Tuesday, August 20, 2013

პოეზია 8

გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა

მე დავიღალე, ძალა მეცლება,
მინდა ვილოცო, გამომდის ურვა,
ყურში ვიღაცა მეჩურჩულება
- გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა.

დღეს მე ვისჯები სიყვარულისთვის,
უსამართლობის არ მსურს ატანა,
სურთ, რომ მომიკლან ცხოვრების ჟინი
- სიცოცხლე არის თავის გატანა.

თვალთ მებინდება, ნუთუ ვნებდები,
სხეულს მოედო ცეცხლივით ხურვა,
ვიღაც ჩამძახის - ესეც ჩაივლის,
გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა.

არ დანებება ჩემი წესია,
თუნდაც მივიღო ამისთვის კრულვა,
სიბნელეს მუდამ მოსდევს სინათლე,
გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა.

21.10.2009

 ***

ვიღაცა დამცინებს, ვეტყვი - მართალი ვარ,
მიხვდებით, როცა დრო გავა,
მხარს ვეღარ დაგიჭერთ, თქვენი აღარ მჯერა,
ქუდს დავიხურავ და წავალ.

წყნარად ავუყვები ცხოვრების ბილიკებს,
მაქვს საკეთებელი ბევრი,
თქვენთან ვერ დავდგები, თქვენს რიგებში სჭარბობს
გრძნობაშეზღუდული წევრი.

სოციოპატები ჰქმნიან პოლიტიკას,
ხალხი უსახსრობით კვდება,
ვინც რომ რამე იცის, ვისაც შეუძლია,
ყველა თამაშგარეთ რჩება.

ვიცი, დამცინებენ დროს რომ ვერ მოვერგე,
მე გზას გავყვები ჩემს სავალს,
დროში განისჯებით, რადგან მართალი ვარ,
მიხვდებით, როცა დრო გავა.

4.11.2009

აპოკალიფსური ღამე

მზე ღრუბლის უკან გადამალულა,
მიწა ნელ ცეცხლში იწვის,
თავს იწონებენ დემაგოგობით
ნაბუშარები სიძვის.

გზას აფთრის ხროვა შემოსევია,
თვრებიან მგზავრთა სისხლით
და მოსდებიან მაჯლაჯუნები
ქალაქს, დაფარულს ნისლით.

კაცნი ერთმანეთს ვეღარა სცნობენ,
ეშმაკს დაუდგამს ტახტი,
ქაჯნი ანცოდენ, შუა ქალაქში
გაუმართიათ ლახტი.

ცოცხზე შემჯდარი ავი სულები
დაკიდებულან ცაში
და აყრანტალებს ენას ყორანი,
არის სიმღერის ცდაში.

ჯარისკაცებად დგანან ჭინკები,
ქალაქს იკლებენ სტვენით,
რიგში დამდგარან ნაბუშარები
ეშმაკის ტახტთან ძღვენით.

თითქოს დღე არის, თანაც ღამეა,
ქალაქს ღრმა ძილით სძინავს,
ვიღაცა ბრიყვი, ოქროს სანაცვლოდ,
ეშმაკს სიცოცხლეს სწირავს.

ქალის წინდებში გამოწყობილი
კაცი კაცს უგებს გემოს,
კაცის ფუნქცია დავიწყებია,
მაინც კაცობას ჩემობს.

ალბათ ღამეა აპოკალიფსის,
ბნელი, უკუნი ღამე,
მწამს, გათენდება დღე სიყვარულის,
ღმერთო, გვიშველე რამე.

14.11.2009

 ***

მანჭვა-გრეხვის სწავლას ვცდილობ,
სარკეს ვემასხარავები...
დღეს ქვეყანას გადააჯდნენ
კახბები და მასხარები.

ძვირი ჯდება ცხოვრება და
ქალმაც აღარ დაახანა
და შეივსო კიდევ ერთი
კახბით მეფის ჰარამხანა.

კახბა გამინისტრებულა,
მეფე ხარობს მაშხალებით,..
კალიგულას ცხენი ჰყავდა,
ეს ერთობა მასხარებით.

ქვეყნად კვნესა-გლოვა ისმის,
ხალხში აურზაურია,
- ვიღუპებით, მოგვეშველეთ,
ჩვენმა მეფემ აურია.

27.7.2010

თამრის

რომ სიყვარულის ზღვა ვიყო,
ვფიცავ, ტალღებში გაგხვევდი,
შემოგაცლიდი საფარველს,
ზეცის წინაშე გამხელდი.

თოვლი რომ ვიყო, ფანტელებს
სულ თავზე გადმოგაყრიდი,
ღაწვებზე დაგადნებოდი,
დარდებისაგან გაგყრიდი.

