Tuesday, August 6, 2013

პოეზია 1

***
ასე ცხოვრება თავად ვარჩიე,
მსურდა შემეცნო მთები,
ბევრი მინდოდა,
ცოტა შევძელი,
ყოველმხრივ დარდი მიტევს...
სამყაროს სევდა არ ყოფილიყო,
ვერას მიზამდა წლები,
თუ გსურს შემიცნო,
გულში ჩამხედე,
ის მთელ სამყაროს იტევს.

2.3.2010

***
ჯერ კიდევ ხარხარებს სატანა,
ქვეყანას მოუცვამს თალხი...
ვაი, რომ ისევ ის ხროვაა,
ფეხებზე ჰკიდიათ ხალხი.

ნელ-ნელა აჩენენ სიფათებს.
ისევე მაძღარი ძღება.
მავანი დარდისგან ილევა,
ვიღაცა შიმშილით კვდება.

დაგვცინის სატანა - ბრიყვებო,
გაგათბობთ ოცნების ქურა...
ან კი რა იცვლება, დაფიქრდით,
მგელი შეგჭამთ თუ ტურა.-

ვერ დაგვაჩოქებ, წყეულო,
ვერაფერს, ვერაფერს გვიზამ,
ჩვენ შორი გზიდან მოვდივართ
და მაინც მივაღწევთ მიზანს.

გზა კვლავ გრძელი გვაქვს სავალი,
მოვათრევთ მომავლის ფიქრებს...
ჩვენ სიყვარულით ვთბებოდით,
როცა შენ ვარცხნიდი ვირთხებს.

ჩვენ მოვედებით სამყაროს,
სიყვარულს გავიხდით მუზად,
ბუზისგან შექმნილ გველეშაპს
კვლავ დაგიბრუნებთ ბუზად.

სატანა ჯერ კიდევ ხარხარებს,
დაგვცინის ადამის მოდგმას.
მავანი შიმშილით ბარბაცებს...
ვიღაცა მოუკლავს ბოღმას.

ჯანდაბას!!!

იმდენი ბალღამი დაგროვდა გარშემო,
აფეთქებისთვის უკვეა მზად,
ღმერთო, მომეც ძალა ბოროტს დავულოცო
ჯანდაბისაკენ მავალი გზა.

ღმერთო, მომეც ძალა მივლეწ-მოვლეწო
ბინძური ვირთხების მმართველი ბუნაგი,
ვინც კაცის ცხოვრებას არაფრად მიიჩნევს,
ჯანდაბას სუყველა ხარბი და მსუნაგი.

ღმერთო, მომეც ძალა მიწაზე დავამხო
თავისუფლების მზღუდავი კედლები,
ჯანდაბას სუყველა, ვინც მედლებს არიგებს,
და ისიც, ვისაც რომ ახარებს მედლები.

ჯანდაბას სუყველა, ვისაც რომ ნაგავში
აღუმართია მბრწყინავი სასახლე,
საკუთარ დარბაზებს ოქროთი აივსებს,
მოძმეებს დაბრეცილ ქოხებში ასახლებს.

ამდენ ბოროტებას ვერ უძლებს გარემო,
სიბნელე მოედო ბარსა და მთას,
ღმერთო, ძალა მომეც, რომ გავუყენო
ქაჯი და ავგული ჯანდაბის გზას.

10.11.2009

წუთია  წუთისოფელი

წუთია წუთისოფელი,
ისიც ომებში ილევა,..
მთავაზობს მეფისტოფელი
წყალს, რომელიც არ ილევა.

- წყალი ცხოვრებას გაჩუქებს,
ოქრო და ვერცხლი თავამდის...
სანამ მიწაზე იქნები
ბედს ვერ უჩივლებ მანამდის.

- მანამ მიწაზე ვიქნები?
ეს ხომ წუთია სოფლისა,
არა მსურს მე ფუფუნება
ბოროტი მეფისტოფლისა.

თუკი გარემო ნაგვად ყარს,
ვიყო სიმდიდრის მფლობელი,..
მყრალი სუნისგან დამიხსნის
ბოროტი მეფისტოფელი?

შენ სიყვარულის არ გჯერა,
სიცივე შენი წესია,
სხვისი ტკივილის შემყურეს
არასდროს დაგიკვნესია.

არ დაგდენია ცრემლები,
გული არასდროს მოგსვლია,
ან რა ყოფილა ისეთი,
გიცდია, არ გამოგსვლია.

თუ ვერაფერი ვიგრძენი,
არ გამოვცადე ყოველი,
მაშინ რადა ღირს ცხოვრება,
წუთია წუთისოფელი.

სიყვარულისთვის თავს დავდებ,
ბრძოლა ხომ კაცთა წესია...
ჩემი სიმდიდრე გულია
და რაც რომ დამითესია.

