Sunday, June 16, 2013

  რატომ აღარ არიან ფასკუნჯები

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ფრინველები ადამიანებივით ლაპარაკობდნენ. ყოველ ჯიშს ფრინველებისას საკუთარი ალაგი ჰქონიათ და სახელმწიფო პრინციპებით უცხოვრიათ. ერთ ალაგას ფასკუნჯები ცხოვრობდნენ თურმე. ლამაზი და ნოყიერი ადგილი ყოფილა.

დიდები ყოფილან ფასკუნჯები და ყვავ _ ყორნებისაგან შეწუხებულმა ჩხიკვებმა და შოშიებმა დახმარება სთხოვეს. თავიანთი დიდი ბუნების გამო სუსტ მეზობლებს უარი ვერ უთხრეს და მამა ფასკუნჯები ერთიანად დასახმარებლად გაფრენილან. ბუდეებში მარტოდ დარჩენილ დედა ფასკუნჯებს ძერები დარევიან და დიდი ბრძოლის შემდეგ შვილებიანად ამოუჭამიათ. დაბრუნებულან შინ მამა ფასკუნჯები და ბუდეებში კვერცხების მეტი ვერა უპოვიათ.

ხომ დიდი იყვნენ ფასკუნჯები, მაგრამ ძერები ათასჯერ მეტნი ყოფილან.

ფასკუნჯებმა გადაწყვიტეს _ დახმარება ორბებს ვთხოვოთო. მართალია ჩვენხელანი არა, ძერებზე დიდები მაინც არიანო და ბევრიც არიანო. ჩვენა გვგვანან და ერთად გვარიანად დავაფრთხობთ ძერებსო. ჩვენ თუ დავიხოცეთ, ჩვენს კვერცხებს ისინი მოუვლიან და არ გადავშენდებითო.
შემდეგ იცით რა მომხდარა? . . 

ფასკუნჯნი წავიდნენ ორბებთან ერთად ძერების დასაფრთხობად. ორბებმა შუა ბრძოლაში შეატოვეს ხელში ფასკუნჯები ძერებს, თავად დაბრუნდნენ და მათ კვერცხებს დაერივნენ.

ის ფასკუნჯები, რომლებიც ცოცხლები დაბრუნდნენ ბრძოლიდან უკან, ასე მღეროდნენ თურმე:

   აწი ბახალებს მოუყვებიან ჩვენზე არაკებს!
   აწ გარდასული ჟამთა ზღაპრები ორბთა ბახალებს                                     ცისფერ სიზმრებში გააბალახებს.
   ჩვენს წინაპარსო ფასკუნჯი ერქვა,
   აჭორებს დედა პატარა ორბებს, . .
   ნახეთ რამოდენა ფესვი გვქონიაო,
   ქვეყანას მოსდებს.

და ეს ამბავი როგორც დასრულდა, თქვენც კარგად უწყით _ დღეს, თუნდაც წამლად, ერთ ფასკუნჯსაც ვერსად შეხვდებით, ზღაპრებისა და არაკების გარდა. ისე კი მართლა ყოფილან თურმე.
                                     
1983 წ.  
   

No comments:

Post a Comment