Tuesday, August 6, 2013


პოეზია 3           

 * * *
ორასი წელი შენსკენ გზას ვეძებ.
ორასი წელი, არც თუ ბევრია
და სიყვარული, შენთან რომ მომაქვს,
უსასრულო და ბედნიერია.

ზეცით მოსული მირაჟად მოსჩანს _
მიწაზე ცრუა. . . არაფერია.
მე გაზიარებ მარადისობას
ჩემი ოცნების ნორჩო ფერიავ.

ბევრს არ ვნატრულობ ამ ცხოვრებისგან,
მარტოსულს ქოხიც მეყოფა ისლის.
მიწას რომც მოვწყდე, შენთან ვიქნები,
ვერ შეგაშინებს ჟამი და ნისლი.

ორასი წელი არც თუ ცოტაა.
თითქოს ოცნებაც გადამერია. . .
და სიყვარული, შენთან რომ ვტოვებ,
უსასრულო და ბედნიერია.
                                     
 1997
          
  ***
მიწის მტვერისგან მე შემქმნეს, კარგო,
ჩემი ნეკნიდან - შენი სხეული,
მე შენმა ვნებამ დამსვა მიწაზე,
შენთან ერთად ვარ, და ვარ ეული.

შენმა თვალებმა მომაჯადოვა,
თითქოს ჩამიძვრა სულში გრძნეული,
- მე შენ მიყვარხარ! - შემოგძახებ და
ცოდვილ მიწაზე დავძრწი ეული.

შენ ხომ ჩემი ხარ, ჩემი ნაწილი...
თითქოს არრა მაქვს მე იჭვნეული.
მიწით შექმნილმა მიწა დავიპყარ
და სამყაროში დავალ ეული.

დღეს მიწას მართავს კაენის მოდგმა,
აბელის სისხლით გადარეული,
და მახსენდება დღ შესაქმისა
- თუ როგორ მოველ ქვეყნად ეული.

                მერე კი 
მიწყივ რომ კისერზე მომდო საყევარი,
იშელში შემაგდო მონად დაცემული,
ყისმათს არ დავწყევლი,
ვნებათუქონელო,
ავლზე გიგალობებ ვნების გაცემული.
რიალ _ გამოვლილი
ხორცს შევასხამ პათოსს,
ავლესავ სატევარს
რაჟამს გავცოფდები.
. . . მერე კი მიფრთხილდი.
                                
1983 .
      
  მე მინდა მწამდეს

მე მინდა მწამდეს,
რწმენა შვებას ანიჭებთ მოკვდავთ.
მე მინდა მწამდეს,
ჩემი სული სითეთრითა და აღმაფრენით ღვთაებრივს ჰგავდეს.                                                                                                                                                                                                       
მე მინდა მწამდეს.
რომ სიკვდილმა ვერ შემაშფოთოს.
მე მინდა მწამდეს.
                                    
1978 .       
           
 მე მარტო დავრჩი

მე მარტო დავრჩი,
დავრჩი პირისპირ მთელს სამყაროსთან დედიშობილა.
მე მარტო ვდგავარ
და ჩემთან ერთად დგას სიყვარული_მხოლოდშობილი.
 მე შენზე ვფიქრობ:
 ისევ თავიდან?..
გაურკვევლობა მძიმე ყოფილა.
შენმა არსობამ შემაძლებინა,
რომ დავრჩე მარად კეთილშობილი.

მე მარტო ვდგავარ.
ჩემს მარტოობას შენზე ფიქრები ავსებს პატარავ.
მე მარტო წავალ
და შენს სახებას თან გავიყოლებ სამყაროს მიღმა.
შენმა ძიებამ გამზარდა ასე
მთელი მსოფლიო შემომატარა.
ამავე სახით შეგვხვდები ისევ,
სხვა სახეს მე ვერ ვიგუებ ნიღბად.

მე მარტო დავრჩი...
ჩემი ნიღაბი ჩემი არსობის ზუსტი ასლია.
დავრჩი პირისპირ მთელს სამყაროსთან
სიყვარულისთვის გადაცდომილი.
როდის ყოფილა, ჩემო პატარავ,
ჭეშმარიტ გრძნობას დრო გადასვლია.
კვლავ რომ გიპოვო,
მე დავბრუნდები ცხოვრებისაგან გამოწრთობილი.

მე მარტო ვდგავარ
და ვერ მაშინებს ქაჯეთის ციხის ყრუ გალავანი.
მე დავბრუნდები ვით ქარიშხალი,
რათა ავხვეტო მდელოზე სილა.
გამოჩნდებიან სილის ქვეშ ვარდნი,
ეს იყოს შენთან ჩემი თავანი...
და დარჩებიან ქაჯნი ზღაპრებში
..., ღმერთო, იქით მათი სინსილა.

მე მარტო დავრჩი,
ვდგავარ პირისპირ მთელს სამყაროსთან დედიშობილა.

                              1998         
 *    *    *
მაჯერებ, ასე გგონია,
რომ ერბო ქონი მგონია.
ბოზს ყველა ბოზი ჰგონია,
ვინც ქვეყნად გაუგონია.

