Monday, June 17, 2013

მინიატურები

           ამაოება    
  
გრძნობით გახურებულ უდაბნოს გულ-მკერდს უგრილებდა იმედის სიო.

განა საოცარი არ არის! . .
მაგრამ ვნებით შევსვამთ ხოლმე მოწამლულ შარბათს და თუ გადავრჩით, უსიტყვოდ გადავსახლდებით სხვა სამყაროში ამ იმედების მოსაგონებლად.
                                     
1981 წ. 
   

ბრწყინვალე ვარსკვლავი

შავს იდუმალებაში ტაატით მიიკვლევდა გზას თეთრი ხომალდი. . . ჭუჭყისფერ კვამლს სტოვებდა გზაზე. კვამლს, რომელიც წარსულში უნდა დარჩენილიყო არდავიწყაბად და მომავლის ტკივილის მიზეზად ქცეულიყო.
- მართლაა ბედნიერება აღთქმულ ვარსკვლავზე, ძია?
- მართლა შვილო.
- მერე და როდის მივაღწევთ?
- მალე, სულ მალე.
- და ეს “მალე” მთელი ცხოვრებაა - ჩაილაპარაკა მოხუცმა კოსმონავტმა.
. . . . .
მრავალმა სინათლის წელმა ჩაიარა მას შემდეგ. ჰადესის ჯურღმულებში გაუჩინარდა მოხუცი კოსმონავტი.
ჰა და ჰა, თითქოს, დღეს თუ არა ხვალ მაინცო. . .  და უჩინარდება ვარსკვლავი სამყაროს უსასრულობაში.
შავს იდუმალებაში ტაატით მიიკვლევს გზას თეთრი ხომალდი. უშიშრად მიჰყვება უსასრულობის უცნობ გზებს.
- მივაღწევთ ოდესმე აღთქმულ ვარსკვლავს!
- მალე, სულ მალე!  
                   
 1981 წ.


        გაგრძელება იხილეთ

წლობით ნაწვალები ერთ დღეში დაენგრა: სახლი დაეწვა; შვილები დაეღუპა; მეუღლე გაუგიჟდა.
_ მე მის ადგილზე თავს მოვიკლავდიო.

თავს ვერ მოიკლავს, სიკვდილის შემდეგ უკანასკნელი იმედიც ქრება.
                             
1980 წ. 


         გამარჯვება

დრაკონის კბილებს სთესავდა მთელი ცხოვრება.
ურჩხულის ლურჯი ბაგეებიდან მოელვარე ეშვებს ღრჭიალით აჩენდა.
წყალი დაგესლა.
ჰაერში აყროლებული სუნი ამოუშვა.
დაიკვნესა დედამიწამ, დაიხრიალა, დაიღრჭიალა და. .

ვაშა! - შესძახა მეცნიერმა - ექსპერიმენტმა ბრწყინვალედ ჩაიარა. ჩვენ გავიმარჯვებთ!
                                   
1981 წ.

   
  დამსხვრეული ჩარჩოები

მე შენს ხატებას ვსვამ ოცნების ცისფერ ჩარჩოში.
. . . და სინამდვილემ თუ უქცია ოცნებას ზურგი, რაც სავსებით მოსალოდნელია, თავს დავიმშვიდებ, ვითომ არასდროს ყოფილხარ. . . და ვეცდები ვიოცნებო შეუძლებელზე.
. . . . .
ბედნიერნი ვართ, ყოველივე შესაძლებლის დაკარგვის შემდეგ შეუძლებელზე ოცნების უნარი თუ მაინცა გვრჩება.
                                           
1980 წ.


         დარდიმანდი

- ქვეყანა რომ თავზე დაექცეს, თუ არ გაეცინა, გაეღიმება, გულს წუხილს არ გააკარებსო.
. . . . .
რატომ გგონია, რომ მისი ღიმილი შენს წუხილზე ბეგნიერია. . .
                                     
1980 წ. 


                 დედა 

 - ოთხი წლის იყო კითხვა რომ ისწავლა. . . მასწავლებელი მეუბნებოდა, შენი შვილი პოეტად არის დაბადებულიო, მაგრამ. . . ჯიუტია. . , ეეჰ, ქვეყანა ვის გაუსწორებია, მაგან რომ გაასწოროს - და დედას თვალები ცრემლებით აევსო.
                                       
1981 წ. 