3.11.2009



***
ძნელია ცხოვრება უღირსთა შორის,
ახლოს ვერ ამჩნევდე,ხედავდე შორით.

ჯერ ღმერთმა კაცი ღვთის ხატად შექმნა,
შემდგომ, ღირსება აწაპნა ეშმამ.

ვიღაც ხმასა გთხოვს და ხმის სანაცვლოდ
სულ რაღაც ოცდაათ ვერცხლს გთავაზობს.

შენ დათანხმდები, რადგან დღეს გშია,
ჯანი გავარდეს, ფული ჯამშია.

მერე რა, გუშინ მოგექცა უნდოდ,
თუ კი გწამს ღმერთი, უნდა შეუნდო. . .

დღეს ხმასა გთხოვენ, ხმა ხომ სულია, . .
გაყიდი? შენთვის დაკარგულია.

ქვეყანას მართავს აფთრების ხროვა,
ტურა იქადისჩვენი დროც მოვა.

ირჯებიან და ვერ გრძნობენ დაღლას
და ჩალის ფასად ჰყიდიან ბაღნარს.

ძნელია ყოფა უღირსთა შორის,
აქ ვერ ცხოვრობდე, გარბოდე შორით.

თუკი რამ მინდაღირსების ქონა.
მონად შობილი მოკვდება მონად.

29.04.2008

                 * * *
ცხოვრება _ როგორც გალა კონცერტი.
კაცნი ირგებენ ნიღბებს.
ამფითეატრში არავინ მაჯენს,
სცენაზეც არვინ მიღებს.

_ სოლისტად შენ არ გამოდგებიო,
გუნდში არ გინდა მღერა.
რომ მოისმინო? ტაშს არ დაუკრავ,
რადგან არაფრის გჯერა. _

წამოვედი და გულდათუთქულმა
ფიქრებს მივეცი თავი,
_ იქნებ მეც ვნახო მღვრიე მდინარე,
მეც დავიჭირო ღლავი. . . _

შემოვიხიე ტანზე პერანგი
_ ვერ დავჯერდები იქნებს!
ოი, არ მინდა მღვრიე მდინარე! . .
, ვერ მოვირგებ ნიღბებს!

მე ვერ დავუკრავ ტაშს უნიჭობას,
მე ვერ ვიმღერებ გუნდში,
თუკი სიმღერა ისე ყალბია
რომ ვერ ჩამწვდება გულში. _

ავმღერდი, მაგრამ არ მოეწონათ
ჩემი არცერთი ბგერა. . .
_ თუკი ნოტებზე ვერა მღერიხარ,
ვერ დაგიჯერებთ, ვერა. . . _

                                  1997 .
ჩვენ

მე მინდა ვიყომედა
შენ მინდა იყო – “შენ”,
ერთად რომ გვერქვასჩვენდა
ერთად რომ ვიდგეთ ჩვენ.

მე მინდა ჩემი ცა და
მე მინდა ჩემი ზღვა,
არაფერი მსურს სხვისი,
ჩემსას ნუ ითხოვს სხვა.

ჩემსას რომ ერქვას ჩემი
ნუთუ ბევრია ეს?!
ნუ გადაგვიხნავთ მიწას,
ნუ დაგვიბნელებთ მზეს.

ნუ გადაგვიწვავთ სახლ-კარს,
ნუ გაგვიბახებთ ცოლს.
ნუ წაგვიბილწავთ ღვინოს
და ნურც მოზელილ ცომს.

თორემ იყივლებს სისხლი
და შეასკდება ცას,
გაახსენდებათმენას
თურმე საზღვარი აქვს.

სიკვდილს შეიპყრობს შიში,
შიში შეგიპყრობს შენ,
რადგან გვერქმევაჩვენდა
რადგან ვიქნებითჩვენ”.

10.09.2007

ჩემს თამრის
(ციხიდან 5.09.2009)

გაგიკვირდება, მე არა ვწვალობ,
მარტოდენ შენი ნახვა მწყურია.
მწამს მალე გნახავ, მე ღმერთი მწყალობს,
ჩემი მფარველი - სიყვარულია.

მწამს, ღმერთი მწყალობს!..აბა რა ჰქვია
ძალას, შენთან რომ დამიდო ბინა,
ათას ქარ-ცეცხლში გამომაწრთო და
გული ზვარაკად დამადებინა.

ჯურღმულში ვზივარ, შენ მელოდები.
ნუ იტანჯები, მე არა ვწვალობ.
მალე მოვალ და გზას გავუყვებით,
შენც კარგად იცი - მე ღმერთი ყალობს.

