და მისი კონსოლიდაციის თითქმის დასასრულს გაიყო ორ დიდ კონტინენტად _ ლავრაზიად და გონდვანად. გაწყვეტა მოხდა ხმელთაშუა ზღვაზე გამავალ ზოლზე. ლავრაგონდია დანაპრალდა ახლანდელი ატლანტური და ინდოეთის ოკეანეების სამხრეთ ნაწილშიც და ჩაისახა ეს ოკეანეები.

 ლავრაზიას უწოდებენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წინათ არსებულ დიდ კონტინენტს, რომელიც მოიცავდა ახლანდელ ჩრდილოეთ ამერიკას, ანუ ლავრანდიას, ევროპას, აზიის დიდ ნაწილსა და დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ოკეანეებში ჩაძირულად მთელ რიგ ტერიტორიებს.

 გონდვანა წარმოადგენდა გიგანტურ კონტინენტს, რომელიც მოიცავდა ინდოეთის ოკეანეს, ავსტრალიას, ინდოეთს, თითქმის მთელ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკის უმეტეს ნაწილს, ანტარქტიდაც მისი ნამსხვრევია.

 შემდგომ გაძლიერდა ლავრაზია _ გონდვანის კონტინენტების დანაწილება. დაწყვეტა უმთავრესად წარიმართა მერიდიანული მიმართულებით. ზღვამ დაიკავა თითქმის მთელი ევროპა და ურალის დასავლეთ-აღმოსავლეთის მხარეები. ამერიკის კონტინენტზე სანაპიროს მთები და ანდები. გონდვანის ადგილზე წარმოიშვა ბრაზილიის, აფრიკა-არაბეთის, მადაგასკარისა და ინდოეთის ბაქნები. გაჩნდა ატლანტის ოკეანის სამხრეთი ნაწილიც. ავსტრალიასა და აფრიკას შორის არსებული ტერიტორიაც ზღვამ დაიკავა _ წარმოიშვა ინდოეთის ოკეანე. ლავრაზია გაიყო ევრაზიისა და ჩრდილო ამერიკის ბაქნებად, აღიმართა მთები. საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე კონტინენტებსა და ზღვებს, მათი სიდიდე და მოყვანილობაც მიუახლოვდა თანამედროვეს. და შემდგომი მთელი რიგი პროცესების შედეგად დედამიწამ მიიღო თანამედროვე სახე.

 3. იდეამ, დედამიწაზე კაცობრიობის ფორმირების შესახებ, საერთოდ სიცოცხლის (სხვა ცოცხალი ორგანიზმების) შექმნასთან ერთად დაიწყო არსებობა. ეს იდეა ორმაგ (ორჯერად) ვარსკვლავ სირიუსზე დაიბადა და ეს იყო კაცობრიობის არსებობის ჰიპერბორიული პერიოდი.

 ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსი _ ორჯერადია. იგი წითელი ვარსკვლავია. Aამ ვარსკვლავის თანამგზავრია თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც მთავარი ვარსკვლავის ირგვლივ 50 წლის განმავლობაში გარემოიქცევა და ოცჯერ უფრო შორდება მას, ვიდრე დედამიწა მზეს.

  ორჯერად ვარსკვლავებს ფიზიკურად მჭიდროდ აკავშირებს მსოფლიო მიზიდულობის ძალები. ეს ვარსკვლავები ერთადაა წარმოშობილი.

  სირიუსის ჯუჯა თანამგზავრი დიამეტრით მზეზე 30 -ჯერ პატარაა, ხოლო მოცულობის მიხედვით _ 27000-ჯერ. მისი საშუალო სიმკვრივე დაახლოებით 30000 -ჯერ მეტია წყლის სიმკვრივეზე. რა არის ეს უჩვეულო ნივთიერება? თურმე ეს ისეთივე გაზებია, როგორსაც დედამიწაზეც ვხვდებით, მხოლოდ განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი. გაზის ატომები რთულ სისტემებს წარმოადგენს. ისინი შედგებიან ბირთვებისა და მათ ირგვლივ მბრუნავი ელექტრონებისაგან. წნევის გავლენით შეუძლებელია ამ ატომების ერთმანეთთან მიახლოება მათი სისტემების ურთიერთშეხებაზე მეტად ისე, რომ არ დაირღვეს ეს სისტემები. თეთრი ჯუჯის ბირთვში ძალიან მაღალი ტემპერატურისას ატომები საოცარი სისწრაფით დაჰქრიან და შეჯახების დროს იშლებიან. ბირთვებისა და მათ ირგვლივ მბრუნავი ელექტრონების სისტემიდან ისინი გადაიქცევიან ბირთვებისა და ელექტრონებისაგან შემდგარ არაწესიერ ნარევად. ამ უკანასკნელთა სიდიდე გაცილებით ნაკლებია ატომების, როგორც სისტემების სიდიდეზე.  ასეთი გათიშული ნაწილაკები შეიძლება უფრო მეტად შემჭიდროვდეს, რის შედეგადაც მიიღება უჩვეულო სიმკვრივის ნივთიერება. გაზების ამ მდგომარეობამდე დამწნეხ ძალას ვარსკვლავის ზედა ფენების წონა წარმოადგენს. ზოგჯერ ეს ძალები ვარსკვლავებში ისეთ თვისებებს ამჟღავნებენ, რაც დედამიწაზე ცნობილი არ არის.

