Friday, June 14, 2013

რიცხვები და მაღალი მოთხოვნილებები

ჩემო მეგობარო, ახლა მე, ყოველდღიური ერთფეროვნებით გადაღლილი მარტოსული, ნარზე წამოწოლილი ვოცნებობ თუ როგორი სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი შენთან ერთად სამზარეულოში ჭიქა ყავაზე და ვისაუბრებდი მაღალ მატერიებზე. ადამიანს ხომ ცხოველისაგან ის განასხვავებს, რომ ვიტალური მოთხოვნილებების (ჭამა, სმა, ძილი და ა.შ.) გარდა, მაღალი მოთხოვნილებებიც გააჩნია. ანუ ყველას, ვისაც ადამიანი ჰქვია, აქვს ინტელექტუალური, მორალური და ესთეტიური მოთხოვნილებები. ეს მოთხოვნილებები იმგვარია, როგორიცაა სუბიექტის ინტელექტი, ზნეობა და გემოვნება. ამჟამად მე ამ მოთხოვნილებებზე საუბარს არ ვაპირებ, უფრო მოთხოვნილებათა ტრანსცედენტალურ არსზე მსურს საუბარი.


მეტაფიზიკურ რიცხვთა თეორიის მიხედვით რიცხვი 1-ის ზოგადი ატრიბუტი პრინციპია, 2-ის - ანტაგონიზმი, 3-ის იდეა.
ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს აბსტრაქტული აზროვნების უნარი. მას შეუძლია ნებისმიერი სახის ინფორმაცია გაიაზროს, გაანალიზოს და მისი განზოგადება მოახდინოს. და ეს ყველაფერი ინტელექტია. ინტელექტია ის, რაც პრინციპულად განასხვავებს ადამიანს სხვა ცოცხალი არსებისაგან და რაც შინაარსს აძლევს მის ცხოვრებას. ანუ ინტელექტი ადამიანის უმთავრესი მახასიათებელია და მისი რიცხვია 1.

ადამიანი, თავისი არსით, საზოგადოებრივი არსებაა. ის სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობს და ქმნის სოციუმს. სოციუმის წევრები, მიუხედავად ინდივიდუალური მახასიათებლებისა (ინტელექტი, ტემპერამენტი, გემოვნება და ა.შ.) ამ სოციუმისათვის დადგენილი ნორმების (ტრადიცია, კანონი) მეშვეობით ახერხებენ ერთმანეთთან მშვიდობიან თანაარსებობას. სოციუმის საფუძველი მის ინდივიდუალურ წევრებს შორის არსებული მუდმივი ანტაგონიზმია და სწორედ ეს წინააღმდეგობათა ერთიანობაა საზოგადოების პროგრესის შემოქმედი. და სწორედ ეს ანტაგონიზმი ქმნის მორალის მოთხოვნილებას, რაც შემდეგ ადამიანში აყალიბებს გარკვეულ ნორმებს, რომლებიც აადვილებს ინდივიდთა შორის ურთიერთობას. ჩვენ ამ ნორმების გათვალისწინებას ზნეობას ვარქმევთ და მისი რიცხვია 2. რამდენნაირი საზოგადოებაც არსებობს, იმდენნაირია ზნეობის გაგებაც, ანუ რაც ერთი საზოგადოებისთვის მისაღებია, შეიძლება მეორისთვის უზნეობადაც ინათლებოდეს და ა.შ. ასევე ზნეობისადმი მიდგომა დროშიც იცვლება.

ამრიგად, რამდენადაც განსხვავდებიან ერთურთისაგან  საზოგადოებები, იმდენად განსხვავდება მათი მორალური მოთხოვნილებები და იმდენად განსხვავებული ზნეობის მატარებლები არიან ამ საზოგადოებათა წევრები. ხოლო საზოგადოებათა დაახლოება, თუ გაერთიანება იწვევს მათ მორალურ მოთხოვნილებათა დაახლოებასა თუ გაერთიანებას (შერწყმას), და იქმნება თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი საზოგადოება, ძველისაგან განსხვავებული მორალური მოთხოვნილებებითა და ზნეობით.