ეს ყველაფერი უნდა გამევლო,
ჩემში მომეკლა ბრიყვული ვნება,
ჩვენ სხვა გზა გვიხმობს, ჩემო ძვირფასო,
ცოცხალ მიწაზე ხე არა ხმება.

გეფიცები, რომ მე არა ვწვალობ,
მარტოდენ შენი ნახვა მწყურია.
მწამს მალე გნახავ, მე ღმერთი მწყალობს,
ჩემი მფარველი სიყვარულია.

ჩემგან  ცუდს  ნურაფერს  ელი

ვიღაცამ დამიდო ფეხი,
კედელს მივამტვრიე ცხვირი,
სხვისი ავიკიდე, თითქოს
ჩემი არ მყოფნიდა ჭირი.

ვიღაც ჩემი ცხოვრების გზას
ბედის ძაფებისგან ართავს,
მე არ მეკითხება, რა მსურს,
თავის მოსაზრებით მმართავს.

შემდეგ დამიკეტეს სივრცე,
ტვინში გამიყარეს წკირი
- გინდა, არ გეტკინოს თავი?..
მათზე უნდა გვითხრა ძვირი.

- ვისზე? - გაოცება მიპყრობს,
- მასზე, ქვეყანა რომ უყვარს...
- ვიცნობ, ვინც ფეხი დამიდო,
პირი სიბინძურით უყარს...

- მაგი შენზე კარგად ვიცით,
ეგ ხომ ბოზი არის ჩვენი...
- ჰოდა, შემომიგდეთ როგორც
საპირველმაისო ძღვენი...

- თავი სად გაყავი, იცი?
- ჩვევად გადამექცა ჟამი...
- ბევრისთვის პრობლემად იქეც,
როგორც პრინციპული გვამი...

არადა, ამბობენ მართალს,
გულს ხომ იმედებით ვათბობ,
მათ მე ვერ დავემგვანები,
რა ვქნა, ღირსებას ვერ დავთმობ.

დრო ხომ წარმავალი არის,
ესეც დამთავრდება, ვიცი,
რომ გზა გავიარე მართლად,
მე არ დამჭირდება ფიცი.

სახლში მიმიღებენ დაღლილს,
თვალზე მომედება რული,
მომეფერებიან, რათა
დარდით არ დაოსდეს გული.

ოი, შენ იდარდე ბოზო,
სულში გიფართხალებს გველი,
შენს გულს შენი შხამი მოსპობს,
ჩემგან ცუდს ნურაფერს ელი.

 თამრის

შენდამი გრძნობა რას შევადარო,
არარაობა არის ყოველი,
პოეტი არ ვარ, მე ლექსი მიყვარს
და შენთან, ჩემო, ლექსად მოველი.

ნისლში გაქრება ჩემი ტკივილი,
ჟამს ჩაბარდება სისხლის მწოველი,
გამოვიარე ქარი და დელგმა,
და შენთან, ჩემო, ლექსად მოველი.

მრავალ უგულოს შევხვდი ამ ქვეყნად,
ვერ მომერია ავის მდომელი,
მე მომიწია სიკვდილთან ცეკვამ,
და შენთან, ჩემო, ლექსად მოველი.

მოველ, რომ გული გადაგიშალო,
მე შენთვის მინდა რაც მაქვს,ყოველი,
პოეტი არ ვარ, მე შენ მიყვარხარ
და შენთან, ჩემო, ლექსად მოველი.

                * * *
ღამე დამთხვეულმა სულმა გააღვიძა.
დღეები დაემგვანა უსიცოცხლო სიზმრებს.
სულში მიჯაჭვული ძალთა მოზღვავება ახსნას ელოდება. . .
_ დამთხვეული ხარო, ვერავინ გაგიგებს!

მთვარე საპატარძლო ქალწულს ელოდება,
ფეხზე წამოაცმევს საქორწილო წინდებს.
ეს წინდები არაჩვეულებრივია,
        მისი მფლობელი ცაში აფრინდება. . .
-სისულელეაო, ვერავინ გაგიგებს!

მე შენ მიყვარდი, თუმცა არ გიცნობდი,
სასახლედ ვაგებდი ჯადოსნურ ფიქრებს. . .
გამოიყენე სანამ დროა,
        თორემ სიზმრად გადგექცევა ბოლოს ეს ცხოვრება!
- ხმა ჩაიკმიდე, ხომ ხედავ, რომ ვერავინ გიგებს!

ერთი მაინც გამოჩნდება ისეთი ამ ქვეყნად
სარგებლის გარეშე კარები გამიღოს.
მე მაინც ვიტყვი, რათა უთქმელობამ არ დამახრჩოს,
არ შეცდეს არავინ და არავინ გამიგოს.
                                 

 1981

No comments:

Post a Comment