Tuesday, August 6, 2013

პოეზია 2

ულამაზო

ყველანი ვყოფილვართ ალბათ ზღვის სანაპიროზე,
კენჭებიც გვიგროვებია დიდხანს,
ნაწილი გადაგვირჩევია და გადაგვიყრია.
ულამაზოაო _ გვითქვამს.

რანაირნი ვართ ადამის შვილები,
წარსულსაც კარტივით ვაწყობთ,
მახსოვრობაში შემოგვრჩა დღეები,
მხოლოდ ის, რომელიც გვაწყობს.

და ხშირად, წმინდა სიყვარულისთვის
ხელი უგულოდ გვიკრავს,
თავის მართლებას თუკი მოგვთხოვდნენ,
ულამაზოაო _ გვითქვამს.

ხშირად გვივლია სახეზე ნიღბით,
თავისუფლებისთვისაც დაგვისვამს ზღვარი,
გარედან ლამაზნი გამოვჩენილვართ და
შიგნიდან გაგვჩენია ბზარი.

მრავალი ჩავარდნა,
მრავალი ჭაობი,
მრავალი ყორანა რაში.
მრავალი ტკივილი,
სიმწრის ღიმილი და
ბზარის შეპარვა ხმაში.

და მაინც,
ულამაზოა - ვთქვი და
გადავისროლე ზღვაში.
                                   1978 .                      
    ***
ქვეყანა აავსო ბალღამმა,
შიმშილი ზნეობას ჯაბნის.
ვიღაცამ მომენტი გაუშვა
და ახლა ქვეყნიდან გარბის.

ვიღაცამ ნამუსი გაყიდა,
იმ ფულით გაშალა სუფრა.
ერთი მზის გულზე ნებივრობს,
სხვებისთვის ცა მოიქუფრა.

ვიღაცა წინაპრებს აგინებს,
მომავალს უტოვებს ვალებს,
მერე,რომ ამ მიწას ვერ იტანს,
ავა და ჰაერში დალევს.

ქვეყანა დასივდა ბოღმისგან,
შიმშილი ავიწყებს ტკივილს,
რას ველი ამ ჩვარი მოდგმისგან,
ღრიალის სანაცვლოდ კივის.

ხელგაწვდილს ვერავინ ვერა მცნობს
- რასა გვთხოვ, რაც არ გვაქვს თავად...
- მე თქვენი ერთობა მჭირდება,
სიყვარულს გთავაზობთ წამლად.

ხელს ჩაიქნევენ და გარბიან,
ალბათ და ვგონივართ ხელი
- მე თქვენთვის მოვედი ამ ქვენად,
გზა გამოვიარე გრძელი.

სხვამ მითხრა - მერე და ვინ გთხოვა,
ჩვენ ჩვენი დარდებიც გვთანგავს...
- ვერ ხედავთ, რომ ამ თქვენ ცხოვრებას
სატანა უაზროდ ფლანგავს!?

ქვეყანა გამხდარა თვითმკვლელი,
შიმშილი ზნეობას ჯაბნის,
სატანა გვიწესებს მომავალს
და შემდეგ ფურცელზე ჯღაბნის.

  ***
სხეულს დაეუფლა მყრალი სინამდვილე,
თითქოს ნაგვის სუნად ვყარვარ,
ვერაფრით მოვერგე ამდენ სიბინძურეს
- მე ამ სამყაროდან არ ვარ!

გარემო მიშორებს უცხო სხეულივით,
მე ხომ მათ არაფრით ვგავარ.
ასე იღუპებით! - ვერ გავაგებინე
- მე ამ სამყაროდან არ ვარ!

თითქოს ჩართულია მტკიცე მექანიზმი
თვითგანადგურების კოდით,
ქუჩას მოსდებიან თვალებამღვრეულნი
რეპით, სექსითა და მოდით.

სულით მდაბიონი, სიტყვით ღარიბები
ხარბად ეძლევიან ვნებას,
კაცი კაცსა ჰკოცნის - უნდა პატივი სცე
კაცთა თავისუფალ ნებას.