       
        ვნებათა სიჭარბე

ანერვიულებულმა მეგობარს მოვუყევი, როგორ გამიუფერულეს ლამაზი წუთები.
- ადამიანში უჩინარად მხეცსა სძინავსო.

რა უსუსური ვყოფილვარ თურმე.
                             
1980 წ.


      ზეკაცობის სურვილი

ქარაგოზა მოსდებია ადამიანის თვალებს და მთის გოროზი მდუმარების თავზე მოღრუბლულ ცასა და ნისლს ხედავს მხოლოდ. მე მთის წვერზე ასვლა მწადია, რათა გზა გავაგრძელო ცაში უხილავი ბილიკებით, ღმერთის თანაბრად დავდგე და საფლობში ვსდიო ქაფრებს მოსაბრუნებლად.
                         
1982 წ.

     
     თვალდახუჭული

მთელმა სიკეთემ ტრფობის ჟამს იჩინა თავი და დაუნდობლად ებრძოდა ქარის წისქვილებს. აბუეტივით გავიდა სიყვარულის გზაზე - ცრემლებს სინათლე არა სჭირდებაო.
                                   
1980 წ. 


         თვითმხილების ხიფათი

დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი დაბოდიალობდა.
მობეზრდა.
გულმისატანი საქმე რომ ვერ გამონახა, გადაწყვიტა, ჩემს ცხოვრებას გადავიტანო ფურცლებზე.
გაშიშვლდა.
ო, რა საშინელი ვყოფილვარო - და კალამი გადადო გვერდზე.
დაწვა და . . .  დაიძინა.
                                       
 1982 წ.  


            თვითტკბობა

ცისფერ ზმანებაში მზეს რომ გავეჯიბრე, დღეთა გულისწყრომას თავი ავარიდე.
გონებით შევძელ ამეგო სილამაზის ურყევი კოშკი. . . და გამონასკვა ცხოვრებამ სიცოცხლის ძაფი.
მარადიულობამ თავი მომაბეზრა.
. . . . .
გულის სიჩაუქე თუ გსურს დაინახო, უნდა გადმოხედო გრძნობას სიმაღლიდან.
                                     
 1981 წ.


            იდიოტი

ერთხელ აღმაფრენა გადავწყვიტე.
მაღლა მომივიდა.
საკუთარ ძმაში უსუსური მწერი შევნიშნე.
სისულელედ ჩავთვალე მისი აზრები და განცდები, მისი ოცნება და მიზანი.
ნისლს გავუფანტავ გონებაში, გავიფიქრე, მაგრამ გადახრისა შემეშინდა, ვაითუ თვალები ამიჭრელდეს და გადავვარდე-მეთქი.
. . . და მაშინ ვიგრძენი მარტოობა:
- საით მიფრინავ, ხალხის შობილი ხალხშივე დარჩი, ბრიყვო!
                                       
 1980 წ. 

  
         იმპერატორი და ზღვა
              
ზღვა თავაშვებული გახელებით ეხეთქება ხმელეთს. ერთ მტკაველს წაგლიჯავს, შვებით ამოისუნთქავს და დაწყნარდება, მანამ ისევ არ დაკარგავს მიტაცებულს.
შესძახა ყოფილმა იმპერატორმა, ამღვრეული, შურიანი თვალებით რომ შესცქეროდა ზღვას:
- ოი, ბედნიერო! რამეთუ ყოფიერებას შენთვის კანონები არ დაუწესებიაო.
                                     
 1981 წ.


        ლოგიკა

ქალი, თავისი სულის აღნაღობით, რეალისტია.
ქალი შემიყვარდა. ალბათ გამოგიცდიათ სიყვარული და. . . მოვწყდი დედამიწას. დიდხანს ვაგზავნიდი მოწყვეტილ ვარსკვლავებს, საკუთარი გულის სიმხურვალით გამთბარს, სიყვარულის მისამართით.
ერთხელაც, როცა გადავწყვიტე გამოვტყდომოდი, ათასი ბოდიალის შემდეგ ცოლობა შევთავაზე, . . სიყვარულის შეუთავაზებლად.
ენდო ჩემს სიტყვებს და მოვიფიქრებო. . . ის კი აღარ უფიქრია, რომ კიდევ ათასი რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ უცნობმა ძალამ კრიჭა შემიკრა და ენას მისი სააშკარაოზე გამოტანის საშუალება არ მისცა. . , თავისუფლად შობილი თავისუფლებაში ხომ ადვილად ჰპოვებდა გზას.
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ უარი მსტკიცა.
მე რომ აქეთ - იქით ვედებოდი, თურმე ერთი უბრალო სიტყვა, მხურვალედ თქმული და კარგად გახუნებული ჟესტიც საკმარისი იყო. დიახ, სიტყვა და. . .ეეჰ!
ქალი, თავისი სულის აღნაღობით, რეალისტია.
                                       
 1983 წ.  

