Sunday, August 11, 2013

პოეზია 6

ჩემი  დროც  მოვა

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ,..
გამომიკეტეს მიწიერი სივრცის კარები.
სიმართლეს ერთი თვისება აქვს, გხვდება შიგ, გულში
და მაინც ხედავ დაიბრმავო თუნდაც თვალები.

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ...
გუშინ ჩამკეტეს ოთხ კედელში, ...ეს იცის შიშმა.
მე ვერ ვიტირებ, სიმართლისთვის მოვედი ქვეყნად,
ან კი წარსულში რა შეცვალა ვაიმ და ვიშმა.

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ,
რადგან სიცრუეს ფიანდაზად ვერ გავეგები,
რადგან მოყვასს ვერ ვანაცვალებ კუჭის სიმაძღრეს
და სულმდაბლობას მე მალამოდ ვერ დავედები.

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ,
რადგანაც ჟინი სიყვარულის ჩემში არ ცხრება,..
ჩემი დროც მოვა, ჯერ ადრეა, და გამიგებენ,
რადგან სიცრუე დროში ქრება, სიმართლე რჩება.

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ,
ხვალემ თავის თქვას, გზას ვაგრძელებ, როგორც რომ მწირი,
მე ამ სამყაროს დარდს მივათრევ, ტვირთია მძიმე,
ჯანდაბას ყველა ბოროტი და ურჯუკი გზირი.

მე დღეს ისევე ზედმეტი ვარ, როგორც რომ გუშინ.

7.8.2013

***
გზები მეძახიან შორით,
დრო დაუნდობელი მიდის,
მე შენს ხატებაში ვხედავ,
როგორ ემალები სინდისს.

როგორ აგიტანა შიშმა,
შიშმა ხვალინდელი დღისა,
მე რა შემიძლია, კარგო,
რწმენა იქონიე ღვთისა.

გზებზე მრავლადაა, ვიცი,
რიალ-ალეწილი ხვია
და მე დავამარცხებ სიკვდილს,
რადგან სიყვარული მქვია.

რაც რომ სიხარბისგან მიყავ,
ყველა შემინდვია, ჩემო,
თითქმის დამავიწყდა კიდეც
შენი სიყვარულის გემო.

მე გზას გავუყვები მტკიცედ
და არ შემეტყობა დაღლა.
სიკვდილს დავამარცხებ, რადგან
დავდგები სიკვდილზე მაღლა.


***
ძალმომრეობა მეჯდა ნიღაბით.
ამ ნიღბის ახდა , როგორ მსურდა...
ხელი ავწიე, სახეში მომხვდა
- გაბედე? ჰოდა მიიღე ხურდა.

მე გამეცინა, გადაირია.
ოი, კაცობას როგორ ჩემობდა.
- არა მწყენია,.. ისე მცირე ხარ,
შენგან ან როგორ უნდა მწყენოდა.

აბობოქრდა და ფეხქვეშ გამიგდო,
ჩემგან ელოდა განწირულ კივილს,
მე გამეცინა - თავს ნუ იტანჯავ,
მე შემაჩვია ცხოვრებამ ტკივილს.

დაიღალა და ქშენით ჩამოჯდა,
მიხვდა, ვერ არის ჩემი მომრევი,
ვუთხარ - დამშვიდდი, სხვა გზას დაადექ,
ძალმომრეობა არის მორევი.

ახლა ნიღაბი არ გაქვს სახეზე
და დააკვირდი შენს თავს სარკეში,
ბალღამმა როგორ დაგამახინჯა,
როგორ გაგაბა თავის მახეში.

მე ჭრილობები მომიშუშდება,
შენ კი დაგახრჩობს შური და ბოღმა -
აღარ გაჯიქდა, თითქოს დამშვიდდა,
თითქოს დაფიქრდა და თითქოს მოლბა.

მაგრამ მორევმა კვლავ ჩაითრია...
ფეხზე ავდექი, მეყო მხნეობა,
ზურგი ვაქციე და გამოვცილდი,
ძალმომრეობას არ აქვს ზნეობა.

28.10.2009

***
ცა ჩამოინგრა, სარკმელთან ვდგავარ...
ტკივილიან ჟამს ცხოვრება ვერ ცვლის.
ახლა რასა იქმთ? აზრით თქვენთან ვარ
- მე უთქვენობა ვერ მომკლავს, შემშლის.

თითქოს სამყარო მოიცვა სევდამ.
წვიმა ნაკვალევს ყოველთვის ვერ შლის...
და მე გზას ვეძებ, მომავალს თქვენსკენ
- მე უთქვენობა ვერ მომკლავს, შემშლის.

არ მეშინია უხეში ძალის,
არცა მავანის უზნეო გესლის
და ჯურღმულებში ბორკილებს ვლეწავ
- უთქვენობა ხომ ვერ მომკლავს, შემშლის.

