Tuesday, June 11, 2013

სიყვარულის ზღაპარი

ამბავი, რომელიც მიამბო უცნაურმა  უცნობმა ანუ  სიყვარულის ზღაპარი

ძვირფასო მეგობარო, თუნდ დაუჯერებლად მოგეჩვენოს ჩემი ამბავი, რომელიც მინდა მოგითხრო, ძალა მოიკრიბე და მაჩვენე მაინც, რომ გჯერა ჩემი; ამით პატარა იმედს მაჩუქებ და სიცოცხლესაც გამიადვილებ. მაინც რწმენაა მთავარი, რწმენა ხომ შვებას ანიჭებს მოკვდავს. და ამ რწმენის განმტკიცება მაშინ იქნება, როცა ხორცშესხმას ვიხილავ მისას.

მაგრამ სჯობია ყველაფერი მოგითხრო წვრილად.

ეს მოხდა მაშინ, როს დავრჩი მარტო და საათების ატეხილ მწკრივში ხალხს გავურბოდი. გავექეც ყველას და ოთხ კედელში გამოკეტილმა სულის სიმშვიდის ძიება ვიწყე.

დღე დღეს მისდევდა, ღამე კი ღამეს. და განათენებ ღამეთა რიგმა გადამაქცია ლანდივით გამჭოლ და სიცოცხლესავით მძიმე ფორმულად.

რომ დამცინოდნენ ჩუმ _ ჩუმად, ვგრძნობდი. ყურს არ ვუგდებდი არავის სიცილს. დრო გადიოდა და ასე უხმოდ გადავდიოდი ხმამაღალ ფიქრში. ათასი კითხვა, ათიათასი და არვინ იყო პასუხის მთქმელი.

მაგრამ ყველაფერს აქვს თავის ვადა. და ჰა, ერთხელაც, ერთ ლამაზ ღამეს ვიღაცა, უცხო გამომეცხადა. არა, არც კარი გაუღია და არც ფანჯარა. შიშმა საწოლზე მიმაკრა მძლავრად და ასე ენაგადაყლაპული ვიყავი ერთხანს. ბოლოს, როგორც იქნა ხმა ამოვიღე. პასუხიც იყო _ მე, ეს შენა ვარ, ანუ შენ მე ვარ! წამოვიბღავლე. . . ჩემი ხმა ვიცან! თითქოს თვითონაც მე მგავდა, მაგრამ. . .

დრო გადიოდა.

მთელი ჩემი სამყარო ჩაკირბეტონდა ჩემს ოთხ კედელში. ვიყავით მე და ჩემი ზმანება. მუდამ ვდაობდით, ვარჩევდით ამბავს ცისა და მიწის. მაგრამ ხომ იცით ეჭვნეული კაცის ბუნება _ თუ ორი საპირისპირო მთლიანობას ქმნის, თუ პროტონს ელექტრონი სჭირდება და მზეს პლანეტები, მე რიღათი ვარ გამონაკლისი? შეუძლებელია, ჩემო ერთგულო მეგობარო, რომ მე და მე, ანუ შენ და შენ სივრცეს ვასრულებდეთ!

. . . . .

თუ ზმანებაში შემომეპარა, ჩემი ბრალია, რამეთუ ჩემი ნეკნიდან შევქმენ ვით შემოქმედმა და მივაწერე ყველა ის ხატი, რაც თავად მაკლდა. ვგრძნობ, რადგან თვალახელილი მასში ვარ მხოლოდ.

გადავწყვიტე, რომ მომეძებნა ზმანების გარეთ, თუნდ ეს ძიება დამჯენოდა სიცოცხლის ფასად.

. . . . .

და სწორედ მაშინ, მის ძიებაში, ტყეში წავაწყდი პატარა ოდას. მიტოვებული იყო ეს სახლი. იქ ყოფნა სჯობდა, ვიდრე გამეძღო ნადირთა მოდგმა.

კედელზე საათს ჩამოეყვინთა; კუთხეში ქსელზე თვლემდა ობობა. შუა ოთახში იდგა მაგიდა, შემოწყობილი ჰქონდა სკამები. მე ბუხრის გვერდზე ჩამძინებოდა.