  
     მარტოხელა მხატვარი

- უცნაური რამ მესიზმრა: ჯადოსნური ფუნჯი მაჩუქეს, რასაც დახატავ ხორცს შეისხამსო. რა ვჰქმენ? . . პატარა ქოხი დავხატე. პატარა ქოხში პაწაწა აკვანი. . . პაწაწა აკვანში ნამცეცა ბიჭუნა სიზმარში ხედავდა დიდ გზას, რომელზეც დადგება ოდესმე. ქოხს ჟიჟმატი ბაღი ეკრა. . . დედა წითელ ვარდებს ჰკრეფდა, რომ ციცქნა ბიჭისთვის გვირგვინი დაეწნა და. . . ეეჰ!
                             
 1982 წ.


            მონახაზი

სახლი, რომელშიც ბავშვობა გაატარა, ღრუბლებზე იდგა.
                                     
  1980 წ.

     
           მწუხარეთათვის 
   
საბაოთ მომკვდარაო, ხარობდა სათაელი, ბოღმამ დაახრჩოო ღმერთი. აღასრულაო ზეციერი დარდამა მიწიერზე, ვეღარ აიტანაო საქმენი ბიწიერთა და მომკვდარაო.
                                       
1982 წ. 


        ნაპოლეონი

მე ნაპოლეონი ვარო - თქვა გიჟმა და ცრემლები დაანთხია.
ყვებოდა გიჟი გამარჯვებას (საკუთარს თუ ნაპოლეონისას), ტრიუმფით შესვლას ქალაქებში. ყვებოდა: როგორ კრთოდნენ მის წინ ადამის ძენი; როგორი წესრიგი ჰქონდა სამხედრო ბანაკებში. ყვებოდა: როგორ დაიპყრო ნახევარი ევროპა და როგორ დამარცხდა; როგორ აჰყარეს პატივი და როგორ გააძევეს; მისი დიდების ვარსკვლავი როგორ გაბაცდა (თუმც სულმთლად მაინც ვერ დააბნელეს).
ეწვოდა გიჟს ვატერლოო და ტიროდა.
თუმც ერთი მაინც ახარებდა: გამარჯვება, ტრიუმფები და დიდება რომ არ მოჰყოლია, და მაინც ყველაზე დიდი გამარჯვება - სიყვარული მარისიასი.
                               
 1980 წ. 


         ნებით თუ უნებლიედ

- გიყვარდათ?
გაეღიმა. . . სული წაულეკა მოზღვავებულმა ბოღმამ.
- აპატიებდით?
თუ რამ მაშინებს, საკუთარი უსასოება. როგორ მინდოდა ღიმილში რომ დამენახა მხოლოდ სიკეთე - მაგრამ არ უთქვამს.
. . . . . .
იგრძნო, რომ სხვადასხვა მხარეს მიდიოდნენ და გაუგეს ერთმანეთს.
                                     
1982 წ.      
          
         
            პესიმიზმი

ღმერთი გავაღმერთეთ, რაღა საჭიროა კაცის გაღმერთება.
ტაშით ხვდებიან შიშველ ბელადს - ო, რა ლამაზად გაცვიაო. . . და ბელადიც, ადრე ოქროს, ახლა ვერცხლს ააბრჭყვიალებს თითებში და გადაცვლის ოფლში.
. . . . .
ო, რა უბედურნი ვართ, რამეთუ შეგვიძლია ბედნიერება ვუსურვოთ ერთმანეთს.
                                     
1980 წ.

