Wednesday, August 28, 2013

პოეზია 9

 ***
ღამით ქარი ამოვარდა,
ქარი, თუ ქარბორბალა,
დაჭრილივით ღრიალებდა,
გულზე სევდა მომგვარა.

ხეთ ჭახანი გასდიოდათ,
შველას მთხოვდნენ აგება,
ქარს რა ვუთხრა, ქარს არა აქვს
ცოდვა-მადლის გაგება.

ქარს კი არა, კაცს არ ესმის,
გასწყრომია განგება...
თუმცა, იქნებ მეცადა და
აგებ ქარი ჩადგება.

გარეთ გაველ და შევძახე
- ქარო, შენ თუ მიშველი,
შემომხედე, წინ გიდგავარ
მართალი და შიშველი.

რად მიმატებ გულში ტკივილს,
გინდა მიწას გამყარო?!
ჩვენ, ორთავეს ერთი რამ გვჭირს,
გვიყვარს ჩვენი სამყარო.

მაშინ რაღას მემართლები,
ქარო, არ გეყურება?!
ვერას შეცვლი ბობოქრობით,
გაუძელი ცდუნებას. –

ქარი ჩადგა,.. ნუთუ ესმის?!
აგებ ალღო ავუღე...
ქარს კი, მაგრამ კაცს რა უნდა,
ვერაფერი გავუგე.

18.9.2011

 ***
ქვეყანა აავსო ბალღამმა,
შიმშილი ზნეობას ჯაბნის.
ვიღაცამ მომენტი გაუშვა
და ახლა ქვეყნიდან გარბის.

ვიღაცამ ნამუსი გაყიდა,
იმ ფულით გაშალა სუფრა.
ერთი თუ მზის გულზე ნებივრობს,
სხვებისთვის ცა მოიქუფრა.

ვიღაცა წინაპრებს აგინებს,
მომავალს უტოვებს ვალებს,
მერე, რომ ამ მიწას ვერ იტანს,
ავა და ჰაერში დალევს.

ქვეყანა დასივდა ბოღმისგან,
შიმშილი ავიწყებს ტკივილს,
რას ველი ამ ჩვარი მოდგმისგან,
ღრიალის სანაცვლოდ კივის.

ხელგაწვდილს ვერავინ ვერა მცნობს
- რასა გვთხოვ, რაც არ გვაქვს თავად...
- მე თქვენი ერთობა მჭირდება,
სიყვარულს გთავაზობთ წამლად.

ხელს ჩაიქნევენ და გარბიან,
ალბათ და ვგონივართ ხელი
- მე თქვენთვის მოვედი ამ ქვეყნად,
გზა გამოვიარე გრძელი.

სხვამ მითხრა - მერე და ვინ გთხოვა,
ჩვენ ჩვენი დარდებიც გვთანგავს...
- ვერ ხედავთ, რომ ამ თქვენს ცხოვრებას
სატანა უაზროდ ფლანგავს!?

ქვეყანა გამხდარა თვითმკვლელი,
შიმშილი ზნეობას სჯაბნის,..
სატანა გვიწესებს მომავალს
და შემდეგ ფურცელზე ჯღაბნის.

16.8.2009

თამრის
ვეძებ, რას ვეძებ არ ვიცი,
ძებნა ან რაში მარგია...
ყოფიერებას განვიცდი,
თითქოს ზედმეტი ბარგია.

გზად მწუხრი შემომეპარა,
ყველა ნაბიჯი დარდია.
მიღმით გამირბის გონება,
კაცთაგან შორით კარგია.

ვეთამაშები სათაელს,
ჩვენი თამაში ნარდია.
ხან მე მიმართლებს, ხან იმას,
გადასახადი ნაღდია.

გზად გავალ, ფეხებს რომ მაგლეჯს
ნარ-ეკალ-ჭინჭარ-ბარდია.
გულის ჯიბეში რომ მიდევს,
შენთვის ნაკრეფი ვარდია.

ამით მოვდივარ შენამდე,
სხვა არც რა რამ მაბადია.
მოვალ და გეტყვი - ძვირფასო,
ყოფა უშენოდ დარდია.

25.8.2011

 ***
ჟამი იყო მოქუფრული,
ცას ცრემლები სდიოდა,
კაცი მოყვასს სისხლად სცლიდა,
მიწას გული სტკიოდა.

მგელმაც იცის მტერ-მოყვარე,
მტერთან ძალით ასდება,
კაცისათვის კაცზე უფრო
მეტად კატა ფასდება.

აბსურდამდე აკანონებს
ვისაც რა სურს, რაც იცის...
კაცზე უფრო მეტი ფასი
ბაზარზე აქვს დარიჩინს.

