Friday, August 16, 2013

პოეზია 7

***
მე უზნეობის ვცხოვრობ ხანაში.
დღეს სულზე მეტად ფასდება ლეში...
და ვეწირები ბინძურ თამაშებს,
როგორც უნდილი, დავდივარ წრეში.

გამოსავალი არ სჩანს არსაით.
დაუფარია ქვეყანა ნისლებს.
ვღრიალებ, მესმის ჩემი ხმის ექო,
ყველა დაყრუვდა, ვერავინ მისმენს.

გზას მოერია ნარი და ბარდი
და მასზე გავლას ვერავინ ბედავს...
და მახსენდება როგორ მიყვარდი,
როგორ მიგგვარეს რჩეული ცვედანს.

შენმა ნაშობმა გაგცვალა ვერცხლში,
მკერდზე დაგასხა უცხო ნაყარი
და სხვის ქორწილში გადედოფლებულს
თავად გამოგყვა, როგორც მაყარი.

მე ორგულობის ვცხოვრობ ხანაში.
კვლავ სულზე მეტად ფასდება ლეში...
და ვეწირები ბინძურ თამაშებს,
გზის ძიებაში დავძრწივარ წრეში.

12.7.2011

 ***
მხოლოდ მე ვარ სულელი და
ყველა ჭკუას მარიგებს,
მინდა თავი დავაღწიო
თაღლითებს და ბარიგებს.

მინდა ჩემთვის გამოვნახო
ერთი მყუდრო ადგილი.
ვიოცნებო, რომ ცხოვრება
იყოს უფრო ადვილი.

მსურს იმდენი ძალა შემრჩეს,
ჟამს რომ უნდა დანარჩენს,
რომ კვლავ შევძლო შევებრძოლო
ბედის მღვრიე განაჩენს.

ეს დროც გავა - კარგი, ავი,..
ამას ვიტყვი - ვიცხოვრე,
ხან ვიმარჯვე, ხან დავმარცხდი,
მაგრამ მაინც ვიბრძოლე.

მე სიმართლე მინათებს გზას,
... ვიღაც ბოღმით ივსება.
მე მოვდივარ, ის ვარ, ვისაც
შერჩენია ღირსება.

23.9.2011

 ***
ვისაც არ ეზარება, ყველა ჭკუას მარიგებს:
„მთელი შენი ცხოვრება შეცდომების ჯამია“.
მე ჩემი გზა მომელის, ვიღაც მაინც გამიგებს,
თუ გაქვს ჭკუა-გონება, მოიხმარე ძამია.

ვიღაც ეძებს სიმდიდრეს, ვიღაც - ძალაუფლებას,
ჩემთვის მთელი ცხოვრება შემეცნების წამია.
ამ ქვეყნიდან უკეთესს მე ვერაფერს წავიღებ,
გამეცალე, მოვდივარ გონიერო ძამია!

8.9.2011

 ***
ადრე წასულზე ახლა რაღა ვთქვა,
ახლა რომაა, ესეც ნავსია,
მოსვლას რომ ცდილობს, აბა ეგ არის,
მტერს არ ვუსურვებ, მას რომ ასხია.

აღარ დამთავრდა მატრაბაზობა,
ქვეყანა ცირკის არენას მოჰგავს,
მასხარა თოკზე მალაყებს გადის,
შეშინებული ბრბო ქვემოთ ბორგავს.

თოკზე კი არა, მიწაზე უჭირს,
გული მიგრძნობს, რომ ჩამოვარდება,
და იქვე, ახლოს ჩასაფრებული,
ათი მასხარა გამოვარდება.

ერთი იტყვის რომ უშიშარია,
თოკს ზემოთ ასწევს, იქნება ტაში,
სხვა გაიცინებს - თოკი რად მინდა,
მე ხომ ისედაც დავფრინავ ცაში.

ადრე ვინც იყო, მასზე რაღა ვთქვა,
ახლა რომაა, ო, რა თარსია,
მოსვლას რომ ცდილობს, აბა ეგ არი,..
მართლა ვცხოვრობ თუ... ესეც ფარსია.

12.9.2011

 ***
როგორც დროგი, მიგრიხინებს სევდიანი ჟამი.
ამ სევდაშიც გაერევა ნეტარების წამი.
წამებს მუჭში მოვიქცევ და ნეტარებით ვცხოვრობ.
ცოტა მყოფნის, არასოდეს არ ვყოფილვარ ხამი.

მგზავრი ვარ და ცოტა მინდა, პური ერთი ლუკმა,
ვერ დამძლიოს თქეშმა წვიმამ, სიცხემ და ქარბუქმა,
ღამე მთვარე მინათებდეს ვარსკვლავიან ციდან,
გვერდი ჩუმად ამიქციოს ყაჩაღმა და ქურდმა.

მინდა გზაზე არსად შემხვდეს ბალღამი და ბოღმა,
სიყვარული იყოს მხოლოდ ამ სამყაროს დოგმა,
კაცმა კაცის პატიება უშურველად შეძლოს,
სათნოებით იზრდებოდეს ღირსეული მოდგმა.

მინდა, ქვეყნად აღარ იყოს კაცის კვლა და შური,
სტუმრისათვის მუდამ გვქონდეს მარილი და პური.
მაგრამ ჟამი მიგრიხინებს, დაჟანგული რკინა...
რა ვქნა, მიყვარს ეს სამყარო - სევდიანობს გული.