 როგორც ცნობილია, ვარსკვლავების ფერი მათი ზედაპირის ტემპერატურას შეესატყვისება. მოცისფრო ვარსკვლავები ყველაზე ცხელია _ ამ ვარსკვლავების ზედაპირზე ტემპერატურა ათეულ-ათასობით გრადუსს აღწევს. თეთრი ვარსკვლავების ზედაპირზე _ 10000 -ს, ყვითლისა, როგორც ჩვენი მზეა 6000 -ს, წითელი ვარსკვლავების ზედაპირზე კი _ 3000 -ს და ნაკლებს. ეს ვარსკვლავის ზედაპირის ტამპერატურაა, ვარსკვლავის ცენტრის მიმართულებით ტემპერატურა იზრდება და ცენტრში მილიონ და ათეულ მილიონ გრადუსს აღწევს.

  4. ამ იდეაში ადამიანი განხილული იყო როგორც მსოფლიოს მიკრომოდელი: ღვთის ხატი. მასში თავიდანვე იყო ჩადებული ორი საწყისი (“ჰო” და “არა”, “ინი” და “იანი” _ ფიზიკური და მეტაფიზიკური), მაგრამ ეს ორი საწყისი განუყოფელ ერთიანობას წარმოადგენდა.

 “შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი” /დაბადება 1 (27)/.

 არსობის დამფუძნებელი პრინციპი _ წინააღმდეგობათა ერთიანობა, რომელიც თვალნათლივ აისახა მსოფლიოს ბიპოლარობაში _ იყო ძირეული პრინციპი ადამიანის მოდელის შექმნაში. ეს პრინციპი, შემდგომ, ადამიანის აზროვნებაშიც აისახა, როგორც უმარტივესი ლოგიკური ოპერაცია: “ყოველი გამონათქვამი წარმოშობს ახალ გამონათქვამს, რომელსაც ამ გამონათქვამის უარყოფა ეწოდება”, და ეს პრინციპი წინააღმდეგობათა ერთიანობა მსოფლიური თანაარსებობის ქვაკუთხედად იქცა.

 მსოფლიური ბიპოლარობის პრინციპი არც ამ შემთხვევაში დარღვეულა, ადამიანი იდეაშივე “მამაკაცად და დედაკაცად” ჩამოყალიბდა, და ის მთლიანად განლაგდა სრულ, შვიდგანზომილებიან სივრცეში (ნახ.).  სირიუსის წითელ გიგანტზე შეიქმნა იდეა მამაკაცის ფიზიკური, ხოლო დედაკაცის _ ასტრალური (სული) სხეულების შესახებ, თეთრ ჯუჯაზე _ მამაკაცის ასტრალური, ხოლო დედაკაცის _ ფიზიკური  სხეულების შესახებ. მათ შორის არსებულ გრავიტაციულ _ მაგნიტურ ველში კი _ ორივეს (მამაკაცის და დედაკაცის) ეთერულ (სამშვინველი) სხეულთა შესახებ. იმ დროში, სანამ ეს იდეა მომწიფდა ფორმირებისათვის, დედამიწაზე სიცოცხლე თავისი განვითარების გარკვეულ სტადიაში შევიდა.  უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა ფლორა და ფაუნა.

მომწიფდა იდეა, დადგა დრო კაცობრიობის ფორმირებისა და ეს ფორმირება მოხდა ზეკონტინენტ ლავრაგონდიას ცენტრში_დღევანდელი აღმოსავლეთ აფრიკის ტბების მიდამოებში.



  5. იდეის განხორციელება დედამიწაზე დროში მოხდა, რომელიც მეხსიერებას (არაცნობიერს)  შავი ხვრელის სახით შემორჩა.