მეზმანებოდა _ ზღვის პირას იდგა და კაბის კალთებს ურხევდა ქარი. . . ო, როგორ მსურდა, რომ ის ზღვა მაშინ მე ვყოფილიყავ. ჯერ ფეხის თითებს დავუკოცნიდი, შემდეგ მუხლებზე მოვეხვეოდი; საწოლივით გავეშლებოდი და ტალღებს გადავაფარებდი დალიანდაგებული საბნის მაგიერ. ჩავეხვეოდი და ჩემი სულისა და ხორცის ნაწილად ვაქცევდი.

ხმაურმა გამაღვიძა. ვიღაც _ ვიღაცეები სახლის კარებთან არაადამიანური ხმით, გასაგებ ენაზე ლაპარაკობდნენ. ბუხარში დავიმალე. და თითქოს ზღაპარს მოჰყვა ზღაპარი: სათითაოდ შემოლაგდნენ ოთახში გველი, კატა, ვირთხა და მგელი. აანთეს ლამპა, შემოუსხდნენ მაგიდას და ბანქო ამოიღეს.

_ ვინ დაარიგებს? _ გველმა იკითხა.

_ ვირთხა ატუზავს! _ ეს იყო მგელი.

_ ვითომ მე რატომ?!

_ ხმა ჩაიკმინდე! _ დააბრიალა თვალები კატამ.

ტუზი გველს შეხვდა. ჩამოარიგა.

_ დღეს სტუმრად ვინ გვყავს? _ იკითხა გველმა.

_ საბაოთი და სათაელი!

_ მეტი არავინ?!

_ კიდევ მეზღაპრე პაპუნა და მისი მეუღლე ბაბილინა!

_ მშვენიერია! ფლეშ _ როიალი! სტუმრები რაღაც იგვიანებენ!

კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა.

_ აქა მშვიდობა! _ ქუდი მოიხადა საბაოთმა.

_ ეგება ომი სჯობდეს მშვიდობას!

_ კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ წყეულ სახლში! _ კუდი გააქიცინა კატამ.

მაგიდიდან თავისთავად ალაგდა ბანქო და გაიშალა ზღაპრული სუფრა.

_ თქვენს მობრძანებას გაუმარჯოს! _ თათები გაშალა მგელმა.

_ მადლობას გიხდით! _ კეთილი ღიმილი აქვს საბაოთს.

_ სასაცილოა! _ ჩაიცინა სათაელმა.

კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა.

_ აი, მეც მოველ! _ შემოაღო კარი მეზღაპრემ.

_ ძალიან კარგი, მაგრამ რატომ დაიგვიანე?

_ ბაბილინას ბრალია. არ იცით ქალების ამბავი, სამჯერ უარყო საკუთარი სახის ფერი!

_ ახლა დასხედით და მერე გვითხარ, რითი გვიპირებ დღეს მოტყუებას!

_ არასდროს ვცრუობ, ღმერთმანი, ვფიცავ! უბრალოდ ისეთ ამბებს ვყვები, რომლის სიმართლე დიაღაც რომ ზღაპრულია.

_ და შენ გინდა სთქვა, რომ შენი ზღაპრები სრული ჭეშმარიტებაა?!

_ ისევე, როგორც თქვენი არსება!

_ საიდან მოდიხართ?

_ ო. შორი გზიდან. იქიდან მოგვაქვს ერთი ამბავი, რომლის სიმართლეში ეჭვიც არ მეპარება.

გველი ჩაეხვა სავარძელში, თავი მაგიდაზე ჩამოსდო და სმენად იქცა; კატა კუდს ეთამაშებოდა; ვირთხა მადიანად იღმურძებოდა; მგელი თვლემდა; საბაოთს მზერა გაურკვევლად გაჰყინვოდა; სათაელი დამცინავი ღიმილით პასეანს შლიდა.

Bბრაჰმასურა

 ანუ ამბავი რომელიც მოჰყვა პაპუნამ

ერთი კაცი ცხოვრობდა თურმე. ბრაჰმასურა ერქვა სახელად. ბოროტი კაცი იყო ბრაჰმასურა. ძლევამოსილობას ოცნებობდა, მაგრამ არც ძალა ჰქონდა საამისო და ვერც ჭკუით დაიტრაბახებდა.