26.8.2011

 ***
მე წუთისოფლის ვერა გავიგე,
სული ზეცაში ითხოვს ბორიალს.
სანამ ვალი გაქვს, ვერსად ვერ წახვალ,
ძველებისაგან გამიგონია.

მე სიყვარულით მოვივლი ზეცას,
ცეცხლში გამოვწვავ ურჯუკს, ქონიანს.
რწმენას რომ მთების გადადგმაც ძალუძს,
ძველებისაგან გამიგონია.

უშურველია სიკეთე ქვეყნად,
თუმცა ბღენძები ფულით სწონიან.
მადლი ჰქმენი და გზა გააგრძელე,
ძველებისაგან გამიგონია.

13.9.2011

 ხე ნაგავსაყრელზე

ნაგავსაყრელზე ერთი ხე იდგა.
წინ ჩაუქროლა მრავალმა წელმა.
დარდი სტანჯავდა,
ტყე, აქ რომ იყო,
როგორ მოაშთო ნაგავსაყრელმა.

ჟრიამულობდა ტოტებზე ჩხართვი,
დასტრიალებდა ტყეს თავზე ქორი,
იფოფრებოდა ავად აფთარი,
არ სურდა სვავთან საერთო მძორი.

ჭოტს დაეთრია ხის ძირში თაგვი,
მგელი ნადავლის სისხლით თვრებოდა,
ტურა უვლიდა მგელს შორი-ახლო,
აგებ საკბილო მასაც რგებოდა.

ახლა, მარტო დგას ამ სიმყრალეში,
ჟამ-მოწამლული ნელ-ნელა ხმება.
დრო გადაივლის...
ნაგავსაყრელიც...
მარადიულად არც არ რამ რჩება.

14.9.2011

 ***
თუ რამე მტკივა, არც ვის ვაბრალებ,
ჩემი ცხოვრება ჩემი დარდია.
თუ რამ მაცოცხლებს - სიყვარულია,
სხვა რამ ამ ქვეყნად არც მაბადია.

გზაზე, რომელსაც მე დავადექი,
ვარდებს რა უნდათ, ეკალ-ბარდია,
თუ რამე მშველის - ღმერთის რწმენაა,
სხვა იმედები არც რად მარგია.

აღმაფრთოვანებს, ტაშსაც დავუკრავ,
თუ შემხვდა ვინმე, ვინც რომ ნაღდია.
თუ მტკივა რამე - ეს სამყაროა,
მასზე სევდაა, მასზე დარდია.

15.9.2011

***
„ვიღაცა შენზე ცუდათ არი“,
მერედა ვითომ ეს ხეირია?!
„გიხაროდესო“ - მეუბნება,
თითქოსდა ცხოვრება სეირია.

სუფრას უზის და ილუკმება,
მშიერი თვალების არ სრცხვენია,
თანაც ღიმილით მეუბნება:
„იცოდე, ათში ცხრა გამცემია.

ბოღმა ჰკლავთ ჩემს ვაგონში რომ ვერ მოხვდნენ,
ბოლო გაჩერება გოდოლია...
ნაგავი სანაგვეში ჩაიყრება...“
თვალებში სისხლი მოსწოლია.

ხარბად დაეძგერა ხორცის ნაჭერს,
ეტყობა წინდაწინ დაიგულა,
გულში მტკივნეულად გამიელვა
- ალბათ ამას ჰგავდა კალიგულა.

„ახლა ხალხის მტრები მომიხარშეთ“,
ტყემალთან ერთად მოითხოვა,
ჯერ კაცის სისხლით გამოძღა და
შემდეგ ქალები მოინდომა.

ერთი თუ შიმშილმა დაამონა,
სხვას კიდევ სიხარბე მორევია,
ვაი რომ კაცი კუჭს აჰყოლია,
სტომაქი უძირო მორევია.

ბომონდი ხელოვნურ მკერდს გვიღერებს,
ვიღაცა გოლების გამტანია,
ალბათ და საცდელი ვირთხები ვართ,
გვარჩევენ, ვინ უფრო ამტანია.

სიმართლის ეშმაკსაც ეშინია,..
დრო მსგავსებს დროულად აჩერებს.
ალბათ ასეთებიც საჭიროა,
იგი ხომ ჩვენს სახეს გვაჩვენებს.

1.9.2011

 ***
სწამთ, თუ სიხარბეს შეუპყრიათ...
ამბობენ - მამონა მაგარია.
მონების გონებას ვერ ჩავწვდები,
მე ჩემი ცხოვრება მაბარია.

მე ჩემს გზას ვადგავარ, სხვას არ ვეძებ,
სიხარბის შარა-გზა ნაყარია,
მონები იქ დედას ათხოვებენ,
უკან რომ მოჰყვება, მაყარია.

არ ვიცი მე მაგათ რა დავარქვა,
რა კლასია და რა გვარია,
ღორებს მარგალიტებს ვერ დავუყრი,
მე ჩემი ოჯახი მაბარია.

სიკეთეს სიბრიყვის დამღა ადევს,
მამონამ მონები გადარია.
მათთან რა ხელი მაქვს, პირი ქვისკენ...
მე ჩემი სამშობლო მაბარია.


5.9.2011

No comments:

Post a Comment