  პირველი, იგივე ჰიპერბორიელი ადამიანის სხეული მსუბუქი და გამჭვირვალე იყო. იგი საოცრად გავდა წყლის (ბლანტ) შედედებულ მასას. მისი “აზროვნებაც” და მოძრაობაც განსხვავდებოდა ჩვენთვის ცნობილი თანამედროვე ადამიანის აზროვნებისა და მოძრაობისაგან. მისი სრული არსება შედგებოდა სამი წევრისაგან: ასტრალური, ეთერული და ფიზიკური სხეულებისაგან და მისი მენტალური სხეული მსოფლიური გონის თანაზიარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არა მსჯელობის, არამედ ჭვრეტის მეშვეობით “აზროვნებდა”, ე. ი. იგი პირდაპირ ღებულობდა მსოფლიურ ინფორმაციებს და მისთვის აბსოლუტურად გახსნილი იყო ორივე სივრცე (შვიდივე განზომილება) დრო ჯერ კიდევ განუყოფელი იყო და ამიტომ სიკვდილი არ არსებობდა.

 ჰიპერბორიელთა საკვებს კოსმიური ენერგია წარმოადგენდა, ხოლო ფიზიკური სხეულის სისმსუბუქის გამო მათი მოძრაობა საოცრად ჰაეროვანი იყო, რაც გამორიცხავდა სხეულის ნებისმიერ ტრამვას.  ხოლო მსოფლიური სივრცის განუყოფელობის გამო, ჰერ კიდევ განუყოფელი იყო პირველადი, მსოფლიური სიყვარული. შეურყვნელი იყო მეტაფიზიკური ველი და ინფორმაცია, და არ არსებობდა დაავადებანი.

 ჰიპერბორიელი კაცობრიობა დროთა განმავლობაში ლავრაგონდიის ცენტრალური ნაწილიდან მთელ კონტინენტზე განსახლდა.

 6. ერთიან მსოფლიურ სივრცეში ნელ-ნელა მიმდინარეობდა მისტიურ მეცნიერებათათვის ცნობილი პროცესები, რაც მრავალი კულტურის წარმართულ თეოლოგიურ და კოსმოგონიურ მითებში აისახა როგორც ღმერთების ბრძოლა (იგივე, ანგელოზთა ამბოხი) რამაც წარმოშვა დაპირისპირება მსოფლიურ ბიპოლარობაში და მსოფლიური სივრცის ერთიანობის რღვევა.

 ამ პროცესთა შედეგები დედამიწაზეც აირეკლა და ერთიან კონტინენტს გაუჩნდა ბზარები.

 სამწევრა ჰიპერბორიელი კაცობრიობისაგან დაიწყო ჩამოყალიბება ოთხწევრა კაცობრიობამ, გაჩნდა მეოთხე _ მენტალური სხეული, მაგრამ ეს სხეული ჯერ კიდევ მსოფლიური გონის თანაზიარი იყო. ჰიპერბორიელი კაცობრიობა სამ ძირითად რასად ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ განუყოფელი კონტინენტის პერიოდში: ცენტრში (დღევანდელი აფრიკის ცენტრალურ ზოლში) _ ნეგროიდული რასა, სამხრეთით _ ლემურული, ხოლო ჩრდილოეთით (დღევანდელი ხმელთაშუა ზღვის აუზში, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობდა) _ ატლანტიდური რასა.

 7. როგორც უკვე შევნიშნეთ, სამშვინველი (იგივე, ეთერულ-ენერგეტიკული სხეული) ფიზიკური და მეტაფიზიკური სივრცეების (ანუ, ხორცის და სულის) მიჯნაზე შეიქმნა. ამიტომ იგი ატარებს ორივეს თვისებას (ხასიათს). ეს სივრცეები ერთმანეთის მიმართ პოლარობით ხასიათდებიან, რითაც შეიძლება აიხსნას სამშვინველის ბიპოლარობა.

 პითაგორას მეტაფიზიკურ-კოსმოგონიური სწავლების მიხედვით: “სული ბოძებული გვაქვს მზისგან; სამშვინველი _ მთვარისგან, ხოლო სხეული _ დედამიწისგან”.  როგორც კოსმოგონიიდანაა ცნობილი, მთვარე მართავს შეუგრძნობად და ირაციონალურ სამყაროს, ესთეტიზმის სამყაროს.

  სამშვინველი სულისაგან არაცნობიერის ინფორმაციას ღებულობს და ატარებს მენტალური სხეულის “ნებით” თვისებებს, ეს იგივე ასტრალური ინფორმაციაა, რომელშიც კოდირებულია კარმიული სიყვარული _ ანუ ის, რაც მსოფლიური ნებაა. ხოლო სხეულისაგან _ ცნობიერის ინფორმაციას, რაც გამოიხატება ადამიანის სურვილებში, რასაც, შესაძლებელია “ნებელობითი” თვისებები ვუწოდოთ.