ვეღარ ვხვდები სად მივდივართ,
ცა ცრემლებად იღვრება...
უსისხლოდ და უსულგულოდ
რა ცხოვრება იქნება.

20.9.2011

ტკივილის სევდა
თითქოს მზე ისე ვეღარ ანათებს,
ცას დაჰკარგვია ჩვეული ფერი,
გულში შემყრია ტკივილის სევდა
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

თუ შინაურმა არ მიღალატა,
ვერას დამაკლებს მოსული მტერი,
მე ამ ღალატის ტკივილი მტანჯავს
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

ვიღაც არ მცნობს და ცდილობს გამსრისოს,
როგორც სუსტი და პატარა მწერი,
მე უმწეობის ტკივილი მახრჩობს
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

ჩემი სული ხომ უფლის წილია,
ჩემი სხეული სამყაროს მტვერი,
მე ამ სამყაროს ტკივილი მტკივა
და ამ ტკივილის სიმღერას ვმღერი.

8.9.2011

 ***
ო, ღმერთო, მე შენ მიყვარხარ და მოყვასიც მიყვარს,
მაგრამ ყოველთვის ვერ ვასრულებ შენთვის თქმულ სიტყვას.

ხშირად მიპყრობდა მიწის მტვრით ჰქმნილს სამყაროს სევდა,
და მიტევების ვერშემძლებელ სულს რისხვა სძლევდა.

შურს და სიხარბეს გავურბოდი, იმდენად მძაგდა,
ჩემი ცხოვრება ტრამალის მგლის ცხოვრებას ჰგავდა.

ღმერთო, ძალას გთხოვ, რომ წარმოვთქვა სახელი წმინდა,
გულში სიმშვიდე, სამყაროში ნათელი მინდა.

11.8.2011

ჩემს თამრის
მე მომავალს ჩავუკარი თვალი,
წარსულს ტანზე დავახვიე ხვია,
წინ რომ გზა გვაქვს ერთად განვვლევთ, ჩემო,
შენ ხომ ჩემი სიყვარული გქვია.

ჩვენ ხომ მრავალს გავუძელით ტკივილს,
გვიჭირდა და ერთად ვტეხდით ხმიადს,
მე შენს გამო გადავლეწავ ქაჯეთს,
მკერდს შევუშვერ შენთვის ნასროლ ტყვიას.

წინ რომ გზა გვაქვს, ერთად განვვლევთ, ვიცი,
გაგვიძღვება ჩვენი ანცი ბიჭი
და ავიღებთ ახალ სიმაღლეებს,
რადგან შემრჩა სიყვარულის ნიჭი.

სიყვარულმა მომიყვანა დღემდე,
წარსულს უკვე გადავუგდე ძვალი,
გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ, მჯერა,
მე მომავალს ჩავუკარი თვალი.

8.2.2010

თაგუნა
თაგუნამ კარგად იცოდა -
ოჯახის რჩენა ვალია,
მაგრამ გაჭირდა ცხოვრება,
ყველიც ვერ მოუპარია.

სადე არ დაძრწოდა საწყალი,
დარდებმა ხელი დარია,
მეუღლე სახლში არ უშვებს,
გამოუხურა კარია.

ბევრი ირბინა, თუ ცოტა,
განძი იპოვა ულევი,
თქვა - ოჯახს დავუბრუნდები,
რომ გავუხარო გულები.

ალბათ და, ჩემი წრუწუნა
უკვე ვაჟკაცი კაცია... –
მყისვე შინისკენ მოკურცხლა,
არც აცხელა, არც აცია.

როდესაც სოროს მიადგა,
...გული უცემდა ძალუმად,
კარი სიფრთხილით გააღო,
სახლში შევიდა მალულად.

მაგრამ, რას ხედავს, ოთახებს
მდიდრულ ავეჯით გაწყობილს,
ოქრო-ვერცხლსა და ნუგბარებს
მადის აღმძვრელად დაწყობილს.

შეწუხდა - ვაი ოჯახო,
ალბათ გაყიდეთ ადგილი,
უკაცოდ სულაც არ არის
თავის გატანა ადვილი.

ვინ იცის რასა იქმიან,
ცხოვრება არის მზაკვარი...
აგებ პატრონმა იცოდეს
ჩემი ოჯახის გზა-კვალი.

უცებ მოესმა კისკისი,
ხმა იცნო - ჩემი ცოლია...
ვიღაც სხვა თაგვთან არშიყობს,
თითქოს ქმარი არც ჰყოლია.

თავი ჩაღუნა თაგუნამ,
დრომ დაარღვია პირობა,
დღეს კაცი დანამატია,
ქალია წინაპირობა.


18.2.2010

No comments:

Post a Comment