სიო რომ ვიყო, ჩურჩულით
ყურში გეტყოდი - ფერია,
ეს ჩემი ლტოლვა შენდამი,
შენს ბედის წიგნში სწერია.

29.7.2010

 ***

შენ ჩემს ოცნებებს ესროლე ტყვია
და სიბნელისთვის უღვთოდ გამწირე,
მე ამ სამყაროს შვილი არ მქვია,
თუმცა ყველაფრის ვარ მონაწილე.

ხელს ვაფათურებ, ობლად შთენილი
ბნელში გაფანტულს ვეძებ იმედებს,
მითხარი, ვისგან ხარ მოჩენილი,
ასე ხომ მტერიც ვერ გაგიმეტებს.

შენ ჩემს ცხოვრებას ესროლე ტყვია,
არსებობისთვის უღვთოდ გამწირე,
ვაი, რომ თურმე მე ბრიყვი მქვია
და ამ ყველაფრის ვარ მონაწილე.

5.8.2010

 ***

მე ნარცისების ხანაში ვცხოვრობ,
სულს მოსდებია ყრუ აპათია,
თუ ქვეყნად რამეს სიკეთეს ხედვენ,
სულ ამათია.

სულში სიცივე შემომპარვია,
თუმცა მზე ცაზე ცეცხლად ანთია,
წინ ვიყურები, ვერაფერს ვხედავ,
ვგრძნობ, მომავალი გასამართია.

ყველა მცოდნეა, ყველა ჭკვიანი,
რისთვის და რატომ, კვლავ კამათია,
თუ კიდევ სადმე შენდება რამე,
სულ ამათია.

მე ნარცისების ხანაში ვცხოვრობ...

6.8.2010

 ***

ცხოვრება ერთი გრძელი ომია,
რწმენით იშუშებს კაცი იარებს,
ომმა დამღალა,
სიმშვიდეს ვნატრობ...
მე სიყვარულის ვარ მოტრფიალე.

ერთი პურისთვის ოფლსა ჰღვრის დღე-ღამ
და სხვა ამ ერთის ოფლზე გრიალებს.
ჩემსას მოვითხოვ,
სხვისი არ მინდა...
მე სიყვარულის ვარ მოტრფიალე.

უსამართლობამ დატბორა მიწა
და ყველგან შმორის სუნი ტრიალებს,
განგებავ,
შენგან ვითხოვ სამართალს...
მე სიყვარულის ვარ მოტრფიალე.

ღმერთო,
დიდია შენი არსება.

11.8.2010

ქარის მოტანილს ქარი წაიღებს

დღეს მასხარების არის ქვეყანა,
ძალაუფლება ძალით აიღეს.
მე ვცდილობ ჩემი შრომით ვიცხოვრო,
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.

ჯიბეში ხელებს გვიფათურებენ
- ხალხი ბრიყვია, ვერას აიგებს!..
ცივად შევსცქერი და გულს ვიმშვიდებ,
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.

დაგვცინიან და თან გვაშინებენ,
სინდის-ნამუსი ფეხქვეშ გაიგდეს,
თუ სადმე ვინმემ ხმა ამოიღო
ყველა ჩაქოლეს, არვინ დაინდეს.

მე მშვიდად ვზივარ და ველოდები
გმირს, სიცოცხლეს რომ მსხვერპლად გაიღებს...
ერთი დღე ქვეყნად ვის შერჩენია,
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.

13.8.2010

 ***

მთავარსარდლობს კურდღელი და კინოს იღებს თხუნელა,
ყველაფერი იყიდება, ნამუსი და ღირსება,
კანონს სწერენ ვირთხები და ქველმოქმედობს წურბელა,
ვინც არ შრომობს, ყველა ხარობს, ოქრო-ვერცხლით ივსება.

ყვავი მღერის სერენადას, რა, რომ სმენა არა აქვს,
აღტაცებით უკან სდევენ დაუღლელი ფანები,
ვინც ათამდე თვლა არ იცის განაგებენ დროებას,
ყველაფერი დათვლილი აქვთ, წუთები და წამები.

ლომი სახლში წინდებსა ქსოვს, თავს გატანა სჭირდება,
კატა თაგვებს ემალება, ცახცახს აუტანია,
მგელი? კაცი რას არ იზამ როცა გაგიჭირდება,
მინდორს ხნავს და ხორბალს სთესავს, კალოც გაუტანია.

ღორიც შრომობს, ფინანსები ჩააბარეს ღრუტუნას,
თხა კიკინებს, მეც მინდაო მთავრობაში ადგილი,
მხოლოდ ვირი, ძველებურად, ჭაპანს ზიდავს ყოველდღე,
ქვეყანაზე ვირად ყოფნა არ ყოფილა ადვილი.

20.2.2010


No comments:

Post a Comment