  8. იმისათვის, რომ ყოველივე ზემოთქმული უფრო გასაგები გახდეს, ცალ-ცალკე განვიხილოთ არაცნობიერის, ქვეცნობიერისა და ცნობიერის თვისობრიობა.

  არაცნობიერი სულის ფუნქციაა. იგი ინახავს ინფორმაციას სულის ყოველი ინკარნაციის შესახებ და ამ ინფორმაციათა დაგროვების ხარჯზე მდიდრდება მისი გამოცდილება. სწორედ არაცნობიერის ხარჯზე ყალიბდება მენტალური სხეული, მეოთხე წევრი ადამიანის აგებულებაში, და იგი სულის ნაწილია, რადგან იქმნება ინკარნაციების მეშვეობით, ე.ი. დროში. აქედან, არაცნობიერი ასტრალური არსების თვისებაა და მისი გამოვლენა მხოლოდ და მხოლოდ ქვეცნობიერში გარდატეხის შედეგად ხდება.

  9. რაც შეეხება ქვეცნობიერს _ იგი სამშვინველის ფუნქციაა. მისი ატრიბუტი ტემპერამენტია, რომელიც შეუძლებელია ცვალებადი იყოს.  ტემპერამენტი _ უნარია შთაბეჭდილებების მიხედვით გარეგანი სამყაროს არეკვლისა.

 ცნობიერება იგი ფიზიკური სხეულის (ტვინის) ფუნქციაა _ აღიქვამს გარე სამყაროდან შთაბეჭდილებებს და შემდეგ ქვეცნობიერის მეშვეობით ახდენს რეაგირებას გრძნობებზე, აღგზნებებზე და აზროვნებაზე. სხეულის ყოველ უმცირეს ნაწილშიც კი დევს ქვეცნობიერის მოღვაწეობა და ეს მოღვაწეობა (ტემპერამენტი) გამოხატავს ინდივიდის სამშვინველის წყობის საიდუმლოებას.

 ზოგადად ახასიათებენ ოთხი ტიპის ტემპერამენტს, რომელიც ოთხ კოსმოგონიურ სტიქიასთანაა  დაკავშირებული. მაგალითად, ცეცხლის სტიქიის შესაბამისი ფსიქოლოგიური ტემპერამენტი _ ქოლერიკია; მათ ახასიათებთ სწრაფი და ღრმა რეაქცია ნებისმიერი შთაბეჭდილებების მიმართ, მაგრამ ხშირად ეს რეაქცია სუბიექტურია. მიწის სტიქიას შეესაბამისება მელანქოლიკი; მათი თვისებაა მგრძნობიარობა. ისინი უფრო საკუთარ “მე”-ში არიან ჩაფლულნი. ახასიათებთ დაფიქრება და განსჯა. ჰაერის სტიქიას შეეფერება სანგვინიკური ხასიათი, რაც გამოიხატება მსუბუქ, სწრაფ, ყოველმხრივ, მაგრამ ზედაპირულ შეგრძნებებში. და ბოლოს, წყალი ამჟღავნებს ფლეგმატურ ტემპერამენტს _ იგი ზანტი, ნაკლებად აღგზნებადი, მშვიდი და გაწონასწორებულია. როგორც წესი, ისინი არ ჰყვებიან შთაბეჭდილებებს, ახასიათებთ აუჩქარებელი განსჯა და შენელებული მოქმედება.

 10. ქვეცნობიერი ხიდის როლს ასრულებს არაცნობიერისა და ცნობიერს შორის. ცნობიერში აღქმული შთაბეჭდილებები ქვეცნობიერში გადადის და ბოლოს, ადამიანის სიკვდილის შემდეგაც, არაცნობიერში ინახება. ეს ინფორმაცია ზრდის და ამდიდრებს ადამიანის სულს. სულში ცნობიერად დალექილ  ინფორმაციას შესაძლებელია კარმიული ინფორმაცია ვუწოდოთ. მაგრამ არაცნობიერი, არა მხოლოდ კარმიული, ასტრალური (მეტაფიზიკური) სამყაროს ინფორმაციითაც მდიდრდება. ამ ინფორმაციათა ნაწილი ქვეცნობიერში გადმოედინება და ზოგჯერ მათი გაცნობიერებაც ხერხდება.

ნებისმიერი ეს გაცნობიერება დამოკიდებულია ინდივიდის ტემპერამენტზე, ხასიათსა და ნიჭზე. და რამდენადაც ადამიანები ამ მახასიათებლით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, ამდენად მათ მიერ გაცნობიერებული ინფორმაცია სუბიექტურია.