მაშინ გადაწყვიტა რომ ელოცა და ღმერთისათვის ეთხოვა ჯადოსნური ძალა. გადაწყვიტა და შეუდგა კიდეც საქმეს. ტყეში, რომელშიც ცხოვრობდა ბრაჰმასურა, ერთი დაბურული ხის ქვეშ ამოარჩია წყნარი ადგილი და შეუდგა ლოცვანის კითხვას. დიდხანს იჯდა და ლოცულობდა. და ბოლოს შივა გამოეცხადა. ბრაჰმასურას გულწრფელი ლოცვით, ბოროტებსაც ახასიათებთ გულწრფელობა, აღფრთოვანებულმა შივამ გადაწყვიტა, რომ რაიმეში დახმარებოდა:

_ მასიამოვნა მე შენმა ლოცვამ, რა შემიძლია, რით დაგეხმარო?

_ ო, ჩემო ბატონო, მე თქვენი ლოცვა _ კურთხევაც მეყოფა! შხვა სურვილი არცა მქონია, ნიადაგ თქვენზე ვილოცო მხოლოდ!

_ აი, ჩემი ლოცვა _ კურთხევა! მაგრამ შენ, ვგონებ, გენდომება კიდევ რაღაცა. მთხოვე რაც გინდა, ნუ გერიდება!

_ მაშინ, რადგან ასე გსურთ რომ დამაჯილდოვოთ, მომეცით ძალა; თუნდაც ისეთი, მარჯვენა ხელით ვისაც არ უნდა შევეხო თავზე, იმ წამსვე მოკვდეს!

_ თუ სულ ეს არის შენი სურვილი, ეგ ადვილია. ამ წუთიდან ვისაც კი მარჯვენა ხელით შეეხები თავზე, მაშინვე მოკვდება!

ბრაჰმასურამ ბედნიერებისაგან გადაიხარხარა, ღმერთმა ის დააჯილდოვა ჯადოსნური ძალით.

_ ბატონო ჩემო, ახლა ნება უნდა დამრთოთ, რომ მოვსინჯო ჩემი ძალა. . . ძალა, რომლითაც დამაჯილდოვეთ _ ეს სიტყვები სთქვა და ასწია ხელი, რათა შივას თავს შეხებოდა. შივა გაიქცა. ბრაჰმასურა გამოეკიდა. გარბოდა შივა მთებზე, ველებზე, გადარბოდა მდინარეებზე, გარბოდა გაუვალ ტყეებში, მაგრამ ბრაჰმასურა ფეხდაფეხ მისდევდა.

გზად შივას მოჰინა შემოხვდა, იმ მხარეში ულამაზესი ქალი. გააჩერა შივა მოჰინამ:

_ რა დაგემართა! ასე დაფეთბული საით გარბიხარ?!

_ ბრაჰმასურა მომდევს სიკვდილის მთესველი ხელით! თუ არ გავექეცი, თავზე შემეხება და ბოლოს მომიღებს!

_ შენ აქ დაიმალე ბრაჰმასურას მე გავაჩერებ!

გააჩერა მოჰინამ ბრაჰმასურა.

_ შივა გამომექცა, ხომ არ დაგინახავს? მთელი გზა ჩემს წინ გარბოდა, ახლა კი სადღაც დამეკარგა!

_ როგორ დაღლილხართ ბატონო ჩემო! ცოტა დაისვენეთ, აქ ჩამოჯექით, აქვე ჩეროში, მე კი ცივი წყლით გულს გაგიგრილებთ და შემდეგ, უკვე დასვენებულმა, გზა გააგრძელეთ!

ბრაჰმასურამ დაკვირვებით ახედ _ დახედა მოჰინას. მისმა სილამაზემ აღაფრთოვანა და როგორც ზღაპრებში ხდება, წამსვე აევსო გული სიყვარულით:

_ ვინა ხარ? აქ საიდან მოხვდი?

_ მე მოჰინა მქვია. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ ამ ტყეში და ვეხმარები გამვლელ _ გამომვლელს. ალბათ მშიერიც იქნებით. მომეცით ნება, წავალ და ცოტაოდენ საჭმელს მოგართმევთ!

_ არა, არ წახვიდე! არცა მშია და არცა მწყურია!

_ როგორც მიბრძანებთ.

_ მე შენ მიყვარხარ, ჩემო მოჰინა და სურვილი მაქვს ცოლად წამომყვე!

_ როგორ გავხდები მე შენი ცოლი, შენ ისეც ბევრი ქალი გყავს ალბათ?

_ ცდები ძვირფასო, არავინა მყავს!

