Tuesday, July 16, 2013

იდიოკრატია თუ სოციოპატოკრატია 

ამას წინათ მეგობარმა ამერიკელი კინორეჟისორის მაიკ ჯაჯეს ფილმი მომიტანა _ დაგაინტერესებსო. ფილმის სახელწოდებაა “იდიოკრატია”. ფილმში შავი იუმორითაა ნაჩვენები ნელ-ნელა როგორ მრავლდებიან იდიოტები(?) და შესაბამისად მოაზროვნეთა რიცხვი კლებულობს. საბოლოოდ დედამიწა იდიოტებს რჩებათ (XXV საუკუნეში???) და ქმნიან თავიანთ მმართველობას - იდიოკრატიას. 
რაც უნდა იუმორში იყოს მოწოდებული ეს თემა - დასაფიქრებელია. 
როგორც ხედავთ, სიტყვა იდიოტს კითხვის ნიშანი დავუსვი და რატომ?.. იდიოტი ოლიგოფრენიის ყველაზე ღრმა სტადიაა, დებილსა და იმბეცილზე მძიმეა. ოლიგოფრენიის ქართული შესატყვისი _ ჭკუასუსტობაა, ხოლო იდიოტი საერთოდ ვერ ლაპარაკობს და ვერ აზროვნებს. იდიოტიით დაავადებულები ვერ დადიან და დარღვეული აქვთ შინაგანი ორგანოები. მათ შეუძლიათ გამოთქვან მხოლოდ გარკვეული ბგერები და ზოგჯერ სიტყვები, არ ესმით გარშემომყოფი ადამიანების, ემოციას გამოხატავენ პრიმიტიულად - სასიამოვნოა, ან არ არის სასიამოვნო და ა. შ. 
მე ამ შემთხვევაში ფილმს არ ვაკრიტიკებ. საზოგადოებაში იდიოტს ზოგადად ცუდად მოაზროვნეს ეძახიან და ფილმშიც ის ამ კონტექსტით არის გამოყენებული. 
უბრალოდ დავფიქრდი - ფილმი გადაიღეს, ე.ი. მიზეზი არსებობს, და ეს საგანგაშოა… 
გამახსენდა სხვა დაავადება “ანტისოციალური ფსიქოპატია”, იგივე “სოციოპატია”, რომელსაც წლების განმავლობაში იკვლევენ დასავლელი (განსაკუთრებით ამერიკელი) მეცნიერები _ ძირითადად ფსიქიატრები. ყოფილ საბჭოთა კავშირში ეს თემა გასაიდუმლოებული იყო (?). 
გამახსენდა და გადავწყვიტე საზოგადოებას ვუთხრა ის, რაც წამიკითხავს და მიფიქრია ამ ავადმყოფობით (სოციოპატიით) დაავადებულთა შესახებ. 

ს ო ც ი ო პ ა ტ ი - ფსიქოპატის ნაირსახეობაა. ამ პათოლოგიის მოქმედების არეალი სოციალური გარემოა, ანუ სოციოპატს უჭირს ადაპტაცია სოციალურ გარემოში. ის ფაქტიურად სინდისის ინვალიდია. 
სოციოპატის პიროვნული საფუძვლები ანტისოციალურია. ის არ გამოხატავს ლოიალობას გარემოს მიმართ. მისთვის მიუღებელია საზოგადოებაში არსებული ქცევის ყველა ნორმა. როცა მსჯელობს არ დაგიდევს არავის, რის გამოც ხშირად შეურაცყოფაზე გადადის, ანუ ის სოციალურად დეფექტურია. მას არა აქვს დანაშაულის შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს როგორც სხვა, ასევე საკუთარი თავი (თუმცა ამ უკანასკნელს არასოდეს აკეთებს). ის ყოველთვის მართალია. 
მეცნიერთა უმრავლესობა ერთ აზრამდე მიდის - სოციოპატისთვის არ არსებობს ღირებულებათა რაიმე ფასეულობა და მათ შორის არც ადამიანის სიცოცხლეა ღირებული, ამიტომ ის პირველივე შესაძლებობისთანავე უყოყმანოდ წირავს ადამიანს. მისთვის უცხოა პიეტეტი, ანუ ის არავის და არაფერს სცემს პატივს. როგორც კი მის შინაგან დეფექტურ “მე”-ს კეთილდღეობა ერღვევა, სოციოპატი მაშინვე ავლენს ჩვეულებრივ, ფსიქოზისთვის დამახასიათებელ თვისებებს - გაავებულსა და გახელებულს შეუძლია ბოღმისა და ბოროტების მთელი ნაზავი დაანთხიოს. ის არ მოერიდება არც შეურაცყოფასა და თუ არ ეშინია, არც კაცის კვლას. 
გარკვეული პერიოდი სოციოპატს შეუძლია დაიმსახუროს პატივისცემა და სიყვარული საზოგადოების მხრიდან, ასევე იოლად დაიმორჩილოს საზოგადოების წიაღში არსებული გარკვეული ფსიქოტიპები. მან იცის რას ნიშნავს და როგორ უნდა მოიქცეს სწორად, მაგრამ მას ეს არ აინტერესებს, მას არ აწუხებს სინდისი და არა აქვს სინანულის შეგრძნება, რაც ყველა ნორმალური ადამიანის ბუნებაშია. რაც უფრო დიდხანს პროგრესირებს დაავადება, მით უფრო დარწმუნებულია სოციოპატი, რომ მის მიერ დათესილი ბოროტება - სიკეთეა. მისი ქმედება, გარკვეული პერიოდი ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს გარემოში, სანამ ბოლოსდაბოლოს აშკარა არ გახდება მისი ჭეშმარიტი ზრახვები. 
ფსიქიატრი ერიკ ბერნი გამოყოფს ორი ტიპის სოციოპატს : პირველი - ეს არის ლატენტური, ანუ პასიური სოციოპატი - ძირითადად წესიერად იქცევა, ის ემორჩილება რაღაცას დაწერილს, ეს იქნება კანონი თუ რელიგიური მოძღვრება. 
მას არ აინტერესებს მისაღებია, თუ არ არის მისაღები ესა თუ ის აზრი, მთავარია ეს წერია წიგნში. ასეთებისგან ხშირად ყალიბდებიან რელიგიური ფანატები. 
მეორე ტიპი აქტიური სოციოპატია. მას არ გააჩნია არც შინაგანი და არც გარე მუხრუჭები. მას შეუძლია კეთილშობილი ნიღაბი მოირგოს და როგორც კი მიაღწევს სასურველს, ნიღაბს მოიხსნის და საშიში ხდება. 