 ტემპერამენტი ექვემდებარება ნებისყოფის, პასუხისმგებლობისა და შემოქმედების ზეგავლენას. ნებისყოფის დაძაბვით ადამიანს ძალუძს გაძლიერდეს და ხასიათში გამოიმუშაოს სითამამე და გამბედაობა. პასუხისმგებლობის ასამაღლებლად აუცილებელია მოთმინება და ამტანობა. ხოლო შემოქმედება ხასიათში აყალიბებს დამოუკიდებლობას და მიზანსწრაფვას.

 ნიჭი _ (იგივე არაცნობიერი ინფორმაცია) წინა ცხოვრების გამოცდილების შინაგანი სიმდიდრეა. სამშვინველი გარდაცვალების შემდეგ ობიექტური მდგომარეობიდან სუბიექტურ არსებობაში გადადის (ანუ, სამშვინველის ის ნაწილი, რომელიც სულში მენტალურ წევრს აყალიბებს) და თან მიაქვს ამ ცხოვრებისეული გამოცდილებების ის ჭეშმარიტი სიმდიდრე, რომელიც აუცილებელია მომავალი ცხოვრებისა და სულიერი გამოცდილებისათვის.

 ხასიათის, რომელიც დამოკიდებულია ადამიანის ნიჭსა და ტემპერამენტზე, განუვითარებლობა იწვევს სამშვინველის სულიერი არსის დაცემას. ამ შემთხვევაში ინდივიდი ემყარება ტემპერამენტის ფსიქოტიპს, რომელშიც ჩამოყალიბებულია წინა ცხოვრების კარმიული წარსული. ყოველი ახალი დაბადების მიზანი კი წინა ცხოვრების ცოდვების შემცირებაა ახალ ცხოვრებაში. ნებისმიერ ადამიანს ძალუძს მიაღწიოს მაღალ ზნეობრივ და გონებრივ განვითარებას და გახდეს სრულყოფილი. თავისი ცხოვრების შემოქმედი თვითონაა ადამიანი და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში საშინელი ხვედრი ელის _ ვალი დაფარული უნდა იქნას.

 11. ისევე, როგორც ინდივიდს, საზოგადოებასაც გააჩნია ცნობიერი, ქვეცნობიერი და არაცნობიერი.

 საზოგადოებრივი არაცნობიერი ინახავს ინფორმაციას ამ საზოგადოების არსებობის აუცილებლობის, იგივე სულიერი მისიის, შესახებ. საზოგადოებრივი არაცნობიერის გაცნობიერების შესაძლებლობა საზოგადოების (მასების) შესაძლებლობას აღემატება და ძირითადად ინდივიდის სულიერად განვითარებული ფსიქოტიპის უპირატესი ნიჭია. მასობრივი (საზოგადოებრივი) ცნობიერება ძირითადად ქვეცნობიერზე ღრმად ვერ მიდის. მისთვის უცხო რჩება არაცნობიერის ყოველი გამოვლინება. არაცნობიერის გამოვლინება კი ინდივიდის თვისებაა. აქედან იწყება არასრულფასოვნების კომპლექსი _ რაც შედეგია იმისა, რომ საზოგადოება ინდივიდს ვერ იღებს ისეთს, როგორც არის იგი ბუნებით. საზოგადოება ცდილობს ინდივიდის შინაგანი სამყარო მოაქციოს თავისვე მიერ ხელოვნურად შექმნილ სტანდარტებში, ისე რომ არც კითხულობს რა თვისებებია მის პიროვნულ ბუნებაში. ინდივიდი იძულებულია უარი თქვას საკუთარ ბუნებაზე და წყდება განვითარების ინდივიდუალურ გზას და შემდგომ იგივეს (პიროვნულს) ავლენს არაბუნებრივი სახით. შემდგომში მისი გასწორება ბევრად უფრო რთული ხდება _ რადგან დათრგუნული ბუნებრივი არსი გამოვლინდება დამახინჯებული არაცნობიერი ფორმით. აკრძალული შინაგანი ბუნება დააფრთხობს ადამიანს და ასე იწყება არასრულფასოვნების კომპლექსი. ისტორიულ პერიოდს არ ახსოვს ისეთი საზოგადოება, რომელსაც ინდივიდის ბუნების ნებისმიერი გამოვლინება შემწყნარებლურად მიეღოს.