მე გამოვანგრევ ამ კედლებს, ვიწროს,
თუ თქვენ მიმიღებთ ტკივილით შეცვლილს
და გზას მოვნახავ თქვენსკენ მომავალს
- უთქვენობა ხომ დამტოვებს შეშლილს.

28.09.2009

 ***
კიდევ ერთხელ ჩამაყლაპეს მტრისგან ზურგზე დადება,
მამელუკი ქვეყანაში კვლავაც დაიბადება.

კვლავაც სხვისთვის იომებს და აუშენებს ქალაქებს,
შინ მასხარა იფოფინებს, ხარბად გაიბალახებს.

და ყოველდღე ნიშნისგებით გამარჯვებას გვილოცავს,
თვალი არ გცეთ არავინო, ურცხვად გამოგვილოცავს.

ჩვენ ვიცითო რა გჭირდებათ, ჩვენა ვართო ნაცები,
ხალხი დადის დაბოღმილი, ნაწამები, ნაცემი.

ყველაფერს აქვს თავის ბოლო, ზღვა წვეთობით ილევა,
მაინც მჯერა ქვეყანაზე კაცი არ დაილევა.

ვიღაც გადაირევა და ტვირთსაც გასწევს ბოლომდის,
სიყვარულით თავს გასწირავს, გაამართლებს მოლოდინს.

ვერ შეძლებს და არც ჩაყლაპავს მტრისგან ზურგზე დადებას,
ერისშვილი ქვეყანაში კვლავაც დაიბადება.

20.10.2009

 ***
გნახეთ და საკანში ძლივს დავბრუნდი,
გული სევდით სავსე მქონდა.
ხელით შეგხებოდით მინდოდა და
სივრცეს ბარიერი ჰყოფდა.

ზეცას ცრემლები დასდიოდა,
ალბათ კაცის ცოდვით სწუხდა,
საკანს ნესტის სუნი ასდიოდა,
გარეთ ელავდა და ქუხდა.

ნარზე წამოვწექი, ვიგრძენ შემეპარა
სულში მინორული გამა,
ვინმეს კი სჭირდება ჩემი თავგანწირვა?..
ან ღირს ყველაფერი ამად?..

გნახეთ, სული ფიქრმა დამიმძიმა
... ელვა მოჟამულ ცას ხევდა.
თქვენმა სიყვარულმა გამიქარვა
გულში წუთისოფლის სევდა.

28.10.2009

 ***
საკანში სიბნელე მეფობს,
სიზმარი მაღვიძებს ავი
- რა გჭირს? - ვიღაცა მკითხავს,
- არ მაქვს მე შენი თავი...

ჟანდარმი მიხსენებს დედას
და მეუბნება - დავი...
სევდა მკლავს, გული მტკივა
- არ მაქვს მე შენი თავი...

შენ მახსენდები ჩემო,
თვალებს მისველებს ჟავი
- ტირიხარ? - ვიღაც მკითხავს,
- არ მაქვს მე შენი თავი...

რად მომისაჯეს კრულვად
ეს უდღეური ჟამი.
დრო დამეკარგა, ვინძლო
გაქრეს ვით ერთი წამი.

საკანს სიბნელე ახრჩობს,
მე გახელება, ავი
- რა გჭირს?.. - თუ ძმა ხარ!.. - ვეტყვი
- არ მაქვს მე შენი თავი...

2.11.2009

 ***
საკანში ბოლთას ვცემ დაღლილი,
ცხოვრებამ რამდენჯერ გამლახა...
ვიღაცას სძინავს და ხრიალებს,
სხვა ვიღაც მიირთმევს სალაფავს.

ვიღაცა მისტირის სიყვარულს,
თვალებზე ცრემლები ადგია,
სხვა ვიღაც წუწუნებს - მარტო ვარ,
ამ ქვეყნად არავინ მარგია.

ფილოსოფოსობს ვიღაცა
- მიწაზე ბატონობს სატანა.
კაცნი ცხოვრობენ ჯინაზე...
ძნელია ყველაფრის ატანა.

ვიღაცა იხსენებს ანეგდოტს
და მერე სიცილით ბჟირდება.
სხვა ვიღაც წერილს წერს საბედოს,
გამოვსწორდებიო - ჰპირდება.

და ციხე მაგონებს საგიჟეთს,
აქ ვიღაც რაღაცას სულ ელის,
უაზრო რუტინით მიღოღავს
ცხოვრება ათასი სულელის.

3.11.2009

***
გაგიკვირდება, მე არა ვწვალობ,
მარტოდენ შენი ნახვა მწყურია.
მწამს, მალე გნახავ, მე ღმერთი მწყალობს,
ჩემი მფარველი სიყვარულია.