_ თუნდ ასე იყოს! ახლა მარტო ხარ, მაგრამ მერე?! რით დამარწმუნებ?

_ შემოგფიცავ, რომ თუ გამომყვები, მე არ შევხედავ არცერთ ქალს ქვეყნად!

_ მამაკაცები ერთმანეთს ჰგავხართ! ვერ დაგიჯერებ!

_ ო, დამიჯერე! გამომყევი და ჩემთვის სხვა ქალი არც იარსებებს!

_ კარგი! დაგიჯერებ, თუ დაიფიცებ!

_ ვფიცავ!

_ ასე არა! ეს რა ფიცია?! ფიცის არსებობს ათასი წესი, თუნდაც. . . თუნდაც დაიდე თავზე მარჯვენა ხელი და დაიფიცე! აი, მაშინ კი დაგიჯერებ!

_ სწორედ ისე მოვიქცევი, როგორც შენ გინდა! _ ბრაჰმასურამ დაიდო თავზე მარჯვენა ხელი და დაენარცხა მიწაზე მკვდარი.

. . . . .

იქაურობა დუმილმა შეკრა. დაძაბული სიჩუმე საბაოთმა დაარღვია _ არა ბატონებო, შივა მთლად ღმერთულად ვერ მოიქცა, არანაირ კაცს არ უნდა მისცე ნგრევის ძალაო. ამაზე სათაელი ახარხარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ არათუ მხოლოდ კაცნი, ამ ქვეყნად ღმერთებიც ცდებიან; რომ ღმერთი იმიტომ ჩამოვიდა მიწაზე, რათა კაცი აეყვანა ცაში; რომ აქ, ჩვენს შემთხვევაში, თუ საერთოდ, ღმერთმა კაცს ნგრევის ძალა მისცა, ანტიღმერთად აქცია და ეს უკანასკნელი შემოუბრუნდა ღმერთს; რომ ღმერთის შეცდომა იწვევს ბოროტებას და ეს ბოროტება აწონასწორებს სამყაროს; და რომ უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამ ზღაპრიდან მოჰინას ამოაგდებდნენ და ასე დაამთავრებდნენ _ რომ იმ დღის შემდეგ მუდამ ასეა, რომ კვალში მისდევს ბრაჰმასურა შივას.

_ აბა სიკეთე რის მაქნისია! სადღაა სიკეთე?! _ გაგულისდა საბაოთი.

_ სიკეთე სიყვარულია. სიყვარული ღმერთებსაც ამარცხებს! _ ჩაისისინა გველმა.

_ ერთ კაცს ვიცნობდი: ბავშვობაში ფრენის ჟინი ჰკლავდა. მოსწყდებოდა მიწას, შემოუფრენდა მთელს სამყაროს და შემდეგ სადმე ღრუბლებზე დაივანებდა. უყვარდა ზღაპრები და გლეხის კეთილ გოგოს ბრძენ მეფეზე ათხოვებდა; ღარიბს ქილა ერბოს სახლში მიურბენინებდა; ქაჯებს ანადგურებდა და გრძნებით შეკრულ მზეთუნახავს ჯადოსაგან ათავისუფლებდა. ერთხელაც გაიფიქრა _ ნუთუ ადამიანებს მეტი სანატრელი არაფერი ჰქონიათო. . . და მიწაზე მოადინა ზღართანი _ ახარხარდა სათაელი.

ბრაჰმასურა

ანუ როგორც მოყვა მგელმა

ვერ გეთანხმები ჩემო პაპუნა, ამბავი სწორად ვერ მოიტანე. ამ ამბავს ახლა თავად მოვყვები, ან რაც მსმენია მოგითხრობთ იმას.

ეს ამბავი ტროპიკულ ტყეში მოხდა დიდი ხნის წინათ. კაცი ცხოვრობდა. კაცს რა უჭირდა _ რუხი სურვილით გამოსტენოდა სული და გული. თუკი გაქვს ძალა, შესაძლებლობა, ან თუ გაქვს ნება, შენს გულქვეშ მდგარი და თავი მისთვის გადადებული, უნდა ეცადო გახვიდე გაღმა და გაარღვიო ყველა სიმტკიცე. აი, ასეთი კაცი ცხოვრობდა, სახელად ბრაჰმასურა. ფიქრობდა _ თუკი კეთილად ვერ ჰქმენ იდეა, მაშინ ბოროტად შეჰქმენი იგი. კაცი ან ღმერთს უნდა ემსახურო, ან ეშმას. და თუ ეშმას აირჩევ, მაშინ ღმერთი უნდა უარყო.