მზე პირს იბანს და წარღვნად თვლი.
გუბურა შენთვის ფონია.
ტრაკზე იკერებ სუყველას,
რაც კი ამქვეყნად ქონია.

საჯდომი სკამზე მიგირბის,
მდელო რა დასაჯდომია.
მუცელში იყრი ყველაფერს,
ახალია თუ ყროლია.

თვალებზე ხელებს მაფარებ,
ვერ დავინახავ - გგონია,
რომ ლუკმა ყელზე რომ მადგას
ერბო კი არა, ქონია.

2004

                * * *
მაწევარს ველოდი შენი გზიდან,
აგებ არ გამწიროს ჭროღა თვალიანმა,
იახა ჩაიხსნას, ხატზე დამაფიცოს,
არც გამაგულისა და არც დამიამა.

ჟავი მომასხურა, ჟავი აჟივჟავდა,
ღელედ გადაიქცა, ღელე აღვარცოფდა,
ენაზე ვიკბინე, ენა დამიბლაგვდა,
ნირი წამიხდინა, ავლზე მაგალობა:
_ ტანი აიყარეს უკვე ტირიფებმა!
_ ითმენდე სათმენსო _ სულმთლად გამაცოფა.
                                
 1983 .

 *  *  *

ქვეყანას მართავს მასხარა.
ავი დაგვიდგა ჟამი.
დღეებს ვინ ჩივის, ტკივილად
გვექცა ყოველი წამი.

თითქოსდა ჩვენი არ გვყოფნის,
სხვა ქვეყნისშუტიგვჩინჩლავს
და გაწამებულ სამშობლოს
სულ მისხალ-მისხალ გვცინცლავს.

მასხარა სულში გვაფურთხებს.
შუტიგვიხვავებს გვამებს:
- მოიშორეთო მასხარა,
მე გაგიმრავლებთ გვარებს.

მასხარა სხვისი კაცია
შუტსჯანდაბისკენ ვგზავნი.
ვინ ვარ მე, წუთისოფელში
ერთი უბრალო მგზავრი.

სიმდიდრედა მაქვს ღირსება
და არც მქონია სხვა რამ,
რა თავში ვიხლი მასხარას,
შუტირომ გამოთხარა.

ორივ მგლის ლუკმაც გამხდარხარან! . .
ჯანდაბას ავი ჟამი.
მინდა ვიცხოვრო კაცურად,
თუნდაც სულ ერთი წამი.

27.08.2008

მე მაინც მოვალ

ვგრძნობ, რომ ძალიან დავიღალე, ასე აღარ მსურს...
თითქოს ვიღაცა კალენდრიდან ცხოვრებას ხევდა.
ათასი ჟამი იარებად დამმჩნევია სულს.
მიმქრალ თვალებში ჩამმალვია სიცოცხლის სევდა.

ციხის კედლებში ცაკეტილი რაღაცას ველი...
და ვგრძნობ, როგორც აქ, ქვეყანაშიც მეფობს წყვდიადი.
მაგრამ მე მაინც მირჩევნია ცხოვრება მგელის,
თავისუფლება ხომ ნიჭია, ნიჭი დიადი.

გადავიღალე, დრო გაჩერდა, აღარ იძვრება.
გისოსებს მიღმა სივრცე მოსჩანს, არაფრის მთქმელი...
აქ სიყვარული არა ფასობს, ქრება ღირსება
და მოჩვენებებს ვეომები ბებერი მგელი.

მე მაინც მოვალ, ვიცი, კარგო, გავანგრევ კედლებს,
შენთან მოვალ, რომ მომიშუშო ყველა იარა,
და გეტყვი - მიცან!?  ისევ ის ვარ, სული მარადის,
უბრალოდ ხორცმა ჯოჯოხეთი გამოიარა.

              * * *
                            “ კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან
                                                               მათე 10. 36
შენ შენს გულს ახრჩობ შენს გარშემო ჩამდგარ ჭაობში.
დრო ბოროტია, კაცის მიერ შექმნილი, ჩემო.
თუ შეიმეცნე სიყვარულის ანი და ჰოე,
მაშინ ყველა სხვას ეკარგება ფერი და გემო.

ენებს ნუ უსმენ, უგულოა მათი ყიყინი
და სოციუმის მქისე სიღრმე _ მოვალეობა.
ჭაობს შიში აქვს, მდინარება სიმყაყეს ართმევს
და სიყვარულში ერითმება სულმოკლეობა.

მწარე სიმართლე: კაცის მტერი _ გარემო მისი.
კუჭის სიმაღლე _ მისი ხედვის თვალსაწიერი.
მათი გრძნობაა _ ნათესავნი, სისხლი და ხორცი.
უცხო მცნებაა სიყვარული, გადამთიელი.

მე ჩემსას ვცდილობ და თუ შევძელ ჭაობის დაძვრა
და შევძლებ, თუკი გავამყარე გულში გონება,
მდინარებაში გამოვწმინდავ დალექილ ნაგავს
და კუჭის ნებას ვეღარავინ დაემონება.
                                           

1998

No comments:

Post a Comment