სრული სიბნელეა... მე ვერ დავზავდები,
მე ხომ მათ არაფრით ვგავარ.
მე ვერ მოვერგები ამგვარ სიბინძურეს,
მე ამ სამყაროდან არ ვარ!

   სიზმარი
უცნაურმა ზმანებამ,
სულთა ორომტრიალით,
ამაფრინა ზესკნელში,
ზეცას შუბლით მახალა.
და გაიხსნა ზეკარი.
ამონათდა ცისკიდე. . .
უცნაური ქალაქის
შესასვლელთან ამყარა
ყველა სულმოკლეობა.
_ უნდა გექნეს მეობა
გამჭვირვალე მინაზე
და მსუბუქი ჰაერზე,
თორემ ხორცის ტყვეობა
და ვიღაცის ჯინაზე
უსასრულო ღრეობა,
ამ ცხოვრების გასაყარს,
მართლაც ძნელად ასატანს,
ამ ქალაქში შეგაგდებს.

და ათასი ვაებით,
ათასების მოლოშვნით,
თუ გახვედი ბოლოში,
იქ დაგხვდება ვეება
ბოროტების ღვთაება
და თუ კიდევ გადარჩი,
დაელოდე დანარჩენს,
სამართლიან განაჩენს,
შენი ნამოქმედარის.

უცნაურმა ზმანებამ
სულთა ორომტრიალში,
იდუმალი ქალაქის
შესასვლელთან დამტოვა.
_ და თუ დღემდე მარტო ვარ,
აწიც ვიყო, რა მოხდა. . . _
ანგარიში არ მადროვეს. . .
ქალაქიდან გამოხდა
შვიდი ჯარისკაცი.

ხაკისფერი ქუდებით
თავებდამშვენებულნი,
მოელვარე შუბებით
დამესია შვიდივე.

არ ვარ _ მეთქი დამნაშავე
თქვენს წინაშე არც რაში. . .
ყურიც კი არ შეიბერტყეს,
იმ უცნაურ ქალაქში
ჭიტლაყებით შემაგდეს.

უსიცოცხლო ქუჩაზე
რა ხე, რის ხე, ნასახიც
არსად ჩანდა ბალახის.
მხოლოდ ქვაფენილი. . .
შემომერტყნენ გარშემო
ვიღაც, კაცისმაგვარნი
და უაზრო ჭყვიტინით
და უაზრო ყაყანით
ტრიალებდნენ მალაყებს.

არ უჩანდა ბოლო
ამ ჩვენს ტანჯვა _ წამებას.
ამდენ ყაყან _ მალაყში
თავგზა სულმთლად ამებნა.

და ვინატრე ჰუნე,
რომ გავცლოდი ქალაქს
_ აგებ ამათ გადავრჩე,
მივსღწიო ალაგს
და მივიღო დანარჩენი
სამართლიან განაჩენად
ჩემი ნამოქმედარის. _

ახლა ჰუნეს გარშემო,
ისევ ჭყვიტინ _ ყაყანით
ტრიალებდნენ მალაყებს
ვიღაც, კაცისმაგვარნი.

დავიწყევლე გაჩენა,
და ავღმართე მარჯვენა
(აღარ მახსოვს საიდან,
ხელთ მეჭირა ხმალი).
ხელის ერთი მოქნევით,
როგორც შემოდგომაზე
ხეს ყვითელი ფოთლები. . ,
ათ კაცს გაძვრა თავი.

ჩემდა გასაოცარად
ცხენი იდგა ბორბლებზე
და უკანა ფეხებზე
შემოწვნოდა გოდორი.

ათ კაცს გაძვრა სული. . .
ათი იქცა ათასად.
ასე გორავ _ ჭენებით
ჩემს გოდორში დაზვავდა
უთვალავი თავი.

ქვაფენილის ბოლოში,
გასასვლელთან ქალაქის,
ქანდაკების მაგვარი თუ
ცოცხლად ნაქანდაკარი,
ბუმბერაზი ურჩხული
დარაჯობდა ალაყაფს.