გავიდა ტყეში ბრაჰმასურა და ღმერთი ახსენა _ “ღმერთო მიშველე”. ამოაყოლა ამ სიტყვებს გული. ენდო შივა ბრაჰმასურას გულისთქმას და გამოეცხადა _ “მთხოვე, რაც გინდა”. გაიხარა ბრაჰმასურამ _ “მომეცი ძალა, თუნდაც ისეთი, მარჯვენა ხელით ვისაც არ უნდა შევეხო თავზე, იმ წამსვე მოკვდეს!” ღმერთი ღმერთია, მის პირობასაც ფასი აქვს ჩემო ძვირფასებო და ბრაჰმასურას თხოვნა შეუსრულა.

ასე გადაიკიდა ღმერთმა კაცი და იმ დღის შემდეგ მისდევს ბრაჰმასურა შივას და თუ შეეხო. . .

შივა ანუ რით გააგრძელა ვირთხამ

შეეხო კიდეც! თუ არა გჯერათ, მე მოგიყვებით ამ ამბის შედეგს:

ღმერთიც იღლება. ტყე _ ტყე სირბილით გამოიფიტა ერთხელაც ღმერთი. ჩამოჯდა შივა წყაროს ნაპირას და მდინარებას აუყვა ფიქრით. ვინ იყო იგი, თუ არა კაცი, რომელიც ღმერთად გადიქცა იმით, რომ შესძლო მიწას ასცილებოდა. სჭირდება ვინმეს ასეთი ღმერთი?! ბევრი იფიქრა და დაასკვნა _ “ღმერთი ის არის, ვინც კაცის გვერდით იქცევა ღმერთად!” _ და გადაწყვიტა _ “რომ თუკი მდევარს შევიყვან ხალხში და ხალხის თვალწინ გავანადგურებ, ვიქცევი უფრო დიდად და მძლავრად. და მირწმუნებენ უფრორე მეტად”.

ისე გაიტაცა ამ გეგმამ შივა, რომ ვერც კი იგრძნო, როგორ წამოადგა თავს ბრაჰმასურა.

. . . არვის უნახავს ცოცხალი ღმერთი.

    მოჰინა ანუ ვით დაასრულა ამბავი კატამ

მაგრამ იმ წყაროს ნაპირას ბრაჰმასურა კი არა, მოჰინა წამოადგა თავს შივას.

მოჰინამ ჩაფიქრებული შივა რომ დაინახა, ჰკითხა:

_ რას ჩაუფიქრებიხარ უფალო შივა?

_ ბრაჰმასურა მომდევს სიკვდილის მთესველი ხელით ჩემო მოჰინა და როგორღაც თავი უნდა გადავირჩინო.

_ რომ დაგეხმარო?

_ ვეჭვობ, რომ შეძლო.

_ იქ, სადაც კაცის ძალა და ჭკუა ვერაფერს შველის, ქალმა რა უნდა მიშველოსო, ალბათ თუ ფიქრობ!

_ ასეა. და გთხოვ ჩემი თავი მე დამანებო!

_ მომენდე ჩემო! იმედი მაქვს გიშველო რამე!

_ მაინც რას ფიქრობ?

_ დაიმალე აქვე ახლოს და დანარჩენს იხილავ თავად!

შივა დაიმალა. ამ დროს ბრაჰმასურაც გამოჩნდა.

_ შივა ხომ არ დაგინახავს?

_ რომელი შივა?

_ შივა გამომექცა. მთელი გზა ჩემს წინ გარბოდა, ახლა კი სადღაც დამეკარგა!

_ აქ არავის ჩაუვლია!

_ ო, ღმერთო ჩემო!

_ როგორ გახვითქულხარ, ბატონო ჩემო?! აქ ჩამოჯექით, აქვე, ჩეროში. მე კი ცივი წყლით გულს გაგიგრილებთ!

_ რა დროს დასვენებაა! უნდა ვიპოვო!

_ სად გაგექცევათ, მერეც იპოვით!

_ რომ ვერ ვიპოვო! _ გაგულისდა ბრაჰმასურა.