                      
                რწმენა

მწვანე მინდორზე მეგონა თავი, საფლავში ვყოფილვარ თურმე. თუმცა ჭაობი ხასხასა ფერით თვალსა მსტაცებდა, ერთ ფეხის დადგმა კუნძულზე შევხტი და გადარჩენილმა თავი განწირულად ვიგრძენ, რაკი ვიფიქრე, მქისე სიღრმე, რომელსაც შემდგომში მაინც ვეაფრით ვერ გავაღწევდი, არათუ მხოლოდ ხორცს, სულსაც წარმტაცებდა და მოხიბლული დავივანებდი საუკუნოდ საფლობის ფსკერზე.
შორს, ბლანტი სიმწვანის ზედაპირზე კაცი მოაბიჯებდა, თავს ნათელი ადგა. მომიახლოვდა და . . .
ოი, მშვენიერების მეუფეო, რაგინდ მტკივნეული უნდა იყოს შენი ჭაპანი, წელზე შემორტყმულმა უნდა ვატარო, რამეთუ ნაქურჩალა შემოღლეტილს არ დავემგვანო და არ შეგზარდეს ჩემი დანახვა უკიდურესი სიშიშვლის ჟამსაც.
მხარზე ხელი დამადო და თვალებში ჩამხედა. ახლად აბიბინებული ბალახივით ხასხასა თვალები ჰქონდა. ვიგრძენ, რომ გავაღწევდი საფლობს, ვითარცა ღმერთმა გაიარა წყალზე და . . . გავიარე.
                                         
1982 წ.


          სიკვდილის შიშით

სივრცე არ მყოფნის. . .
სული მოდრიკა მობოშებულმა ხორცის სიმძიმემ. გული ავთხლიშე სხეულს უწყალოდ და ჩემებრ მონებს ვუბრძანე მონამ
- მომიოქროვეთ! ! ! მომივარაყეთ! ! !
. . . სულ მუჭა მიწამ დააშოშმინა.
                                 
1982 წ.

   
        სინანული

მჯეროდა შენი.
და ერთხელ, როცა მაიძულე გარემოსათვის შემეხედა შენი თვალებით, შემზარდა ყველა და ყველაფერი.

ვაი, რომ მჯეროდა შენი.
                       
 1980 წ. 
              

            სიყვარული 

ცხოვრებამ მარგუნა ეს ლამაზი გრძნობა.
შენ შეგიძლია ძალა მომცე, შევძრა სამყარო,
. . . ანდა ფარხმალი უხმოდ დავყარო.
                               
 1983 წ.

    
             ტკივილი 

 სილა გამაწანი და გაუგებრობას ჰქონდა ადგილიო _ თავი იმართლე.
რომ მოგეკალი!              
                                       
1980 წ.


           უნდობლობა

შენი თვალები მიყვარდა ეგზომ. . .
და ერთხელ გთხოვე, რომ დაგემალა მაგ თვალებში ეს საიდუმლო.
თვალებში მკრთალი ნაპერწკალი აციმციმდა.
შენ საკუთარი საიდუმლო ვერ შეინახე.
                                 
1980 წ.

        
       ფიქრიანი

თუ გიფიქრიათ ბნელ-უკუნეთში როგორა ჰყვავის თეთრი ოცნება.
ანდა, აღთქმული ქვეყნის მოძღვრება რით დამთავრდება.
შავი წერტილი თუ გაინთხმება ცისფერ მირაჟზე.
ანდა ქოხმახის შავი ბუხრიდან ამონაბოლქვი თუ დააბნელებს ნათელ ზეცას და ვიღაცის ჯინაზე დედა-დედინაცვალი გერებთან ერთად საკუთარ შვილებსაც დაახრჩობს. . .
                             
1982 წ.


       ძაღლი ბატონისა

მთელი ცხოვრება მისი ერთგული იყო. თვალებში შესციცინებდა. ღამეებს უთევდა - ძილი არავინ დაუფრთხოსო.
იმ დღესაც. . .
მან თოფი გადმოიღო. სანადიროდ მივდივართო - გახარებულმა ცქმუტვა დაიწყო, თუმცაღა გრძნობდა, რომ ბებერი მუხლები ძველებურად აღარ ემორჩილებოდა.
ტყეში გავიდნენ.
თოფი გატენა. . .
მეხუმრებაო - გაიფიქრა და წყლიანი თვალებით მიაჩერდა.
თითქოს ტვინი აეხადა. . . თოფის ხმა არ გაუგია. . . რისთვის! - გაიფიქრა და თვალები ცრემლებით აევსო.
. . . . .
ის ვალმოხდილი ბრუნდებოდა შინ.
                           
 1981 წ.    


No comments:

Post a Comment