  12. მოკლედ, ყოველივე ზემოთქმული შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ. ადამიანის სრული ფსიქიკა (ფსიქიკა + მეტაფსიქიკა) შედგება სამი ცნობიერისაგან: ცნობიერი, ქვეცნობიერი და არაცნობიერი. აქედან, ცნობიერი ფიზიკური სხეულის თვისებაა, არაცნობიერი _ სულის, ხოლო ქვეცნობიერი _ სამშვინველის. ქვეცნობიერს, ძირითადად, შუა მდგომარეობა უჭირავს არაცნობიერსა და ცნობიერს შორის, რამეთუ არაცნობიერი ინფორმაციის ცნობიერი აღქმა მხოლოდ მისი (ამ ინფორმაციის) ქვეცნობიერში შემოსვლის შემდგომ ხდება (მაგალითად, ასტრალური ხასიათის სიზმარი არაცნობიერიდან ქვეცნობიერის მეშვეობით შემოდის ცნობიერებაში). ასევე ცნობიერი ინფორმაცია (შთაბეჭდილებანი) ქვეცნობიერის მეშვეობით სულ მისხალ-მისხალ აიწონება არაცნობიერში.

13. ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ენერგეტიკა გაწონასწორებულ მდგომარეობაში იმყოფება და ენერგეტიკული წონასწორობის რღვევა იწვევს ფიზიკური ჯანმრთელობის მოშლას (ნახ.).

როგორც უკვე ვიცით, ადამიანის სხეულზე ფიქსირდება შვიდი ჩაკრა. აქედან პირველი და მეშვიდე ჩაკრა ერთმანეთთან ქმნიან ერთიან

ნეიტრალურ მუხტს (ისინი ბიპოლარულია ერთიანობაში, რადგან მამაკაცის პირველი ჩაკრა “უარყოფითია”, მეშვიდე _ ”დადებითი”; დედაკაცში _ პირიქით), ხოლო დანარჩენი (მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე) ჩაკრები თავის თავში არიან ნეიტრალურნი (ე. ი. მოიცავენ როგორც “დადებითს”, ისე “უარყოფითს”, ანუ თავის თავში არიან ბიპოლარულნი).

 თითოეული ჩაკრა წარმოადგენს გარკვეული ანატომიური სისტემის ენერგოინფორმაციულ ცენტრს და მის ენერგიას (ჯანმრთელ მდგომარეობაში) თავისი განსაზღვრული ფერი ახასიათებთ (ნ.ახ.).
  

7. იისფერი                                                                    

6. ლურჯი                                                         

5. ცისფერი

4. მწვანე

3. ყვითელი

2. ნარინჯისფერი

1. წითელი

ნახატზე: 6 _ შეესაბამება _ ჰიპოფიზს; 5 _ ფარისებრ ჯირკვალს; 4 _ მზის წნულს; 3 _ ჭიპს; 2 _ პროსტატას.

ჩაკრები ერთმენეთს ენერგოინფორმაციული არხებით უკავშირდებიან. ეს არხებიც, როგორც მთლიანად ადამიანი, ბიპოლარულნი არიან და თავის ტვინს ხერხემლის მეშვეობით აკავშირებენ ორგანოებთან. ტვინიდან მომდინარე “ბრძანებას” ერთი არხით (დაღმავალი) ღებულობს ორგანო, ხოლო მეორე არხით (აღმავალი) “პასუხს” აძლევს. საკმარისია, რომელიმე არხი (კავშირი) გაწყდეს (“ბრძანებითი” თუ “საპასუხო”), ორგანო ზიანდება (ავადდება).

14. ადამიანის ორგანიზმს და მის კავშირს გარე სამყაროსთან თავის ტვინი განაგებს. იგი, იერარქიულად, უმაღლეს საფეხურზე დგას ადამიანის ორგანიზმში.

 მოკლედ მიმოვიხილავ რამოდენიმე ორგანოს, რომელთა მეშვეობითაც თავის ტვინი მართავს როგორც საკუთარ სხეულს, ასევე კავშირშია გარე სამყაროსთან. ესენია ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები: ჰიპოფიზი, რომელშიც თავის მხრივ გამოიყოფა ადენოჰიპოფიზი და ნეიროჰიპოფიზი, ეპიფიზი (იგივე _ ჯალღუზისებრი სხეული) და მათ შორის მდებარე (შუამდებარე ტვინში _ მხედველობის ბორცვქვეშა მიდამო) ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები (ნეიროენდოკრინული უჯრედები).

 ჰიპოფიზს ახასიათებს მეტად რთული ფუნქცია. იგი ტრანსმიტერული მოქმედების ჯირკვალია, ავრცელებს პერიფერიულ ჯირკვლებსა და ორგანოებზე ნეიროსეკრეციული ჰორმონების მოქმედებასა და ამავე დროს თვითონ არის ზოგიერთი პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლის მარეგულირებელი. მისი მეშვეობით მყარდება ენერგო-ინფორმაციული კავშირი ადამიანის ტვინსა და დანარჩენ ორგანოებს შორის (მეექვსე ჩაკრა). ჰიპოფიზის ენერგეტიკის (აურის) ჯანმრთელი ფერია _ ცისფერი, რომელიც გამოხატავს ნორმალურ გონებრივ ენერგიას. რაც უფრო მუქია ცისფერი, მით უფრო ძლიერია მფლობელის ინტელექტი. ჰიპოფიზი იყოფა ორ წილად: წინა _ ადენოჰიპოფიზი და უკანა _ ნეიროჰიპოფიზი.