მწამს, ღმერთი მწყალობს!.. აბა რა ჰქვია
ძალას, შენთან რომ დამიდო ბინა,
ათას ქარ-ცეცხლში გამომაწრთო და
გული ზვარაკად დამადებინა.

ჯურღმულში ვზივარ, შენ მელოდები.
ნუ იტანჯები, მე არა ვწვალობ.
მალე მოვალ და სხვა გზას გავყვებით,
შენც კარგად იცი - მე ღმერთი მწყალობს.

ეს ყველაფერი უნდა გამევლო,
ჩემში მომეკლა ბრიყვული ვნება,
ჩვენ სხვა გზა გვიხმობს, ჩემო ძვირფასო,
ცოცხალ მიწაზე ხე არა ხმება.

გეფიცები, რომ მე არა ვწვალობ,
მარტოდენ შენი ნახვა მწყურია.
მწამს, მალე გნახავ, მე ღმერთი მწყალობს,
ჩემი მფარველი - სიყვარულია.

5.09.2009

სულ ჩვენი ბრალია

ძველები ამბობენ, დრო მოვა, როდესაც
დედა არ დაინდობს შვილს,
და თუ რაიმე გვჭირს, სულ ჩვენი ბრალია,
სულ ჩვენი თავისგან გვჭირს.

სამყარო დაიპყრო უძღებმა სიხარბემ,
კაცი სხვის სამარეს თხრის,
არავის გვადარდებს ვიღაცის ტკივილი,
ვიღაცის სიკეთე გვშლის.

ჯერ ნაგვის ბუნკერში ვეჩვევით ცხოვრებას
და მერე ვიბზუებთ ცხვირს,
თუ სუნი მყრალია, სულ ჩვენი ბრალია,
სულ ჩვენი ნაგვისგან გვჭირს.

ვიღაცას მივეცით უფლება - აგვიგდოს,
და მერე გვიბურღავს ტვინს,
დაგვცინის, ტაშს ვუკრავთ, არ გვჯერა, ვჩუმდებით
და გულში რატომღაც გვწყინს.

ძველები ამბობდნენ და ეს დროც მოვიდა,
და დედაც არ ინდობს შვილს.
თუკი რაიმე გვჭირს, სულ ჩვენი ბრალია,
სულ ჩვენი თავისგან გვჭირს.

7.11.2009

ციხის აჩრდილი

ჩაკეტილ სივრცეში, სადაც მე დღეს ვცხოვრობ,
აჩრდილიც ბინადრობს თურმე,
ცოცხალი რომ იყო, შეშლილი ყოფილა,
ცხოვრება ჰქონია მრუმე.

სიკვდილს ვერ გაექცა, სიკვდილის შემდეგაც
ნაცნობ კედლებში დადის,
ნუთუ დრო გაჩერდა, ნუთუ დრომ შეიპყრო,
მიზეზი არ ქრება დარდის.

გარეთ ცხოვრება წვალობს და თუხთუხებს,
აქ არაფერი ხდება,
ვიღაცა დღეს იწყებს ცხოვრებას მიწაზე,
ვიღაცა ამთავრებს, კვდება.

ღმერთს მინდობილი ზეცაში მიფრინავს,
სულის ცხონებისთვის იღწვის,
ბოროტი ქვესკნელში ცეცხლოვან მდინარეს
ერთვება, უკვალოდ იწვის.

აჩრდილო, სიყვარული, რომელსაც დაეძებ
მიწაზე მრავალი წელი,
უკვე აქ არ არის, ზეცაში წასულა,
იგი შენ ზეცაში გელის.

7.11.2009

 ***
იმდენი ბალღამი დაგროვდა გარშემო,
აფეთქებისთვის უკვეა მზად,
ღმერთო, მომეც ძალა ბოროტს დავულოცო
ჯანდაბისაკენ მავალი გზა.

ღმერთო, მომეც ძალა მივლეწ-მოვლეწო
ბინძური ვირთხების მმართველი ბუნაგი,
ვინც კაცის ცხოვრებას არაფრად მიიჩნევს,
ჯანდაბას სუყველა ხარბი და მსუნაგი.

ღმერთო, მომეც ძალა მიწაზე დავამხო
თავისუფლების მზღუდავი კედლები,
ჯანდაბას სუყველა, ვინც მედლებს არიგებს,
და ისიც, ვისაც რომ ახარებს მედლები.

ჯანდაბას სუყველა, ვისაც რომ ნაგავში
აღუმართია მბრწყინავი სასახლე,
საკუთარ დარბაზებს ოქროთი აავსებს,
მოძმეებს დაბრეცილ ქოხებში ასახლებს.

ამდენ ბოროტებას ვერ უძლებს გარემო,
სიბნელე მოედო ბარსა და მთას,
ღმერთო, მომეც ძალა, რომ გავუყენო
ქაჯი და ავგული ჯანდაბის გზას.


10.11.2009

No comments:

Post a Comment