_ მაშინ ეძებეთ! მაგრამ დაღლილი გული აიტანს ამდენს?

ბრაჰმასურამ დაკვირვებით ახედ _ დახედა ნაწყენ მოჰინას და მისმა უღმერთო სილამაზემ აღაფრთოვანა.

_ ვინა ხარ? აქ საიდან მოხვდი?

_ მოჰინა მქვია. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ ამ ტყეში და ვეხმარები გამვლელ _ გამომვლელს. თქვენ კი ხელი მიკარით გამოწვდილ ხელზე.

საოცრებაა _ გაიფიქრა ბრაჰმასურამ და იგრძნო როგორ უთბებოდა გული მოჰინას სიყვარულით.

_ ო, მაპატიეთ!

_ მაშინ მომეცით ნება, წავალ და ცოტაოდენ საჭმელს მოგართმევთ!

_ არა, არ წახვიდე! არცა მშია და არცა მწყურია!

_ როგორც მიბრძანებთ!

_ ჩემო მოჰინა, მე შენ მიყვარხარ!

_ ძალიან კარგი. ასე სჯობია, სიყვარულს ხომ ცაში ავყავართ!

_ არ თანამიგრძნობ?

_ ო, როგორ არა!

_ თუ თანამიგრძნობ, ცოლად წამომყევ!

_ უკვე ბევრია. ასე ერთბაშად?!

_ მე შენ მიყვარხარ!

_ უუჰ, რამდენს უთხარ ეს სიტყვა ალბათ!

_ არვისთვის მითქვამს!

_ სიტყვა ქარია, გაფრინდება და დაიკარგება!

_ რა შემიძლია! რით დაგიმტკიცო!

_ ეს საქმესა ჰგავს. რა გაქვს ძვირფასი?

_ ჩემი სხეული, მის მეტი არ _ რა რა გამაჩნია!

_ თუკი ასეა, მოიკვეთე მარჯვენა ხელი და ძღვნად მომართვი!

_ მერე უხელოდ. . .

_ მე ვიქცევი შენს მარჯვენა ხელად!

_ მომეც მახვილი! _ და ბრაჰმასურას მარჯვენა ხელი მოჰინას ფეხებთან ფართხალებდა.

. . . . .

ფლეშ _ როიალი! ჩემო ფისო, ფლეშ _ როიალი! _ ჩაისისინა გველმა _ მაგრამ ბრაჰმასურას მეორე ხელიც აქვს და შივას გარდა კიდევ არიან ღმერთები!

ოდესღაც კაცად ვცხოვრობდი ქვეყნად და ღვთის შეწევნით არ მაკლდა გონი. მქონდა ნება და ბუნებად ქცევას ვლამობდი მაშინ.

ჭეშმარიტებას ზიარებულს ხშირად დამთხვეულს ეძახიან აზრის თავისუფლებისა და სივრცის გამო. ხოლო ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა ღმერთში შესვლაა თავად.  

მაგრამ რაოდენ სავსეც უნდა იყოს კაცი ამ ქვეყნად, შენი სისრულე ვერ იქნება დინამიური, თუ სიყვარულმა არ აგაღელვა.

ერთი ქალი ცხოვრობდა ჩემს მეზობლად. ქალი, როგორც ქალად ათასში უნდა გამოგერჩია, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვიან შევნიშნე. თავდაპირველად ეს ქალი ჩემში როგორც ინსტიქტი ისე შემოვიდა. შემდეგ, როდესაც დავუახლოვდი, პირობად იქცა და ბოლოს, როცა ჩემი უნიათობის გამო უკვე ვკარგავდი, ცხოვრებად.

ადრე უშფოთველი, აბობოქრებულ ზღვას დავემგვანე. თუმცა, იმ ქალის ფეხებთან უკვე მინელებულ, მისავათებულ ტალღებად მივდიოდი.

ჩემს არსებაში ჩაჯდა ის ქალი, როგორც მშფოთავი ბედნიერება. ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი არსებით ვგრძნობდი _ მიყვარდა და უბედური, რამეთუ შეიძლებოდა რეალური ბედნიერება დამეკარგა.

ვერავითარი საიმედო ვერ ვიგრძენი მისგან და ვინატრე მარადიული სიგრილე სულსა და გულში. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება და გველად მაქცია.

მზის გულზე წოლაა ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნება.

_ შენი კაცობის სახელი?! _ იკითხა კატამ.