ანტაგონიზმი (რიცხვი 2) საფუძველია იდეის (რიცხვი 3).
ინტელექტუალური მოთხოვნილება განსაზღვრავს მორალურ მოთხოვნილებას (2=1+1), ხოლო მორალური მოთხოვნილება იწვევს ესთეტიკურ მოთხოვნილებას (3).

და ეს ყველაფერი იდეალურ შემთხვევაში. ცხოვრებაში კი ყველაფერი ეს ცოტა უფო რთულადაა ასახული.

ოკულტურ მოძღვრებათა მიხედვით ადამიანი, ისევე როგორც მთელი სამყარო, სამ - მენტალურ, ასტრალურ და ფიზიკურ სივრცეშია განფენილი და ეს სამი სივრცე ერთიან, საერთო სივრცეს ჰქმნის (ადამიანის შემთხვევაში ამ სივრცეების შესატყვისს სხეულები ეწოდება).

თუ ცხრა რიცხვს გადავანაწილებთ, ამ სამ საერთო სივრცეზე (ან და სხეულზე), მივიღებთ:

1 - მენტალური სივრცე   ------- ინტელექტუალური მოთხოვნილება
     1.მენტალი-მენტალში  ----- ინტელექტი
     2.ასტრალი-მენტალში ----- აზროვნება
     3.ფიზიკური-მენტალში ----- იდეა

2 - ასტრალური სივრცე  ------- მორალური მოთხოვნილება
     4.მენტალი-ასტრალში ----- ზნეობა
     5.ასტრალი-ასტრალში ---- ლოგიკა
     6.ფიზიკური-ასტრალში ---- ჰარმონია

3 - ფიზიკური სივრცე ----------- ესთეტიური მოთხოვნილება
      7.მენტალი-ფიზიკურში----- გაცნობიერება
      8.ასტრალი ფიზიკურში ---- ქცევა
      9.ფიზიკური-ფიზიკურში---- ადამიანი

ადამიანის მენტალური სხეული, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებელიც  რიცხვი 1-ია, არის ის ადგილი, სადაც თავის არაცნობიერი სახით პირველი, ჯერ კიდევ შეურყვნელი, ინტელექტი მდებარეობს და მისი რიცხვია 1.

ეს ის ინტელექტია, რომელიც ინახავს ინფორმაციას არსობის ბუნებრივ კანონზომიერებათა შესახებ, ასევე, ყველაფერი იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. იგი პირდაპირ კავშირშია მსოფლიო ინფორმაციულ ველთან, მაგრამ მთელი ეს ინფორმაცია ცნობიერებისთვის მიუწვდომელია (ან, უფრო სწორედ, თითქმის მიუწვდომელია), რადგან იგი სრული ცნობიერების არაცნობიერი ნაწილია. მაგრამ დგება მომენტი, როცა ადამიანი ახერხებს ამ ინფორმაციიდან მცირე მარგალიტების ამოკრეფას და სწორედ ეს მარგალიტები აძლევენ ბიძგს კაცობრიობას შემდგომი პროგრესის გზაზე.

შემდგომ ეტაპზე, ჯერ კიდევ მენტალურ სხეულში იბადება პირველი წინააღმდეგობა - ანტაგონიზმი, რომლის რიცხვია 2. როგორც ჩინელი ბრძენკაცი ლაო-ძი გვმოძღვრავს: „მაშინ, როდესაც დედამიწაზე იშვა ბოროტება, კაცობრი9ობამ შეიმეცნა რა იყო სიკეთე“. 2=1+1 - ინტელექტი თავისივე თავში ჰქმნის წინააღმდეგობას, ყოფს, რათა შემდგომ თავადვე განსაზღვროს, რა არის პირველადი და არჩევანი რაზე უნდა შეაჩეროს. რიცხვი 2 იმ დინამიური პროცესის დასაწყისია, საჭირო ინფორმაციის ანალიზს, ანუ აზროვნებას რომ სჭირდება, რათა შემდგომ ამ ანალიზის შედეგები, ანუ შემოქმედება, სახიერი გახადოს. ამ ეტაპზე ინტელექტუალური მოთხოვნილება-აზროვნება, ჰარმონიულია (2=11).

მესამე ეტაპი მენტალურ სხეულში ინტელექტუალური მოთხოვნილების იდეად ფორმირების ეტაპია და მისი რიცხვია 3.

