Sunday, June 16, 2013

         როგორ იპოვა 
               და 
   დაკარგა ტახტი მათხოვარმა

ოდესღაც ერთ მათხოვარს, რომელიც სხვა მათხოვრებთან ერთად მათხოვართა უბანში ცხოვრობდა, ნაგავში მეფის ტახტი უპოვია. წამოუღია ეს ტახტი, გამოსაჩენ ალაგას დაუდგამს, ზედ წამოსკუპებულა და დანარჩენებისთვის განუცხდებია - განგებამ თქვენს მეფედ მაკურთხა და დღეის იქით თქვენთვის ჩემი სიტყვა კანონი უნდა იყოსო. საცოდავებს დაუჯერებიათ და იმ დღის შემდეგ მათი ცხოვრება ათასჯერ უფრო გასაცოდავებულა. რაც რამეს საუკეთესოს იმათხოვრებდნენ, თუ ნაგავში მოქექავდნენ, 
მეფე-მათხოვრისთვის უნდა მიერთმიათ. და ვაი იმის ტყავის ბრალი, ვინც ვერაფერს იშოვიდა. ასე იყო, მანამ ეს ამბავი ნამდვილი მეფის ყურამდე მივიდა.

მათხოვარო! - დაიღრიალა მეფემ - როგორ გაბედე ჩემი უფლებებით სარგებლობაო, და მეფე - მათხოვარი ტახტიდან გადმოაგდო. დაინახეს რა ეს მათხოვრებმა, ეძგერნენ თვითმარქვია მეფეს და ცემით კინაღამ სული გააფრთხობინეს. შემდეგ ყველამ მიატოვა. მათხოვარმა მოთქმა დაიწყო - დამიბრუნე მეფეო ჩემი ტახტი, მე შენ არაფერში გეცილებიო! მეფემ უპასუხა - სახელმწიფოში მხოლოდ ერთი ტახტი შეიძლება იყოსო. სასოწარკვეთილმა მათხოვარმა შესძახა მეფეს - მართალია, მე მათხოვართა მეფე ვიყავი, მაგრამ შენ მათხოვარი მეფე ხარ, რადგან მე თუ სი მათხოვარი მემსახურებოდა და მარჩენდა, შენ მილიონ კაცს შეჰყურებ ხელებშიო. გაგულისებულა მეფე და მათხოვარი საპყრობილეში დაუმწყვდევია. მათხოვარი არც აქ დაწყნარებულა, რაღაც სიმღერა შეუთხზია. ეს სიმღერა ასე ყოფილა:

შენ უღონობა მოგიღებს ბოლოს,
თუმც ასე ფიქრობ, მოგკლავენ სხვები.
დიდების გვირგვინს დაგაფარებენ, 
შეგაგინებენ ზურგსუკან მტრები.
ტაშს დაგიკრავენ, ცად აგისვრიან, 
გაგაღმერთებენ რეგვენი ძმები.
მოკვდები, შენივე თესლი მოგთხრის,
შეგინებული დაგრჩება ძვლები.
შენ? უღონობა მოგიღებს ბოლოს,
თუმც ძლიერი გაქვს ზურგი და მხრები.

მერე? მერე რა მოხდა ალბათ აღარაა საინტერესო. მაგრამ როგორც ამბობენ, მეფემ მათხოვარი ჩამოჰკიდა.
                                     
1983 წ.



     

No comments:

Post a Comment