_ სისიგონა!

კატა შეკრთა.

ქალს რაღა ერქვა? _ დაინტერესდა მგელი.

_ ხატაურა!

_ ჰა! ჰა! ჰა! ჰა! ეს ხომ ის ქალია, ჩემი ჯიუტი შეუპოვრობით რომ წავიყვანე. დიდხანს იყო მტკიცე უარზე, მაგრამ _ ძალა აღმართსა ხნავს და გამარჯვებულებს არა სჯიანო _ გაგეგონებათ.

თავიდან ტყის მიუვალ ადგილას მყავდა გამომწყვდეული და როცა ვიგრძენი, რომ მასაც ვუყვარდი, უკან დავბრუნდით. აბა, მთელი ცხოვრება უმეზობლოდ მტერმა იცხოვრა. ო, რა ქალი იყო! ჩემო ჯიქურო _ ისე მომიალერსებდა, რომ პირიდან გემრიელ ლუკმას გამოვიღბდი ხოლმე და იმას ვაძლევდი.

ერთი მეზობელი მყავდა, თურმე გულში ჩავარდნოდა ჩემი ხატაურა. მე რომ გავიგე, უკვე გვიან იყო.

_ ადრე რიმ გაგეგო?!

_ მოვკლავდი!

_ რომელს?! _ შეშინდა ვირთხა.

_ ორივეს!

_ ახლა?

_ რაღა დროსია?!

_ ჰოდა, ის შენი მეზობელი მე ვიყავი _ შვებით ამოისუნთქა ვირთხამ _ ბინძასარი მერქვა სახელად. თქვენ, ჩემო ჯიქურ და ჩემო სისიგონა, სულელები იყავით. იმ ქალს არც თქვენი ცაში ფრენა სჭირდებოდა და არც ვაჟკაცობა. რაც არ გარგებათ, არ შეგერგებათ. ის ქალი ჩემზე იყო ზედგამოჭრილი. ჩემთან არაფერი აკლდა. ცხოვრობდა ფუფუნებაში და . . .

_ უყვარდი? _ შეაწყვეტინა მგელმა.

_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს; მთავარია ლამაზი ცოლი მყავდა და ბედნიერად განვვლეთ ცხოვრება.

_ სცრუობ ბინძასარ! _ სიბრაზით ბალანი აეშალა კატას _ თქვი სიმართლე, რომ ბოლოს მომბეზრდა შენი ერთფეროვანი ფუფუნება და გაგექეცი.

_ როგორ თუ მოგბეზრდა?! _ გაოცდა ბაბილინა.

_ ცოდვა გამხელილი სჯობს და ის ქალი, ხატაურა, მე გახლავართ!

_ თქვენ კი ზღაპრების არა გჯერათ! ძღაპარი არ არის ეს ამბავი, აბა რაა?! _ გაიხარა პაპუნამ.

_ შენ რომელი გიყვარდა? _ ჩააცივდა კატას ბაბილინა.

_ მაშინ ასე მეგონა, რომ სისიგონას ვერ ვიტანდი. ახლა ვიცი, სისიგონა მყვარებია მხოლოდ.

_ გვიანია, ჩემო ფისო! ნაზი ხმითა და თვალების ნაბვით გველს რომ უყვარდე კიდეც, არ გამოადგები. შენ მასავით ვერ ისისინებ და ის შენსავით ვერ იკნავლებს. მაშინ უნდა შეგეწყო ხმა, როცა ამის საშუალება გქონდა _ თვალები უცნაურად აუციმციმდა სათაელს.

_ რატომ, ხომ შეიძლება ყველაფერი თავიდან დავიწყოთ? _ იმედს არ კარგავდა საბაოთი.

_ სისულელეა! ყველაფერი ისევ ისე განმეორდება! თუ ამ სამიდან ერთ კაცს გამოვძერწავთ, მაშინ შეიძლება რაღაცა შეიცვალოს.

_ საოცარი ქაოსი დატრიალდება! . .

_ შემოქმედმა ადამს სხეულიდან გამოგლიჯა ევა. ევამ ხელი ჩაჰკიდა ადამს და მიწაზე დააყენა. თუ ადამი ხელს გაუშვებს ევას, მოსწყდება მიწას და უსასრულო სამყაროში დაიკარგება.

. . . . .

უცნაურია. . .