ანტაგონიზმი-აზროვნება (2) ჰქმნის იდეას (3), რის გამოც თავად ეს იდეაც ანტაგონისტურ ელემენტებს შორის იქმნება (3=12 და 3=21).
რიცხვი 12 სიბრძნეა, ანუ იდეაა, რომელიც სუბიექტის ინტელექტუალურ პროგრესირებას ემსახურება. იგია იმპულსი, რომელიც სულიერ სიღრმეებში წვდომისაკენ გვიბიძგებს და შემოქმედებითი პროცესია თვითშემეცნებისა.
ხოლო რიცხვი 21 გონიერებაა, ანუ იდეაა, რომელიც ხელს უწყობს სუბიექტის ადაპტირებას გარემოსთან.


ასტრალური სხეული ადამიანში ის ადგილია, სადაც მორალური მოთხოვნილებები და შესაბამისად ზნეობა ფორმირდება. მისი ხარისხობრივი მაჩვენებელია რიცხვი 2.

ადამიანის მენტელურ სხეულში, ანუ არაცნობიერში მიმდინარე პროცესების ფორმირება-გამოკრისტალების პირველი ეტაპი, ანუ ზნეობის ჩამოყალიბება ასტრალურ სხეულში, ანუ ქვეცნობიერში საკმაოდ რთულად და ხშირ შემთხვევაში მტკივნეულად მიმდინარეობს. ამ პროცესის დასაწყისი რიცხვია 4, და მისი უმთავრესი ატრიბუტი ეზოთერულ მეცნიერებებში - ფორმაა. რიცხვი 4 ძირითადად სამი სახით წარმოგვიდგება: 13, 22 და 31.

13 ისეთი მორალური მოთხოვნილებაა, ისეთი ზნეობაა, რომელიც სუბიექტის ემოციურ, შემოქმედებით პროგრესირებას ემსახურება პერმანენტული ტრანსმუტაციის მეშვეობით უმაღლეს ღირებულებათა შეცნობის გზაზე. 13 ნათელს ჰფენს პირველად, ქვეცნობიერ მორალურ მოთხოვნილებას - ადგილი დაიმკვიდროს უმაღლეს სულიერ იერარქიაში, რადგან იგი, ადამიანი უმაღლეს შემოქმედმა შეჰქმნა „სახედ ღვთისად და ხატად ღვთისად“.

22 გაწონასწორებული მორალური მოთხოვნილებაა.ეს ის ზნეობაა, რომელიც მსჯელობს, რომ ცხოვრება ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ მოვლენებს შორის მიმდინარეობს, როგორც დიოგენე იტყოდა: „მზეც მრავალ ბინძურ ალაგს გაივლის, მაგრამ თვითონ სუფთა რჩებაო“ და მიზნად ისახავს დაუზიანებლად, ზედმეტი შფოთვის გარეშე გაიაროს თავისი გასავლელი.

31 - ამ შემთხვევაში მორალურ მოთხოვნილებათა და შესაბამისად ზნეობის პროფანაციასთან გვაქვს საქმე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც „მიზანი ამართლებს საშუალებას“, როდესაც იდეა-ნებელობა უპირატესია,ვიდრე სულიერი და ინტელექტუალური მოთხოვნილება, როდესაც პროგრესს ანაცვლებს თვითკმაყოფილება.

მორალურ მოთხოვნილებათა ფორმირების შემდგომ სუბიექტი ცდილობს მასში ჩამოყალიბებულ ზნეობის შესაბამისად იმოქმედოს. სწორედ ამ მოქმედების ამსახველია რიცხვი 5 და იგი ზოგადად სიცოცხლის, სიმტკიცისა და ლოგიკის სიმბოლოა. რიცხვ 5-ს, ისევე როგორც რიცხვ 3-ს, ნეიტრალური განწყობა არ გააჩნია. იგი დინამიურია და შემტევი. ხუთია 14, 23, 32 და 41.

14 ჭეშმარიტების ძიებაა. იგია ფორმირებული ინტელექტი - ადამიანი, თვისი უმაღლესი დანიშნულებით; განსხეულებული სიტყვა - ლოგოსი; ქრიტიანულ თეოლოგიაში:განკაცებული უფალი - ქრისტე.