ატორტმანდა, გამძვინვარდა,
სისხლიანი თვალები
მომანათა, შემომისხა
ცეცხლისფერი ალები.
მომისაჯა წამება.
და შევძახე ურჩხულს მაშინ
_ უსახურო ზმანებავ
ჰა, მიირთვი კაცის ხორცი
და გზა მომე, წავიდე. . . _

და რა ხორცი, გოდორიდან
ამოვიღე ნაგავი. . .
ჩამოინგრა ეს ურჩხული
ქანდაკების მაგვარი თუ
ცოცხლად ნაქანდაკარი.

უსიცოცხლო ქუჩაზე,
ხე კი არა, ნასახიც
რომ არ ჩანდა ბალახის,
აყვავილდა ბაღნარი.
ავმსუბუქდი, ავფრინდი და
ისევ ორომტრიალში. . .
გამეღვიძა დაცემულს.

   1980 .
  
   ***
სასამართლოში ტურა მსაჯულობს,
ბრალმდებელია ვირთხა,
მოწმედ თხუნელა მოუყვანიათ,
მეტი რა უნდა გითხრა.

განსასჯელი ჰყავთ ბებერი ვირი,
რეციდივისტი ძველი
ახლა რაღა ჰქნა? ამ უნამუსოს
შეუჭამია მგელი.

- მე ვირის დასჯას მოვითხოვ მკაცრად! -
ვირთხამ ასწია თათი:
- ადრეც, ხომ გახსოვთ, თხუნელამ ნახა
როგორ შეჭამა დათვი.

კუზიანს მიწა გაასწორებსო,
ოდითგან არის თქმული,
მე მოვითხოვ, რომ ამოვიშანთოთ
ეს ჩირქიანი წყლული. –

ტურა დაფიქრდა: ვაითუ...თუმცა
ცხოვრება გახდა ძვირი:
- ვირთხა სწორს ამბობს, მთელი სიმკაცრით
უნდა დავსაჯოთ ვირი.

 სათვალიანი ვირთხა

ერთგან, ვირების სამფლობელოში
ვირთხა მმართველად მოჯდა,
თუ სადმე, ვინმე თვისტომი ჰყავდა,
მთელი ვირთხების მოდგმა

მოიყვანა და გვერდით დაისვა
და გაუმართა ხელი
- ჩვენ, ძმაო, ჯიშის გატანა ვიცით,
ვირთხა ვართ, განა მგელი.-

მაგრამ სადღაცა, ნაგვის ბუნკერში,
ერთი პატარა ვირთხა
თურმე სუყველას გადაავიწყდა,
ვერ შეაწიეს სიტყვა.

ერთხელ, სასუსნავს სადაც ეძებდა,
იქვე სათვალე ნახა,
თავში აენთო ნათურა უცებ
- არ იქნებაო გლახა...

ცხვირზე სათვალეს წამოვისკუპებ
და ბრძნულს მივიღებ იერს,..
მერე? , მერე თავადაც ნახავთ...
- ეღიმებოდა ცბიერს.

ისე მიადგა მმართველს კარებზე
არ ეტყობოდა დაღლა,
თათი დაიდო ბრძნულად მუცელზე,
თავი ასწია მაღლა.

ფეხით შეაღო სასახლის კარი,
- შეხეთ, არა აქვს რიდი...
- ცხვირზე სათვალე წამოუცვია,
ალბათ ბრძენია დიდი.

და გადახედა მდიდრულად ჩაცმულ,
გაზულუქებულ ვირთხებს
- თქვენ ნამდვილად ხართ დიდი ბელადი,
ამდენ სულელს რომ ითმენთ...

მმართველს ეამა ვირთხის სიტყვები
- აბა რა ვქნაო, ჩემო,
ჩვენი ჯიშია, თან ყველას უნდა
იგრძნოს ცხოვრების გემო.

და თანაც ვირებს ვმართავ, ხომ იცი,
ტლინკთა იციან აყრა,
ერთად ბევრნი ვართ, არ გამოუვათ
აქედან ჩვენი გაყრა. -

- , ან კი რატომ უნდა გაგყარონ?!
... სხვა არაფერი მითხრა!
თქვენ თავად განა ვირები არ ხართ?
მაშ რატომ გქვიათ ვირთხა?