და რადგან ითქვა, ამ ნათქვამს უნდა ჰქონოდა ძალა. ჰაერი ვიყავ, ვიქეცი ცეცხლად. მიწადქცეულმა ვითხოვე წყალი. მგლიჯეს და მტკეპნეს. მზილეს და მთალეს. და როცა მომცეს სახე და ფორმა, ხორცით შემევსო შიშველი ძვალი.

ხორცი კი ვიყავ, მაგრამ სულიერს ვერ დამარქმევდი. სიტყვა ვიყავი, უსულო სიტყვა, სხვა არაფერი. არ თუ შემეძლო შემეგრძნო ირგვლივ სუფთა ჰაერის გამჭვირვალება. არ თუ შემეძლო შემეგრძნო ცეცხლის დაუნდობლობა, წვა, მრისხანება. არ თუ შემეძლო მიწის სურნელი მეყნოსა როგორც მშობლის ნასუნთქი. ჰაერში ხორცი, ცეცხლშიც, მიწაზეც, უცვლელად წყალშიც ხორცი ვიყავი.

მაგრამ ყველაფერს აქვს თავის ბოლო. მთავრდება რაღაც და სხვა იწყება. თუ ითქვა სიტყვა, მართალი სიტყვა, ამ სიტყვას ელის არდავიწყება.

და კიდევ, მსურს მცირე აზრი გაგიზიარო, მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში გულს რომ მიგლეჯდა.

ახლა კი ვფიქრობ, და რასაც ვფიქრობ, მისი სიმართლე განსაჯე თავად, რომ სიყვარულმა აამოძრავა დაუსაბამო სამყარო ჩვენი, და ეს ყოფილა თურმე ერთობა ღვთის, კაცისა და შემოქმედ გენის.

ის, რაც ერთიან უნდა შემეგრძნო, მე ვღებულობდი მხოლოდრე გონით. ო, თურმე როგორ ახლოს ყოფილა, რასაც ვეძებდი სხვაგან და შორით.

წარმოიდგინე, სიტყვაც არ გითქვამს, აქ შეხებაზე აღარას ვამბობ, იგრძენი ქალი, იგრძენი მისი სუნთქვა და მზერა, მისი სხეულის ყოველი ნაკვთი. შემოხედვაში _ უსაზღვროება და სიარულში _ არც მყოფნის სიტყვა. . . ო, შეიძლება არც დამიჯერო, თუნდ წამიერად, ის ქალი გიყვარს.

შემდეგ? ო, შემდეგ ხმას ამოიღებს, და თუკი იგრძნობ, რომ ეს ის ხმაა, რომელიც სადღაც, შორიდან გახსოვს. და თუკი მისი ყოველი სიტყვა გრძნობის უხილავ სიმებშიც გაკრთობს, აქ უკვე გიყვარს არათუ წამით, მასთან ყოფიერს მარად და მარად.

მერე წამოხვალ და თუ ის მთელად სულის სიღრმეში წამოგყვა სევდად, თუ გამოგაგდო ამ სევდამ გარეთ ქარს და დელგმაში თავისდა ძებნად, ის ქალი გიყვარს, გიყვარს და მზად ხარ, რომ შენის ხორცით მას შეუერთდე.

და შემდგომ უკვე აქ გონი გმართებს, რომ სიყვარული აღარსად გაქრეს. რომ შეენივთო სულით და ხორცით, ისევე უნდა აზიარო ის ამ სიყვარულს, როგორც შენ გაზიარა დედა ბუნებამ.

და ყველაფერი თუკი ასეა, მე კი მინდა, რომ ეს იყოს ასე, მიწაზე მყარად მდგარს გაზრდილი ძალით გძალუძს ცას მოეჭიდო და იქცე კაცი _ კაცად და ღმერთად, ღმერთად და კაცად, არარაობა ჩათვალო არად და რაობას თავისი ღირსი საზღაური მიაგო წილად.

შენი გული სამყარო გულია, შენი სხეული სამყაროს თავშესაფარი. Gგაათავისუფლე ისინი ყოველგვარი უღირსობისა და ბოროტებისაგან, რათა სამყარომ, შენმა და ჩვენმა სამყარომ სიმშვიდე არ დაკარგოს.

ცხოვრება ხომ ძალიან კარგი რამ არის. . .

                                         1984 წ.    

     

No comments:

Post a Comment