23 ნებელობითი ანალიზის ე.წ. „ტვინის ჭყლეტის“ პროცესია, რომელიც წინ უსწრებს ნებელობით იდეას, რათა წინასწარ დაგეგმილ ეგოისტური მიზნისაკენ მიმავალ გზაზე დაუბრკოლებრივ ატაროს. ოკულტიზმში მისი სიმბოლო მენდესის პენტაგრამაა და იგი თხის თავს ასახავს.

32 ზნეობრივი ადამიანია, ამაღლებული მორალური მოთხოვნილებებითა და მკაცრი, სამართლიანი ლოგიკური ანალიზით. ოკულტიზმში მისი სიმბოლო სწორი პენტაგრამაა, რომელიც ადამიანს ასახავს.

41 იმპულსური ადამიანის ფორმულაა, ანუ ადამიანისა, რომელიც გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული.

შემდგომ ეტაპზე საჭიროა მოქმედების ჰარმონიაში მოყვანა, რადგან ქაოტურს, მოქმედება იქნება ეს თუ აზროვნება, აბსურდამდე და ნგრევამდე შეუძლია ადამიანის მიყვანა. ამ პროცესებს რიცხვი 6 ასახავს და იგი ზოგადად ჰარმონიის, სილამაზის და არჩევანის სიმბოლოა. ამ ეტაპზე პირველად ჩნდება ჯერ კიდევ გაუაზრებელი ქვეცნობიერი ესთეტიური მოთხოვნილება. ექვსია 15, 24, 33, 42 და 51.

15 მეცნიერი, მაძიებელი ინტელექტია. იგია ნება და შესაძლებლობა გაცნობიერებისა.

24 არჩევანია ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ ისეთ ელემენტებს შორის, როგორებიცაა - სიკეთე და ბოროტება, ნათელი და ბნელი, პოზიტიური და ნეგატიური და ა.შ.

33 არჩევანია ორ იდეას შორის. სწორედ აქ იჩენს თავს პირველად ესთეტიური მოთხოვნილება.

42 ზნეობრივი დაშვებაა, შეიძლება ითქვას, რომ ზნეობრივი ექსპერიმენტია.

51 ინტელექტია, რომელსაც ცხოვრებისეული გამოცდილება, ლოგიკური პროცესები უდევს საფუძვლად.


ესთეტიური მოთხოვნილებების ჩამოყალიბება სუბიექტის ფიზიკურ სხეულთან არის დაკავშირებული. ამ უკანასკნელის ხარისხობრივი მაჩვენებელია რიცხვი 3.

ფიზიკურ სივრცეში ხდება საბოლოო ფორმირება - გამოვლენა როგორც ინტელექტის, ასევე ზნეობის და ამავე სივრცეში ყალიბდება და ფორმირდება გემოვნება. ეს ცნობიერი სივრცეა.

ეზოთერიკაში რიცხვი 7-ის ატრიბუტიკაა ბუნება (კოსმოსი), მფარველობა, რისკი, გამარჯვება და გამოცდა. იგი გააზრებისა და გაცნობიერების რიცხვია. შვიდია 16, 25, 34, 43, 52 და 61.

16 ინტელექტუალური არჩევანია: შენება ან ნგრევა, ომი ან მშვიდობა, სიკეთე ან ბოროტება და ა.შ.

25 გააზრებული ქმედებაა. იგია ასევე გაცნობიერებული ბედისწერა.

34, თუ გავიხსენებთ ქართულ სიტყვას „სამოთხე“ (3+4), ბევრი რამ ნათელი გახდება. აქ ნათლად სჩანს სულის უპირატესობა ფორმაზე, ანუ იდეა-სულიერება (3) + მაღალი მორალური მოთხოვნილება(4) გამარჯვების საწინდარია (7).

43, ეს რიცხვი წინა რიცხვის (34) აბსოლუტურად საწინააღმდეგოა, ანუ სული ფორმის ტყვეობაშია. იგი დაცემული მორალური მოთხოვნილებების, დაცემული ზნეობის სიმბოლოა.

52 რისკი და გამოცდაა.

61 არჩევანი-დილემა: სიკეთე და ბოროტება.

შემდეგი ეტაპია რიცხვი 8 და მისი ატრიბუტებია: ცვლილება, ტრანსფორმაცია, კანონი, ტრადიცია. იგი ფორმირებული ზნეობისა და გემოვნების რიცხვია და განსაზღვრავს სუბიექტის ქცევას. რვაა 17, 26, 35, 44, 53, 62 და 71.