- შენ, ძმაო, მართლა ბრძენი ყოფილხარ!
ამდენ ბრიყვს როგორ ვითმენ...
შენ რომ სამართალს ხელი მოჰკიდო
ვეღარც გაგვყარონ იქნებ. -

ისე ააწყო ვირთხამ საქმე, რომ
ვირი ვირს უწერს დანოსს,
ბოსელში აბამს ურჩ ვირებს, ყველას,
ვერავინ არღვევს კანონს.

ვირთხა ვირია აღმატებულად -
კანონმა ასე გვითხრა
და ვირთხებს იცავს ვირებისაგან
სათვალიანი ვირთხა.

           * * *
რომ გავხელდე ერთხელ,
თუნდაც ერთი წამი,
და განგებით, მეყოს
შეძლება და ნება,
გადვიქროლო მერე
მთელი დრო და ჟამი,
ამოვძირკვო წმინდად
უკეთური ვნება.
რომ დავსრისო ყველა
მოღალატე გული,
არ დავინდო არსად
ბოროტების მონა.
და მივუზღო ყოველს
საკადრისი სრული,
რადგან სინდისს უჯობთ
ოქრო _ ვერცხლის ქონა.
რომ გავხელდე ერთხელ
და დავლეწო ბჭენი,
დამამშვიდებს მერე
სუყვარული შენი?!             

 1997 .   
                   
   * * *
რომ არ დამეძახა, ჩემი სალმობიდან
თავად მოხვიდოდი, მომესალმებოდი.
ისე ვიფიქრებდი, როგორც არასოდეს,
ძალად მომართული აგეფარებოდი.
დამეყრდნობოდი და ჩემი იქნებოდი,
აღარც არასოდეს დამემალებოდი.
                                 
1980 .
***

როდესაც ძალა ჯაბნის ღირსებას,
გულიდარდით და ბოღმით ივსება...
წარსულსაც ბევრი ახსოვს ასეთი,
კაცთა მოდგმაში არც რამ იცვლება.

როცა მავანი ჩემობს მზეობას,
მაშინ ცუდი დრო უდგას ზნეობას...
მამა - ჯანდაბას, მოკლავენ დედას,
თუკი ხელს უშლის ხორცის ზეობას.

როცა უნიჭო ჩემულობს ბრძნობას,
ნიჭში გიწუნებს გულსა და გრძნობას...
ის თავის მსგავსებს იკრებს გარშემო,
ეფიცებიან ერთმანეთს ძმობას.

ვინც წინ გადუდგათ, ყველა გალახეს,
ზოგი ჩაქოლეს, ზოდიც დამარხეს,
და რა გგონია, თვალს მიაფარეს?
იდიდგულეს და ურცხვად გვანახეს.

ვაი, რომ ფასსა კარგავს ღირსება,
სული დარდით და სევდით ივსება,
კაცს ძაღლის გული გადაუნერგეს
და გამოაჩნდა ძაღლის თვისება.

                     * * *
რამდენმა მიღალატა,
ყველას ვაპატიე,
რა ცოტამ მაპატია შეცდომა.
ცხოვრებას ვუყურებდი ვარდისფერ სათვალიდან.
ცხოვრება ვარდისფერი მეგონა.

რა სინდისიო,
რის სინდისიო,
ვიღაცა სიცილით კვდებოდა.
რასაცა შესჭამო, შეგერგებაო,
და სული შიმშილით დნებოდა.

დამცირებაო,
დაკნინებაო,
აიტანე, თუ გჭირდება.
პირფერობაო,
მლიქვნელობაო,
ეს მოგიტანსო დიდებას.

იმას მოიმკი ,
ვიღაცას უთქვამს,
რაცა გაქვს დათესილი.
ღმერთო დიდებულო,
იმის ძალა მომეც,
ვიყო კეთილი.
                       

1978

No comments:

Post a Comment