 ადენოჰიპოფიზის ჰორმონები მოქმედებს სხეულის ზრდაზე, ფარისებრი  ჯირკვლის ფუნქციაზე, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან ნაწილზე და სასქესო ჯირკვლებზე. იგი კავშირშია ადამიანის ქვეცნობიერთან (შეიძლება ითქვას რომ იგი ასრულებს ქვეცნობიერში დირიჟორის ფუნქციას).

 ნეიროჰიპოფიზის ჰორმონები ააქტიურებს გლუვი კუნთების მოქმედებას _ ავიწროებს სისხლძარღვთა კედლებს, ააქტიურებს საშვილოსნოს მოტორიკას, არეგულირებს წყლის რეაბსორბციას თირკმელებში. იგი დირიჟორია ცნობიერისა.

 ეპიფიზი მდებარეობს შუა ტვინის სახურავის ზედა გორაკებს შორის, იგი მაქსიმალურ განვითარებას აღწევს 7 წლის ასაკში, შემდეგ კი იწყება მისი ნაწილობრივი ინვოლუცია. მისტიურ მეცნიერებათა მიხედვით, შვიდ წლამდე ბავშვი ჯერ კიდევ ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია შვიდგანზომილებიან მსოფლიოსთან და მისი არაცნობიერი მეტ-ნაკლებად ღია (გახსნილ) მდგომარეობაში იმყოფება. ძველი ინდოელები ეპიფიზს “მესამე თვალად” მიიჩნევდნენ და მას უკავშირებდნენ წარსულის წარმოსახვის უნარს. ჰეროფილე (ძვ. წ. .III ს.) მას აღიარებდა წინასწარმეტყველების ორგანოდ. დეკარტე (XVII ს.) ეპიფიზს “სულის სამყოფელს” უწოდებდა და მასვე უკავშირებდა ფსიქიურ დაავადებებს. უკანასკნელ დროს ეპიფიზს უკავშირებენ ორგანიზმში მიმდინარე სეზონურ და სადღეღამისო ციკლების რეგულირებას, რის გამოც მას  თავისებურ ბიოლოგიურ საათადაც მიიჩნევენ. დადეგენილია მისი მონაწილეობა სტრესული სიტუაციისას ორგანიზმის დაცვითი რეაქციების განხორციელებასა და მობილიზებაში. და ბოლოს, იგია ადგილი არაცნობიერისა ადამიანის თავის ტვინში. მისი ენერგეტიკის ბუნებრივი ფერია იისფერი: ასახავს ყოველივეს, რასაც პარანორმალურ მონაცემებს უწოდებენ. იისფერი განვითარებული ინტუიციის, ექსტრასენსორული ნიჭის ფერია. მისი უმაღლესი საფეხურია თეთრში გარდამავალი იისფერი _ იგი სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომ ადამიანებს გააჩნიათ.

Eეპიფიზურ _ ჰიპოთალამუსურ _ ჰიპოფიზური ერთიანი სისტემის ფუნქციონირებაში ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები შუალედურ ფუნქციას ასრულებენ. ისინი მონაწილეობენ ორგანიზმში ვეგეტატიური პროცესების რეგულირებაში. აღნიშნულ ბირთვებში ნერვული იმპულსების სახით მოტანილი ინფორმაცია ტრანსფორმირდება შესაბამის ნეიროჰორმონად. იქმნება ჰორმონული ზემოქმედების ერთგვარი ჯაჭვი, ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები ნეიროჰორმონებით მოქმედებს ადენოჰიპოფიზზე და ათავისუფლებს სათანადო ჰორმონებს. ადენოჰიპოფიზში განთავისუფლებული ჰორმონები შედის სისხლის საერთო აუზში, ზემოქმედებს ე. წ. ადენოჰიპოფიზზე დამოკიდებულ ენდოკრინულ ჯირკვლებზე ან კონკრეტულ ორგანოებზე (ძვლებზე, საკვერცხის ფულიკულებზე, სარძევე ჯირკვლებზე).

 მოქმედების მთელი ჯაჭვი მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ: ჰიპოთალამუსის ბირთვები _ ადენოჰიპოფიზი _ პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლები _ ორგანოები. პირდაპირი ურთიერთობა ახასიათებს ჰიპოთალამუსის ბირთვებსა და ნეიროჰიპოფიზს.

