Sunday, July 14, 2013

რ უ ბ ა ი ე ბ ი

***
ასე ცხოვრება თავად ვარჩიე, მსურდა შემეცნო მთები,
ბევრი მინდოდა, ცოტა შევძელი, ყოველმხრივ დარდი მიტევს,
სამყაროს სევდა არ ყოფილიყო, ვერას მიზამდა წლები,
თუ გსურს შემიცნო, გულში ჩამხედე, ის მთელ სამყაროს იტევს.

***
თუ ედემიდან გამაძევეს,ჩემი ბრალია,
რადგან ცდუნებამ შეცდომისა ხელი დამრია,
ახლა ვადგავარ გზას,მრავალი ხიფათით სავსეს
და თავს ვიმშვიდებ - ეს გზა უფრო უპრიანია.

***
მახსოვს,მრავალჯერ გადმირბინა მაცდურმა წინ და
ვერასდროს შეძლო უარ-მეყო სახელი წმინდა.
ღმერთო,მე მჯერა შენი ძალის და შენი ნების,
ერთი თხოვნა მაქვს,მე შენს არსში ჩაწვდომა მინდა.

***
ცას ავხედე,ზეცას მოწყდა კიდევ ერთი ვარსკვლავი,
და ვინატრე - დაე,ქვეყნად ბნელი ნათლით მოსილა...
დრო გავიდა,მერედა რა,არაფერი იცვლება,
ცხოვრებაში უბრძოლველად არაფერი ყოფილა.


***
ჟამიანობას მომიწია ცხოვრებამ ქვეყნად,
რასაც ვფიქრობდი ხმამაღლა ვთქვი,რა უნდა მენა,
ხელი ჩამავლეს და დამაბეს ვირის ბაგაზე,
კვლავ ავყროყინდი,რა ვქნა,ღმერთმა ასეთი შემქმნა.

***
გზას მივუყვები ბრძენი კაცის მჭმუნვარე ნიღბით,
შევძელ მრავალის გაოცება არსთ წვდომის სიღრმით,
მაგრამ ჩემს თავს რა დავუმალო - ერთი ბრიყვი ვარ,
გზას რომ მიჰყვება,გზას,რომელიც ისწრაფვის მიღმით


***
თითქოს ხალხი ერთად არის, განზე არვინ დგება.
გამარჯვების ნადავლი ხომ მოთავეებს ხვდება...
თუ დამარცხდა მეთაური, არაფერს არ კარგავს,
ნაგვემი და წაგებული მხოლოდ ხალხი რჩება.

***
ზეცას შეჰყურებ, რადგან ელი მაღლიდან შველას.
გცემენ და დუმხარ, ითმენ, გჯერა - ასე სურს ზენას...
ვფიქრობ, არა ხარ ღმერთის ნებით შექმნილი კაცი,
რადგან ფორთხიალს მიჩვეული ვერ შეძლებ ფრენას.

***
თურმე, ოდესღაც ჩვენ ისეთი ძალა გვქონია,
მოყვარეც გვყავდა, მტერს კი ჩვენი რიდი ჰქონია.
სიყვარული და ინტერესი რომ ვერ მეგობრობს,
მრავალჭირნახულ მოგვებისგან გამიგონია.

***
თუ რამეს ვამბობ, დამიჯერე, არ მინდა ფიცი,
იმას არ ვიტყვი, რაც არ ვიცი - ვიტყვი, რაც ვიცი.
გეკითხებიან? - უპასუხე. არ გიჯერებენ?
გზა გააგრძელე - ვერას შეცვლის ფიცი და მტკიცი.

***
ენატკბილი მოსაუბრე იყო ერთი ქალი,
გამაბრუა, ვერც შევნიშნე, ჰქონდა ავი თვალი,
თვალი სულის სარკეაო - ძველებისგან თქმულა,..
გამძარცვა და გამატყავა, ამირია კვალი.

***
ნისლებმა გზები დაგიბურა? - დღეს ამის დროა.
შეჩერდი ნისლში სიარული სახიფათოა.
დაიცადე, რომ დაიწმინდოს სავალი გზები,
თვალსაწიერი უნისლოდ ხომ უფრო ფართოა.

***
თუ არვინ გიყვარს - შენი თავი არ გყვარებია,
სიყვარული ხომ ამ სამყაროს გასაღებია...
თუ სიყვარულში მეტ-ნაკლები არსებობს, ღმერთო,
მაშ სიყვარული რაღა არის, გამაგებია.

***
ოდესღაც მიწას ამშვენებდნენ ური და ტროა,
ქვიშა, რომელმაც გადაფარა, ეს ქვიშა დროა.
ხალხი აშენებს, ხალხი ჰქმნის და ხალხივე ანგრევს,
რადგან ეს ხალხი, უფრო ხშირად ვაი, რომ ბრბოა.

***
გზა, რომელიც მე ავირჩიე, ეს გზა ჩემია.
ბევრი ვიარე, მასაც გავალ, რაც დამრჩენია.
მე საწუწუნო განგებაზე არაფერი მაქვს,
რადგან ცხოვრება არჩევანის განაჩენია.

***
ჟამთა დინებას ვერ გაუძლო ვერც ზღვამ, ვერც კლდემა.
ამ ქვეყნად ვინც კი იბადება, სუყველა კვდება.
თუ არ შეგიჩნდა შემეცნების მტანჯველი ჭია,
რაა ცხოვრება, თოვლივით რომ სითბოში დნება.