17 ადამიანური საწყისის ( ინტელექტის; ნების) სამართლიანი (კანონზომიერი) გამარჯვებაა. ასევე: გამარჯვება მშვიდად უნდა მივიღოთ.

26, სიფრთხილე=გააზრება (2) + სწორი არჩევანი (6). ასე, რომ ეს რიცხვი სიფრთხილის ფორმულაა.

35 კანონზომიერი პროგრესია. ახალი იდეა (3) + ლოგიკური ქმედება (5) იწვევს ცვლილებას.

44 პასუხისმგებლობაა: ვინმეს მიაყენე შეურაცყოფა?(4) მოუბოდიშე (4);  შექმენი რევოლუციური ხელისუფლება? (4) მიიღებ დიქტატურას (4); და ა.შ.

53 კანონზომიერი რეგრესია. მისი ლოგიკაა: „ის (სუბიექტი) მე მომწონს, იმიტომ რომ ის ვარგისია (რაღაცისათვის)“.

62 გაორებული აზროვნებაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სუბიექტის - როგორც ევოლუცია, ასევე ინვოლუცია, ანუ არჩევანის გაორების, იგივე დაბნეულობის სიმბოლოა.

71 სუბიექტის პირადი (სუბიექტური) გამარჯვების უპირატესობა, ანუ უსამართლობაა.

და ბოლოს რიცხვი 9 - ეზოთერულ მეცნიერებებში აღსრულებისა და ხელდასმის სიმბოლო. ეს ფორმირებული ადამიანია, ადამიანი - მთელი თავისი გამოვლინებებით.

ცხრაა 18, 27, 36, 45, 54, 63, 72 და 81.

18 ადამიანია, როგორც ინტელექტუალური სუბიექტი კანონზომიერებათა შორის.

27 მედიუმის ფორმულაა. იგი თავისუფალი, გამარჯვებული აზროვნებაა.

36, იდეა-მიზანი (3) განსაზღვრავს არჩევანს (6). იგი შემოქმედებისა (ხელოვნების) და გემოვნების რიცხვია.

45 ზნეობრივი ადამიანის ფორმულაა. იუდეურ და ქრისტიანულ თეოლოგიაში იგი ადამის რიცხვია.

54 მოქმედების უპირატესობას ასახავს. იგი დემაგოგის ფორმულაა.
63, ასეთ შემთხვევაში არჩევანი (6) განაპირობებს იდეას (3). აქ ფორმის უპირატესობაა ასახული, ანუ ფიზიკური სილამაზის ფორმულაა.

72, ამ ფორმულაში გამარჯვების უპირატესობაა მოცემული.

81 - როცა ინტელექტი კანონის ჩარჩოებშია მოქცეული, ანუ კანონი ზღუდავს ინტელექტს. ეს რიცხვი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოხელის ზოგადი ფორმულაა.


ჩემო მეგობარო, არ ვიცი შევძელი თუ ვერა ნათლად მეთქვა ყველაფერი, რის თქმასაც ვაპირებდი, მაგრამ ყავა რომ ნამდვილად გემრიელი იყო, დამეთნხმე.

ახლა კი ერთ იგავს მოგიყვები და საუბარსაც დავასრულებ:

ამჟამინდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე ერთი მოგზაური ლამაზი ქალის ქანდაკებას გადაეყარა. მისი მშვენიერებით აღფრთოვანებულმა მოგზაურმა წამოიძახა
-       -  ვინ ხარ შენ!
-      -  მე გალათეა ვარ - უპასუხა ქანდაკებამ.
-      -  კი, მაგრამ ასეთი მშვენიერი ფეხები ვინ გაგიკეთა...
-      -  პიგმალიონმა - იყო პასუხი.
-      -  ასეთი მშვენიერი მკერდი!..
-      -  პიგმალიონმა...
-      -  ასეთი მშვენიერი სახე!..
-       -  პიგმალიონმა...
კაცმა ღრმად ჩაისუნთქა, ცას ახედა და
-     -   მაშ ღმერთო, შენ რაღა გააკეთე!.. - ამოიოხრა.

-     =   პიგმალიონი - მოისმა ციდან.

No comments:

Post a Comment