 როგორც ვხედავთ, ადამიანში ქვეცნობიერსა და ცნობიერს ერთი და იგივე ორგანო, ჰიპოფიზი დირიჟორობს. Qქვეცნობიერი ენერგეტიკული (ეთერული) სხეულის ფუნქციაა, ხოლო ცნობიერი ფიზიკური სხეულისა და ორივე ერთად ჰქმნის ადამიანის ხორცს.

 არაცნობიერი ეპიფიზის განკარგულებაშია და სულის ფუნქციაა. ხოლო ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები დამაკავშირებელი რგოლის მოვალეობას ასრულებენ ეპიფიზსა და ჰიპოფიზს შორის და მასში ყალიბდება ადამიანის მენტალიტეტი.

 15. ნებისმიერი აზრი (თუ იდეა) ცოცხალი არსებაა და წარმოქმნისთანავე თავის ადგილს იჭერს მსოფლიურ ენერგო-ინფორმაციულ ველში. იგი ვიბრირებს, ვითარდება, ქმნის თავის გარშემო გარკვეულ სტრუქტურას (აზრის, იდეის შინაარსიდან გამომდინარე) და ელოდება თავის განხორციელების (აღსრულების) მომენტს.  რამდენედაც აზრი შესაძლებელია იყოს ნებითი, ან ნებელობითი, მას შეუძლია იკისროს აღმშენებლური, ანდა დამანგრეველი ფუნქცია.

 ასევე ცოცხალი არსებაა განწყობა, რადგან ნებისმიერ განწყობას აზრთა გარკვეული მდინარება ახლავს. იგი ვიბრირებს და ეს ვიბრაციები ადამიანის ეთერულ _ ენერგეტიკულ სხეულზე (სამშვინველზე) შეინიშნება ფერთა ცვალებადობის სახით (აღმოსავლეთში “აურას” რომ უწოდებენ). განწყობაში შეპარულ ნათელ აზრებს ნათელი ფერები ახლავს, ბნელს _ ბნელი. განწყობა აყალიბებს ხასიათს . . .  და ასე ყალიბდება (ვითარდება ან დეგრადირდება) ადამიანის მენტალიტეტი.

  მთელი ეს პროცესი აირეკლება ადამიანის ორგანიზმში (ფიზიკურ სხეულში).  აზრთა ვიბრირება ხდება თავის ტვინში და შემდგომ ნელ-ნელა თავის ტვინის ვიბრირება თანხვდება მასში წარმოშობილ აზრთა ვიბრაციებს. Aაზრის ხასიათის მიხედვით თავის ტვინი იწყებს მთელი ორგანიზმის აღმშენებლურ ან ნგრევით პროცესს.

A ამდენად, ადამიანს თავად ძალუძს გახდეს მმართველი თავისი როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური მდგომარეობისა.  ჰარმონიულად მცხოვრები ადამიანი ჯანმრთელია როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სხეულით.

  როგორც ცნობილია, ეპიფიზი, რომელსაც მისტიკოსები “სულიერ ჯირკვალს” უწოდებენ, ადამიანის ორგანიზმში, როგორც ჯირკვალი, ვითარდება 7 წლის ასაკამდე ; შემდეგ იგი ივსება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებით და იწყებს უკუგანვითარებას. მრავალი უჯრედი მასში იღუპება და მათ ადგილს იკავებს კირის მარცვლები, რომლებსაც ეწოდება ტვინის ქვიშა. ამას გარდა, როგორც კლინიკური ხასიათის დაკვირვებიდანაა ცნობილი, ეპიფიზის ჰიპეტროფია იწვევს სასქესო ორგანოების ნაადრევ განვითარებას. ხოლო მისი ნორმალური განვითარება აბრკოლებს სასქესო ორგანოების ნაადრევ ზრდას.

 აქედან შგვიძლია დავასკვნათ, რომ სულიერი არსის ნებისმიერი გამოვლინება აირეკლება ადამიანის ფიზიკურ სხეულზე. და არა მარტო ორგანოთა ფიზიოლოგიაზე,  არამედ მის გარეგნულ ფორმებზეც: ადამიანის გამომეტყველების ხასიათსა და შინაარსზე. ამდენად სულიერად მაღალგანვითარებულ ადამიანს ნათელი გამომეტყველება აქვს, და როგორც “სახარება” გვასწავლის: “სხეულის ნათელი თვალია; ჰოდა თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?” /მათე 6 (22.. 23)/.

და რამეთუ უკეთესს ვერაფერს ვიტყვი, ეს თავი მინდა განხორციელებული უფლის იესო ქრისტეს სიტყვებით დავასრულო: “მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი” /მათე 5 (48)/.                                                                                                                                                                                                                                                                                             

No comments:

Post a Comment