***
ბრიყვს, როგორც ჭკვიანს თუ ღებულობ, ბრიყვდები თავად.
და ნურც დასცინებ, ის ხომ არის სიბრიყვით ავად.
ნუ ედავები, მას ხომ თავი ბრძენი ჰგონია...
დრო ძვირფასია, ნუ დახარჯავ ბრიყვებში დავად.

***
ამ სამყაროდან ვლამობდი გაქცევას მუდამ.
სად გაგვექცევი! - კინჩხში მომხვდა ქვიანი გუნდა.
- საით მირბიხარ, აქაური დაფარე ვალი?
აქ აღებულ ვალს გადახდა აქავე უნდა.

***
ამ ქვეყნად თითქოს ყველაფერი გასაგებია.
თუ უპატრონოდ რამე გდია, ასაღებია.
არაფერს ვიღებ, მოწყალებას არ ვთხოვ არავის.
თუ რამე მინდა, ღმერთო, შენი გასაღებია.

***
მაშინ, როდესაც ქალაქების იწყეს აგება,
გაჩნდა შური და კაცთა შორის გაქრა გაგება.
წაგებულია, მოგებისთვის ვინც იბრძვის მხოლოდ,
რადგან ერთია ქვეყანაზე მოგებ-წაგება.

***
გადავწყვიტე, რომ ლოთობაში ჩამეხრჩო დარდი.
ერთხელაც ფეხი ამერია, ლაფში ჩავვარდი.
თუკი მანამდე მჯეროდა რომ ღვთის ხატი ვიყავ,
ახლა შევნიშნე, რომ უსახურ ურჩხულსა ვგავდი.

***
თუ ფული გაქვს და სიყვარულის გაქვს ნაკლოვნება,
მაშინ გამოდის, ფული არის შენი ცხოვრება.
რად გინდა ოქრო, როცა მოყვასს უხმება კუჭი...
ფულით ვერ შეძლებ მოიპოვო სულის ცხონება.

***
ორი წელია მე ჩემს თავთან ვერ დავრჩი მარტო,
რომ ავიღო და ნაფიქრალი ფურცლებზე დავდო,
თუმც, თავს ვიმართლებ, მე თუ მინდა ხელს ვინ შემიშლის,
როცა მარტო ვარ, მაშინაც კი არა ვარ მარტო.

***
მადლი ჰქმენ, თავი გამანებე, შენს გზაზე წადი,
შენი რად მინდა, საკუთარიც ბევრი მაქვს დარდი,
რას ეძიები, ჩემსას მაინც შენ ვერ გაიგებ,
ჩემი ცხოვრება სიმღერაა, ტკივილის ბარდი.

***
ქვეყანას გონი რომ მართავდა, ის დროც ყოფილა,
ძალა, ერთ მუჭში მოქცეული, არ გაყოფილა,
დაღმართს აღმართი მოჰყოლია, იმედით ვცოცხლობთ,
ჰოს არა - არსის ორი მხარე არ გაყოფილა.

***
ხარბი კაცი ავიცაა, ბოროტი აქვს გული,
მისთვის ფული მთავარია, ვინემ ზნე და სჯული,
კუჭით ფიქრობს, კუჭით ცხოვრობს, კუჭს არაფერს აკლებს,
მხოლოდ კუჭით ეხერხება ხარბ კაცს სიყვარული.

***
ზოგი მეფედ იბადება, ბევრი ხდება ნეფე...
მეფე იყო გორგასალი, ნერონს ერქვა მეფე.
ვახტანგს ქვეყნის ბედი სწვავდა, გულს უგლეჯდა დარდი,
ნერონს - ძალაუფლება და მკერდშიშველი სეფე...

***
უცნაურია, სადაც ჰოა, არაც იქ არი...
უსულგულობას დაუპყრია მთელი სამყარო.
ერთი ცხვირს იმტვრევს, სხვა უყურებს სახემღიმარი...
ო, როგორ მინდა ჰო და არა ერთურთს გავყარო.

***
კაცნი ჰქვიათ და კარგიც, ავიც, ყველა ერთია,..
მხეცის ინსტიქტი თუ არა გაქვს, ვერას გახდები.
როცა გკლავენ და თავს არ იცავ, მითხარ ვინა ხარ?!
შენ თვითმკვლელი ხარ და ამ ცოდვას ვერ გადარჩები.

***
დღეს გამომკეტეს, ხვალემა თქვას, ხვალ რა იქნება.
შეურაცმყოფენ, მოთმინების თასი ივსება.
როგორ მომკლავენ, განა ამას აქვს მნიშვნელობა?!
სად უნახიათ, ანდა ვინ თქვა მონის ღირსება.

***
ზოგი კუჭს სცემს დიდ პატივს და ზოგი კიდევ ძალას,
ზოგს საჯდომი ეძალება, ზოგსაც თავი სძალავს,
გული? გული ვიღას უნდა, მას ფულად ვერ აქცევ,
და თუ კიდევ ვინმეს შერჩა, მონდომებით მალავს.

***
წარსულს ძვალი გადავუგდე, ვცხოვრობ წამით-წამზე...
არ მაცლიან ურჯუკები, გადამასხდნენ თავზე,
ავფეთქდი და მოვისროლე ჯანდაბისკენ ყველა
- გზა მომეცით! გზა, რომელიც გადის მომავალზე.

***
                                                                  თამრის
მენატრება, ჩემო გარგო, შენი თვალთა კრთომა.
აგებ შენგან მოშორებამ განმიმტკიცა ნდომა.
მერე რა რომ ასაკში ვარ, ტრფობამ დრო არ იცის,

ვინძლო, უფრო სანდო იყოს ჩემი შემოდგომა.

No comments:

Post a Comment