ახლა ისევ დავუბრუნდეთ ფილმს. როგორ მრავლდებიან იდიოტები? 
_ სექსი, სექსი და სექსი!!! 
ისინი წიგნზე დროს არ კარგავენ… და ამრავლებენ გენეტიურ იდიოტებს. 

ჩავიხედოთ სოციოპატიის ეტიოლოგიასა და პათოგენეზისში: ორი დიამეტრულად განსხვავებული აზრი არსებობს: პირველი - სოციოპატია მემკვიდრეობითი დაავადებაა, ან გენეტიური დეფექტის შედეგია, შესაძლოა მუტაციაა (ე.ი. მუტანტიაო). ხოლო მეორე გვეუბნება, რომ პრობლემა სოციალურ გარემოშია, ანუ გარემოსა და აღზრდის შედეგიაო. აქედან მეორეს მეცნიერთა მცირე ჯგუფი ეთანხმება, რადგან პირველს (გენეტიკურ კვლევას) მეტი საბუთები გააჩნია საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. 
მუტაცია - ცვლილებაა დნმ-ში და მას შეუძლია დროში მოახდინოს ცოცხალი არსების როგორც უმნიშვნელო, ასევე რევოლუციური ცვლილება. ეს ცვლილება შესაძლებელია იყოს როგორც ევოლუციური (უკეთესობისკენ, პროგრესული), ასევე ინვოლუციური ( ანუ უარესობისკენ) და მოახდინოს ცოცხალი არსების დეგენერაცია. სოციოპატის შემთხვევაში, თუ ის მუტანტია, საქმე გვაქვს პიროვნების დეგენერაციასთან, რომელსაც, გარკვეულად გარემოც უწყობს ხელს. 

ეს ყველაფერი იმიტომ არ დავწერე, რომ სოციოპატია როგორც პათოლოგია მაინტერესებს, არა, მე ის შედეგები მაწუხებს, რაც ამ პათოლოგების - სოციოპატების ქმედებას შეიძლება მოჰყვეს. 
როგორც ჩანს კაცობრიობას იდიოკრატული მმართველობა არ ემუქრება, რადგან იდიოტებს მართვის უნარი არა აქვთ. 
სამაგიეროდ, სოციოპატებს შეუძლიათ!!! 
შეუძლიათ თუ. . . უკვე შეძლეს!!! 
გავიხსენოთ : 
- ნულოვანი ტოლერანტობა. . . 
- “ჩასარეცხი” ინტელიგენცია. . . 
- ტრადიცია, როგორც “ გეიფი”. . . 
- ქართლის დედის ხმალი - ფალოსი. . . 
- რა “ვეფხისტყაოსანი”, რის “ ვეფხისტყაოსანი”, რაღა დროს წვერებიანი შოთა რუსთაველია. . . 
თუ “ სამშობლოს” დასჭირდა მთელ ერს ერთიანად გაწყვეტენ, სახლებიდან გამოყრიან და ბალახს ვინ ჩივის, საკუთარი ექსკრემენტით გამოკვებავენ. 
რა შეიძლება ვუწოდოთ ასეთ მმართველობას? დემოკრატია თუ სოციოპატოკრატია? 
“ე რ ო ვ ნ უ ლ ი  უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს თ ვ ი ს  ყ ვ ე ლ ა ზ ე   ს ა შ ი შ ი  პ ი რ ო ვ ნ ე ბ ი ს  ს ო ც ი ო პ ა ტ ი ზ ა ც ი ა ა” --განგაშით გაჰყვირის ამერიკელი და ევროპელი ფსიქიატრების დასკვნას უკრაინელი ოლექსანდრ კოსტენკო. 
კრიმინალები იბადებიანო - გვაფრთხილებს ჩეზარე ლომბოზო, კრიმინალური ფსიქოლოგიის მკვლევარი და ამატებს - "ყ ვ ე ლ ა  ს ო ც ი ო პ ა ტ ი  პ ო ტ ე ნ ც ი უ რ ი            კ რ ი მ ი ნ ა ლ ი ა"-ო. 
გამოდის - კრიმინალურ სახელმწიფოში გვიცხოვრია. 
გვეტყვიან - კრიმინალებს ვსპობთო. . . აი, კანონიერი ქურდობა აღარ არსებობსო. . . 
განა აქვს რაიმე მნიშვნელობა ვინ წამართმევს, ვინ გამძარცვავს, ვინ გამაუპატიურებს, ვინ მომკლავს. . . 
განა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩამაფურთხებს სულში? 
განა უარესი არ არის დაკანონებული კრიმინალი? 
დასაფიქრებელი მართლაც გვაქვს. . . 
ს ა გ ა ნ გ ა შ ო ც ! ! ! 

2007 წელი

No comments:

Post a Comment